ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის სხვაობამ ლარნახევარს მიაღწია

ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის სხვაობამ ლარნახევარს მიაღწია

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,40-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ღირებულება 25-30%-ით გაიზარდა. ამ დროს საპირისპირო ვითარებაა ბენზინის ფასებთან დაკავშირებით. ქვეყანაში 1 ლიტრი ბენზინი არაბრენდირებულ ავოგასამართ სადგურებში 3 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულ აგს-ებში კი - 3.50-3.60 ლარის ფარგლებში. რატომ არის საცალო ქსელებში ამხელა სხვაობა და რატომ ღირს ბენზინი 1.40 ლარით ნაკლები დიზელთან შედარებით?

ნავთობი მპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასების მხრივ მკვეთრად განსხვავებული სურათია. მომწოდებელი ქვეყნებიდან დიზელის იმპორტი შემცირებულია და ეს, საწვავის ღირებულებაზე გავლენას ახდენს.

„ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით არის საკმაოდ რთული. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის პირველი ის, რომ საერთაშორისო ფასები უშუალოდ დიზელზე არის საგრძნობლად გაზრდილი. დღეს ის რეკორდულად ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ 1 ტონა 1360 დოლარზეა ასული, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25-30%-იანი გაძვირებაა.

ამას ემატება ის, რომ მომწოდებლებთან დაკავშირებით არის მნიშნელოვანი პრობლემები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე დიზელის საწვავის გარკვეული დეფიციტია, რასაც თავისი ობიექტური ფაქტორები განსაზღვრავს. მათ შორის აზერბაიჯანიდან ბოლო ორ თვეზე მეტია გართულებულია პროდუქციის მოწოდება, ტექნიკური გადაირაღების პროცესი მიდის აზერბაიჯანში. ერთი მხრივ, გაზრდილი საერთაშორისო ფასი და მეორე მხრივ, მოწოდებაში შეფერხებები იწვევს ფასების ზრდას.

საბოლოო ჯამში, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტი და შესაბამისად, ფასების ზრდა. ცხადია, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, რომ გადაერთოს ალტერნატიულ მომწოდებლებზე, თუმცა მათი ფასი გაცილებით მაღალია“, - განაცხადა ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

ვითარების დრამატულობას ადასტურებენ იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებიც. „სენტა პეტროლეუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძეც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში იაფი დიზელის შემოტანა ძალიან გართულდა, იმავდროულად მაღალია „პლატცის“ ღირებულებაც, რაც საცალო ფასზე აისახება. ახლა პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან მდგომარეობა სწრაფ-სწრაფად იცვლება.

„ტენდენცია, რაც დღეს ქვეყანაშია, ყველასთვის ცნობილია. საერთაშორისო ბაზარზე ფასი საკმაოდ მომატებულია და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში ასეთი მაღალი „პლატცი“ არ ყოფილა, დაახლოებით 1360 დოლარი ღირს 1 ტონა დიზელი და იგივე ნიშნულია ბენზინზეც.

ქვეყანაში იაფი დიზელის მოწოდება გართულდა და ძალიან შეიზღუდა. რუსეთიდან, უკვე ნაკლები რაოდენობით შემოდის პროდუქტი, რაც ძალიან მოქმედებს ფასებზე. ბუნებრივია, მაღალი „პლატცისა“ და დიზელის იაფად ყიდვის შესაძლენლობა რომ აღარ არის, ეს იწვევს ფასის მატებას ადგილობრივ ბაზარზე.

რა იქნება მომავალში, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან არ ვიცით რუსეთიდან მოწოდება როგორ იქნება, ამიტომაც პროგნოზს ვერ გავაკეთებ, იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რთული სათქმელია“, - აღნიშნა იაკობიძემ.