„არახამია ერთ-ერთ ჩვენს ე.წ. ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა და ომის დაწყებამდე არხის დამფუძნებელთან კონფლიქტი მოუვიდა, ვინ იდგა მის უკან, ეს არ ვიცი“

„არახამია ერთ-ერთ ჩვენს ე.წ. ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა და ომის დაწყებამდე არხის დამფუძნებელთან კონფლიქტი მოუვიდა, ვინ იდგა მის უკან, ეს არ ვიცი“

მორიგი, მძიმე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია ტელეგრამში ახალ განცხადებას ავრცელებს და თბილისს ვაშინგტონში „დასმენით“ ემუქრება.

არახამია უკვე მერამდენედ აჟღერებს ბრალდებას, რომელსაც არც ერთი მტკიცებულება არ ახლავს თან და ამის მუხედავად, მის ბრალდებებს ბოლო არ უჩანს, ამჯერად, იგი უკვე იმუქრება, რომ თბილისს ვაშინგტონში დაასმენს და არ მალავს, რომ მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე კვლავ აანონსებს, რომ მალე მტკიცებულებები ექნება, თუ როგორ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დავით არახამია მორიგ მძიმე ბრალდებებს ქართველ მაღალჩინოსნებს ტელეგრამპოსტში უყენებს და იმასაც ამბობს, რომ დეპუტატებისა და მინისტრების საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მალე გასაჯაროვდება. აფრთხილებს ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც.

„შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბ-ნი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში. მაგრამ მე უნდა გავუცრუო იმედები ყველას, ვინც გადაწყვიტა ფულის გამომუშავება უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე. ასე არ იქნება და პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. ჩვენ მალე გავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა“,- წერს დავით არახამია ტელეგრამში.

კიევიდან გზავნილებს მალევე უპასუხეს თბილისში. დავით არახამიას განცხადებებს მმართველ პარტიაში აბსურდული და უსაფუძვლო უწოდეს. უმრავლესობის წევრებისთვის ეს არის ორკესტრირებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგ ბრალდებაზე პასუხს კვლავ ხელისუფლებისგან ელის და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ხელისუფლება ბრალდებებს დროულად გამოეხმაუროს და პასუხიც გასცეს.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი შეცდომაშია შეყვანილი. მძიმე ბრალდებების გასამყარებლად დავით არახამიას ურჩევენ, მტკიცებულებები გაასაჯაროვოს.

უკრაინელი პოლიტიკოსის მორიგი ბრალდებები მმართველ გუნდში არც დღეს გაკვირვებიათ. უფრო მეტიც, დავით არახამიას „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრედ და წევრად მიიჩნევენ. თბილისში ამბობენ, რომ კიევის პოლიტიკური ელიტის ნაწილი საქართველოს დისკრედიტირებას უკვე თვეებია მიზანმიმართულად ცდილობს, რაც მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ აყვება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადას მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებასაც მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, ოფიციალურმა კიევმა თბილისის მიმართულებით არაერთი ბრალდება გააჟღერა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დავით არახამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, საქრთველოში არსებულ ე.წ. ოპოზიციურ მედიასთან ერთად სინქრონულად მოქმედებს, რადგან არახამია მიხეილ სააკაშვილის თამაშის ნაწილია და მისი განრიგით მოქმედებს.

„არც გამიკვირდება თუ დავით არახამია ე.წ. მტკიცებულებებსაც კი წარმოადგენს, რომელიც შეთითხნული ტყუილი იქნება. შემდეგ კი მყისიერად ამას სამი ე.წ. ოპოზიციური მედია აიტაცებს და საზოგადოებას ამ ტოქსიკური ტყუილით მოწამლავენ. ფაქტი ერთია, რომ ამ ბრალდებებს საფუძველი არა აქვს. მით უმეტეს არახამიას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია. ხალხი კარგად მიხვდა ვინც ბრძანდება და ამ გაბანროტებულმა ფიგურამ რაც არ უნდა მოიგონოს, საზოგადოება არ უჯერებს. საქართველოში მას მხოლოდ ნაცტელეარხებზე უსმენენ და იქაც აღარ სჯერათ. ჯერ ერთი, უცხო ქვეყნის ჩინოსანი საქართველოს საქმეებში როგორ უნდა ჩაერიოს. დიდი ალბათობით, ის ამას ანგარებით და ვერცხლის მოყავრეობით აკეთებს“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ არახამიას ფულს დავით კეზერაშვილიც უხდიდეს და სწორედ ამ ანგარების გამო ის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს არ იშურებს. აბაშიძე ამბობს, რომ როდესაც უკრაინაში გაგანია ომია, მას საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს საქართველოში რა ხდება.

„მისი წარსული იმაზე მეტყველებს, რომ არახამიას უცხოური ვალუტა ძალიან უყვარს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის კეზერაშვილის მხრიდან სარფიანად სპონსორდებოდეს. ის, რასაც არახამია აკეთებს, დეზინფორმაცია და პოლიტიკური შულერობაა, ამას პოლიტიკური აფერისტობა ჰქვია. ამ შავი პიარით სურს, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა გაუფუჭოს. ამერიკაშიც და დასავლეთის სხვა ქვეყნებსაც უძლიერესი დაზვერვა ჰყავთ. ამიტომ, თუკი საქართველოს წინააღმდეგ რამე ხელჩასაჭიდი აქვთ, ისინი ამ ინფორმაციას თავად გაახმოვანებენ და ამისთვის ვიღაც არახამია არაფერში სჭირდებათ. არახამია ჩემთვის არის, როგორც მაგალითად, საქართველოში ლევან ხაბეიშვილია. ასეთი ტიპაჟები, რომლებიც პოლიტიკურ აფერისტობაში არიან შემჩნეულები, ყველა ქვეყანაში არიან და მოიძებნებიან. მათი მავნებლური აქტივობები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არახამია 3 ივლისის დაგეგმილი აქციისთვის სჭირდებათ და წინასწარ საზოგადოებაში ნიადაგს ამზადებენ, რომ ქვეყანაში საპორტესტო მუხტი გაზარდონ. ეს არ გამოუვათ, რადგან ეს კაცი საქართველოში უკვე ყველაზე დიდ აფერისტად არის მიჩნეული“,-ამბობს აბაშიძე.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუ არახამია რამის გამომჩენია, სჯობს დროზე გამოაჩინონ, თორემ ამ თავიაანთი გაუთავებელი დისკრედიტაციით უკვე ყველა შეწუხდა. არეშიძე აცხადებს, რომ მთლიანად ქვეყნის დისკრედიტაციით უკვე ტვინი წაიღეს. მისი თქმით, არახამიას ლოგიკით გამოდის, რომ ხელისუფლება ასეთი უზნეო გვყავს და ქართველი ხალხი ამას ადვილად ყლაპავს. თან ამაზე პროტესტის გრძნობაც არ უჩნდებათ.

„არახამიას მიმართ ქვეყანაში უკვე ისეთი განწყობა შეიქმნა, რაღაცა დოკუმენტაცია მართლა რომ წარმოადგინოს, ჯერ რისი წარმომდგენია, მაგრამ დაშვების დონეზე რომ ვისუბროთ, მაინც არავინ დაუჯერებს. ამ ადამიანის მიმართ ძალიან დაბალი ნდობა არსებობს. არახამიას ლოგიკა ასეთია, მე მითქვამს და თქვენ აწი თავი იამრთლეთო. მის ბიოგრაფიას რომ გადახედოთ, ხან ერთ პოლიტიკურ ძალაში იყო, ხან მეორეში და ხან მესამეში. ჩვეულებრივი მედროვეა, როცა, როგორ სჭირდება ის იქცევა და ლაპარაკობს. სიტუაციიდან გამომდინარე როგორც აწყობს ისე ლავირებს. ადრე იანუკოვიჩთან იყო, ახლა ზელენსკისთან არის. მაგისი კავშირები ძალიან საინტერესოა, რადგანაც ყოველთვის ცდილობს მმართველ ძალასთან ახლოს იყოს.

არახამია ჩვეულებრივი მედროვეა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ერთ-ერთ ჩვენს ე.წ. ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა, ხოლო ომის დაწყებამდე არხის დამფუძნებელთან კონფლიქტი მოუვიდა, სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ჯერჯერობით ამ მედიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა საკმაოდ სანდო ინფორმაცია მაქვს. არახამიას აზრით, ეს ტელეკომპანია და მისი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებდნენ. ეს ფული არახამიადან მოდიოდა, მაგრამ ვისი იყო და ვინ იდგა მის უკან, ნამდვილად არ ვიცი“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, ცხადია უსიამოვნოა, როცა შენივე თანამემამულე და ერის შვილი მსგავს უმსგავსობას აკეთებს, თუმცა თავად ქართველი ერის ნაწილად თავს რამდენად მიიჩნევს ნაკლებად ეტყობა. არეშიძე ამბობს, რომ როცა უნდა არახამია ქართველი ერის შვილია, როცა უნდა უკრაინის შვილია და ასევე რუსეთის შვილიც იყო.

„არახამია კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიის „რუხის“ წევრი იყო. ამიტომ კონკრეტულად ჩანს ვის ინტერესებსაც ახმოვანებს. ამერიკას თუ აქვს რამე ინფორმაცია საქართველოში ვიღაცების მხრიდან უკანონო მოქმედებაზე, ამას არ გამოვრიცხავ. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნილ ქაოტურ სიტუაციაში ხვრელი იპოვონ. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ნაწილი მესამე ქვეყნებში იყიდება. კონკრეტულად ვიცით იმ საბაჟოს ხელმძღვანელის გვარიც, ვინც ეს პირველი ნაბიჯი გადადგა, ვინც მფარველობს ისიც ვიცი. სხვათა შორის ისიც - ერმაკმა და ზელენსკიმ რაზე იჩხუბეს. ეს ადამიანები დღემდე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრი და მოყოლა უხერხულია. უკრაინის დაფინანსებაზე ვინ რამდენი და როგორ იშოვა, რამხელა ფული გაკეთდა ზოგიერთი უკრაინელის თუ დასავლელი ჩინოვნიკის მხრიდან, გაზის საკითხთან დაკავშირებით რა ფულს ჭრიან ესეც ვიცით. ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ამას ხომ არ ვაკეთებთ. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ არახამიას ტყუილებს და დეზინფორმაციას საერთოდ ყურადღება არ უნდა მიაქციოს. კომენტარებიც კი არ გააკეთონ. არახამია ახლა საქართველოდან მიღებული კონტრგანცხადებებით განაწყენებულია და შურის საძიბელად ახალ ტყუილებს იგონებს“, - ამბობს არეშიძე.

ჯარჯი ეს რუსი ღამურა რა არამზადა ყოფილა. მივიდეს და დაასმინოს თურქეთი, თუ ასე ეწვის გული უკრაინაზე. გუშინ კალინმა პირდაპირ განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შევუერთდებითო
1 წლის უკან
trampi ვინ აფინანსებდა და ....................................... რად უნდა მაგას კითხვა
ბიძაჩემი ბიძაჩემი ...ცილინდრიანი .სემი
1 წლის უკან