სამშენებლო მასალები განუწყვეტლივ ძვირდება და შესაბამისად, უძრავი ქონების ფასიც იზრდება. მშენებლები ვერანაირ დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. პანდემიის შემდეგ ფასებზე ყველაზე მეტად რუსეთ-უკრაინის ომი ახდენს გავლენას.
„საქსტატმა“ მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით,12.8%-ით არის გაზრდილი. ეს, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6-პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
მშენებლობის ინდექსის ზრდაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებდნენ: სამშენებლო მასალები - გაძვირება 13.6%, დასაქმებულთა ხელფასები - მატება 12.5%, მანქანა-დანადგარები -გაძვირება 14.2%, ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია -გაძვირება 7.8%, სხვა ხარჯი - მატება 13.2%.
ყველაზე მეტად ტონაზე 700-დან 1100 დოლარამდე ფასები არმატურაზეა გაზრდილი, რაც 57%-იან მატებას ნიშნავს, თუმცა 15-30 პროცენტის ფარგლებში ფასები ბლოკზე, აგურზე, ცემენტზე და სხვა სამშენებლო მასალებზეცაა მომატებული, რამაც ომამდელ პერიოდთან შედარებით მშენებლობის თვითღირებულება საშუალოდ 20%-ით გააძვირა.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ ფასებმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო მატება, რაც მომხმარებელმა ვერ იგრძნო, რადგან დეველოპერებმა საკუთარი მოგების მარჟა შეამცირეს, თუმცა წელს ბინები ომის გარეშე მაინც გაძვირდებოდა.
სიტუაციას შედარებით ლარის გამყარება აბალანსებს. ბოლო 2 თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 15%-ით გამყარდა, 2.90-იან ნიშნულთანაა და პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლარი ბოლოდროინდელმა გამყარებამ შესაძლოა, მხოლოდ ფასების ზრდის ტემპი შეანელოს.
სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. კომპანია „ბალავარის“ ხელმძღვანელი ბესო თავბერიძე აცხადებს, რომ, არმატურასთან ერთად, გაძვირდა სხვა სამშენებლო მასალებიც, მათ შორის - ბეტონი და ბლოკი, ამის გამო კი დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასების კორექტირება კიდევ მოუწევთ.
„ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზი იყო რუსეთ-უკრაინის ომი. რეალურად, არმატურა აღარ შემოდის აღარც რუსეთიდან და აღარც უკრაინიდან. შეიქმნა დეფიციტი ბაზარზე და ბოლო ერთ კვირაში არმატურა, დაახლოებით, 200 დოლარით გაძვირდა. პანდემიის პერიოდში 100%-ით არის გაზრდილი რკინის ფასი, 40%-ით გაძვირდა ბეტონი, სარემონტო მასალების ღირებულებამ კი 80%-ით მოიმატა.
ფასების ზრდა დაიწყო პანდემიის დროს, თუმცა ომის პერიოდში დაუჯერებელი ნახტომი დაფიქსირდა. არმატურისა და ყველა სამშენებლო მასალის გაძვირება, საბოლოოდ, ბინის ფასებს ზრდის“, - განაცხადა ბესო თავბერიძემ.
სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ უძრავი ქონების ბაზარზე სწრაფად იმოქმედა. უკვე აშენებულ შენობებში გასაყიდი და გასაქირავებელი ფართები მნიშვნელოვნად გაძვირდა. თუ დეველოპერთა ნაწილმა და მეორადი ბინების მფლობელებმა, განსაკუთრებით გარეუბნებში არსებული ფასი შეინარჩუნეს ან მხოლოდ მცირედით გაზარდეს, მშენებარე და უახლოეს მომავალში ასაშენებელ ბინებზე იგივე უკვე შეუძლებელია.