„თურმე, სააკაშვილი საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებას აპირებდა და ვითომ, მე დავბლოკე“

„თურმე, სააკაშვილი საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებას აპირებდა და ვითომ, მე დავბლოკე“

ქვეყნის პირველი პირი ჩინეთში, ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში ელჩობის კანდიდატებს თანხმობას ისევ არ უცხადებს და დიპლომატთა წარდგენის პროცესს ისევ აჭიანურებს. პრეზიდენტის ახირების საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ელჩის პოსტზე იყო წარდგენილი, დიპლომატიურ ბაქჰანალიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და საგარეო უწყებას ელჩობის კანდიდატების სიიდან საკუთარი გვარის ამოღების თხოვნით მიმართა. თუ რა მიზეზით ბლოკავს მიხეილ სააკაშვილი თედო ჯაფარიძეს, ამის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება, მაგრამ არსებობს ვერსიები, რომლის შესახებაც for.ge-ს თავად თედო ჯაფარიძემ უამბო.

ბატონო თედო, რატომ თქვით უარი დიდ ბრიტანეთში ელჩის პოსტზე?

- მიზეზი ტრივიალურია და ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილების დრამატიზირება და ამდენი საუბარი არ ღირს. დიდ ბრიტანეთში ელჩის თანანმდებობაზე ჩემი კანდიდატურა წარდგენილი ჯერ კიდევ იანვარში იქნა, თუმცა, ამის შემდეგ, თითქმის, ხუთი თვე გავიდა, პრეზიდენტმა სხვა ელჩობის კანდიდატებს თანხმობა გამოუცხადა, ჩემთან დაკავშირებით კი, ხელის არმოწერა გრძელდება. არ ღირს, ეს საკითხი ვინმე კონკრეტული პირის ახირების საგნად ვაქციოთ და მონაწილეობა პოლიტიკურ ბალაგანში მივიღო. არ მინდა, ამის მონაწილე ვიყო. საჭიროდ ჩავთვალე, რომ დიპლომატიურ ბაქჰანალიაში მონაწილეობა არ მივიღო და საგარეო უწყებას ვთხოვე, ჩემი გვარი ელჩების სიიდან ამოეღო. ეს პოსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკური წონა, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, ძალიან დიდია. ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც ბრიტანეთია ელჩის არ დანიშვნა, წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, ოკუპირებულია ტერიტორიები. პრეზიდენტი და მისი გარემოცვა დღე და ღამ იმის თაობაზე საუბრობენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ. ამ ფონზე კი, გერმანიაში ელჩი არ გვყავს, გერმანიის პოზიცია კი ვიცით, რომელიც ჩვენთვის არცთუ ისე პოზიტიურია. რომელიმე ქვეყანაში ელჩის არყოლა, ეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის იმიჯს არამარტო ლახავს და რეპუტაციას აფერხებს, რომელიც ახლა ყალიბდება, არამედ საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, რომელთაც ელჩობაზე პრეტენზია აქვთ და ასევე მათ სამომავლო ურთიერთიერთობებზე მასპინძელ ქვეყნებთან. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მგონია, რომ ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნისთვის გამოუყენებელი პოტენციალია, რომლის გამოყენებაც უფრო პრაგმატულად შეგვიძლია, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკას აჩუქა ჩერჩილი, ტეტჩერი და სხვა უამრავი მოღვაწე. ამ ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება ნატოში და იქ ელჩის არყოლა დიპლომატიური კაზუსია. როცა ელჩს არ ნიშნავ - დიდი ბრიტანეთში, გაერო-ში, ნატო-ში, გერმანიასა და ჩინეთში, ამით იმ ქვეყანას მისადმი დამოკიდებულებას აჩვენებ და ეუბნები, რომ იმის ღირსად არ მიგაჩნია სრულუფლებიანი წარმომადგენელი მიუვლინო. ამ იგნორირებით შეურაცხყოფას ქვეყანას აყენებ და არ ვიცი, ამაზე ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი.

ერთია, პრეზიდენტის ახირება, მაგრამ მეორეა საგარეო უწყების პოზიცია. სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილს არ მოსთხოვა პასუხი - თუ რატომ გბლოკავთ?

- პრეზიდენტი რანგით უფრო მაღალია, ვიდრე საგარეო უწყება და ეტყობა, სამინისტრომ ასე კატეგორიულად არ ჩათვალა საჭიროდ. თუ რა ხდებოდა კულუარებში - ვინ რაზე და როგორ ესაუბრებოდა ერთმანეთს, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ელჩებთან დაკავშირებით საუბარი გიგა ბოკერიასთან იყო და ალბათ, სხვებთანაც. როგორც ვიცი, ბატონი უსუფაშვილიც თავისი არხებით, რომელიც მას უმცირესობასთან აქვს, ამის გაგებას ცდილობდა, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი - გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებით, რატომ ფერხდება გადაწყვეტილების მიღება, არ კონკრეტდება.

ვარდების რევოლუციისშემდეგ, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. პრეზიდენტს თქვენთან რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს. ვერსიების დონეზე, რა გაჟღერდა?

- სააკაშვილს ვიცნობდი როგორც ახალგაზრდა პარლამენტარს. როცა ამერიკაში ელჩი ვიყავი, მისი ჩამობრძანება კარგად მახსოვს. ის საპარლამენტო დელეგაციის რიგითი წევრი იყო, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. ბატონი სააკაშვილი ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, ან ჩვენს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება ვერსიებს, სააკაშვილთან უამრავი მითოლოგიური შრეებია და ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ თურმე, თავის დროზე, აწ გარდაცვლილი ალექსანდრე ჩიკვაიძის მინისტრობის დროს, ის საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებას აპირებდა და ვითომ, მე დავბლოკე, თუმცა, დამერწმუნეთ, ის თვალითაც კი არ მყავდა ნანახი და მისი არსებობის შესახებაც არ ვიცოდი. კიდევ ბევრი ვერსიებია. საბერძნეთში ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ვიყავი და საგარეო უწყებამ აგრესიული თედო ჯაფარიძის განდევნის ოპერაცია დაიწყო. მახსოვს, ნინო კალანდაძეს ჰკითხეს რაში იყო საქმე და მან ჩემი აკადემიური ბეგრაუნდი დაიწუნა. შემდეგ, ხმა გავრცელდა, რომ თედო ჯაფარიძე რუსეთის აგენტია და ა.შ.

ანუ, სააკაშვილს თქვენთან პიროვნული წყენა აქვს?

- შეიძლება პიროვნული წყენა აქვს, მაგრამ უმცირესობიდან ხმები მოდის, რომ პრეზიდენტი ჯაფარიძეს თანხმობას იმიტომ არ უცხადებს, საგარეო პოლიტიკური მიდგომებთან დაკავშირებით, მათ შორის განსხვავება არისო. ერთ-ერთი ოპონენტი 19 პუნქტიან რეზოლუციას იშველიებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ის ამბობს, რომ რეზოლუციის პირველი ვერსია, რომელიც ჯაფარიძემ მოამზადა, იმის დასტურია, რომ მიდგომებთან დაკავშირებით განსხვავებებიაო. ძნელია, ამ ლაბირინთებში გავერკვე. ფაქტია, რომ პოლიტიკურ პროცესს ვაფერხებთ, არადა, ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესია, რადგან გარდამავალი პერიოდია, ახალ საქართველოს ვაყალიბებთ და ინტერესია - თუ რა ხდება საქართველოში და ვინ არის ახალი მთავრობა. ელჩი კი, ამ სიტუაციში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც ქვეყნებამდე ამბავი უნდა მიიტანოს.

პრეზიდენტმა ელჩების პარლამენტში წარდგენა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია, რადგან მან ელჩებზე თანხმობის გამოცხადების სანაცვლოდ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ერთი ქვედანაფის საკუთარ დაქვემდებარებაში დატოვება მოითხოვა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ საგარეო უწყება უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო?

- ეს ჩემი გადაწყვეტლება იყო და მას თავს არავის ვახვევ. ქალბატონი მაიას განცხადება წავიკითხე, რომ თედო ჯაფარიძეს კიდევ დაელაპარაკება და დაარწმუნებს. მას მადლობას ვუხდი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ქალბატონი მაიასი და ჩემი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

გამორიცხავთ, რომ ამ პოსტზე მას შემდეგ დაინიშნოთ, რაც სააკაშვილს თანანმდებობიდან წასვლა მოუწევს?

- ჩვენს სიტუაციაში, მომავალზე საუბარი რთულია.

თუ გაქვთ ინფორმაცია - თქვენს მაგივრად, ვინ იქნება დიდ ბრიტანეთში ელჩობის კანდიდატი?

- არ ვიცი. იმედია, მას სააკაშვილი ოპერატიულად დაამტკიცებს, მაგრამ ჩემს შემცვლელს თუ სწრაფად დაამტკიცებს, ეს იმას გაუსვამს ხაზს, რომ მას პიროვნული წყენა აქვს. სახელმწიფო ინტერესები, მათ შორის ელჩი, არც სააკაშვილის საკუთრებაა, არც ივანიშვილის და არც შევარდნაძის, ელჩები არიან საქართველოსი. ამას ვუყურებ როგორც სახელმწიფო ინტერესებს და თუ სააკაშვილი ისევ თვლის, რომ ყველაფერი მისია და იგივე მიდგომები აქვს დიპლომატიურ კორპუსთან მიმართებაში, ამგვარ დიპლომატიურ ბალაგანში მონაწილეობას არ მივიღებ და ამის გამო დიდ განცდებში არ ვიქნები. სახელმწიფო ინტერესების ფონზე, თედო ჯაფარიძე იმად არ ღირს, რომ კარებში გავეჩხირო და ვთქვა - მე უნდა წავიდე ლონდონში. საქართველოს ღირსეული დიპლომატები ჰყავს.

ამ დრომდე, პრეზიდენტს ხელი არ აქვს მოწერილი - ბულგარეთის, ჩინეთისა და გერმანიის ელჩობის კანდიდატებზეც. რატომ, მათთანაც აქვს პრეტენზიები?

- სამივე ადამიანი მაღალი რანგის დიპლომატია და პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ რა პრეტენზია აქვს, მაგრამ მის ხედვებთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელსაც პირველად გავაჟღერებ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა გაიმარჯვა, სანამ ინაგურაცია გაიმართებოდა, თბილისში ჩემი მეგობარი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ჩამოვიდა, რომელმაც სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა. ჟურნალისტი პრეზიდენტს ხვდებოდა, რა დროსაც, ზურაბ ჟვანიასთან და ავთანდილ ვარსიმაშვილთან ერთად, ინაგურაციის რაღაც დეტალებზე ვსაუბრობდით. ამ საუბრის დროს, სააკაშვილი გრიგალივით შემოიჭრა, რომელიც გაღიზანებული ჩანდა. მან ზურაბ ჟვანია გაიყვანა, შემდეგ კი, ჟვანიამ გვერდზე გამიყვანა და მკითხა - ვინ გაუგზავნეო? ვუთხარი, რომ შევახვედრე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამოცემის ჟურნალისტი, რომელთანაც ინტერვიუს ჩაწერაზე ბევრი ლიდერი ოცნებობს. ჟვანიამ მითხრა - სააკაშვილი გაღიზიანებული იყო, რადგან ჟურნალისტი მთელი ინტერვიუს დროს, ირაკლი ალასანიაზე მესაუბრებოდაო. ეს მოხდა, 2003 წელს, მაშინ, როცა ირაკლი ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. იმ დღესვე, ვახშამზე, ამ ჟურნალისტს შევხვდი და ვკითხე - მოგეწონა ინტერვიუ? მან მითხრა - არა, რადგან სიცარიელის გრძნობა დამრჩაო. შემდეგ ვკითხე, თუ რაზე ისაუბრეს. მან მითხრა, სააკაშვილმა მკითხა - საქართველოში პირველად ხართ და ვის იცნობთო, რაზეც ვუპასუხე, რომ თედო ჯაფარიძესა და ირაკლი ალასანიასო. შემდეგ ვკითხე, ვინმე ხომ არ გიქიათქო, რაზეც მან მიპასუხა, რომ გამოცდილი ჟურნალისტი ვარ, ქართულ პოლიტიკასაც ვიცნობ და გვარების დასახელებას არ დავიწყებდიო. ჟურნალისტი დაინტერესდა ამ ყველაფერს თუ რატომ ვეკითხებოდი, რაზეც ვუპასუზე, რომ კაცი გაგიჟებული მოვიდა და ყველაფერი დაანგრია-თქო. ამით საუბარი დავამთავრეთ, ორი დღე გავიდა და ეს ჟურნალისტი მწერს - ქართველები ძალიან მიყვარხართ, ქართული ერი ფენომენია, მაგრამ მესმის თუ რა ტიპია თქვენი პრეზიდენტიო. ის მწერდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც უნარი აქვს სხვადასხვა ისტორიებიდან, რომელიც დღის განმავლობაში ესმის, მისთვის სასურველი ფრაგმენტები აიღოს, შემდეგ, საკუთარი ისტორია შექმნას, ახლო წრეს გააცნოს, რომელიც გარეთ გაიტანს და მას შემდეგ, რაც ეს ისტორია გარეთ მოივლის, გარემოცვას ეტყვის - აი, ხომ გეუბნებოდითო. ჩემთან დაკავშირებით, სააკაშვილს თუ რა მიზეზები ჰქონდა, ამას რას გაიგებთ. ბედნიერი ვარ, რომ პარლამენტში დავრჩები, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, კარგია თუ არა ის, რომ ჩემს ბიოგრაფიაში წერია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მინისტრი ვიყავი.