შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

„პოლარიზაციისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა. როცა ამას ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი? სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან.

მათ მიმართ მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, შემოვიდეს ჩვენს მოედანზე, როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავისი თავი პოლიტიკურ პარტიად და იბრძოლოს ამ ველზე და არა სხვა ველზე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის ველზე, რომ იქიდან კვაზი არასამთავრობო, კვაზი მედიის სახით იყოს და რეალურად, პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია ტრადიციულად, პარლამენტიდან გასვლით იმუქრება. ამჯერად მუქარის ავტორი „ლელოა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, „ლელოში“ ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამ ივლისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, „ლელოს“ საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.