იუსტიციის საბჭო, შესაძლოა, 13 პირით დაკომპლექტდეს

იუსტიციის საბჭო, შესაძლოა, 13 პირით დაკომპლექტდეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შესაძლოა, ორი ადგილი ვაკანტური დარჩეს. კერძოდ, თუ 14 ივნისის პლენარულ სხდომამდე, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის პოლიტიკური შეთანხმება არ შედგა, მმართველ ძალას საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრის დამტკიცება მოუწევს, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ექვსი წევრიდან, ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდება, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნის მიზნით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი, მაგრამ ნაციონალებმა კენჭისყრებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც, 14 ივნისს მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში 12 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს, რომლებიც არიან - ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი, ევა გოცირიძე, ეკა გასიტაშვილი, კახა სოფრომაძე, ლევან ხეცურიანი, მამუკა სონღულაშვილი, გია მეფარიშვილი, ვახტანგ თორდია, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე, ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიშე, მერაბ ჩიქოვანი, გიორგი ტურაზაშვილი და გიორგი გიორგაძე, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, ხელისუფლების ფავორიტ ექვსეულად მოიაზრებიან - ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, ეკა გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი და კახა სოფრომაძე, ხოლო ნაციონალები ზურაბ ძლიერაშვილს (წარდგენილია „საერთაშორისო გამჭირვალობისა“ და საია-ს მიერ), მაია სულხანიშვილს, გიორგი გოგიაშვილს, იმედა დვალიძესა და დავით კერესელიძეს გულშემატკივრობენ და ხელისუფლებას კონსულტაციების გამართვას სთავაზობენ.

როგორც for.ge-ს გიორგი კანდელაკმა განუცხადა, უმცირესობა მზად იყო უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა იმ შემთხვევაში თუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ორ კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდებოდა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კონსულტაციებზე უარი განაცხადა და კანდიდატები წარადგინა, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები იყვნენ.

„ხელისუფლების სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ და კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძობლობის კრიტერიუმთან. მაგალითად, ევა გოცირიძე ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, სადაც ანაზღაურებას იღებდა, ხოლო კახა სოფრომაძე „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტი იყო. ასეთი ხალხის იუსტიციის საბჭოში შეყვანა, საზიანოა თვითონ ხელისუფლებისთვის, მაგრამ სახლმწიფოსთვისაც. ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე აცხადებს, რომ სასამართლოს რეფორმის განხორციელებას აპირებს, მაგრამ ეს არის ტყული და მეტი არაფერი“, - დასძინა კანდელაკმა.

ნაციონალების ბრალდებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე არ იზიარებს და ყურადღებას წინა ხელისუფლების გეგმაზე ამახვილებს.

„ეს კანდიდატები იმ მოცემულობას სრულად აკმაყოფილებდნენ, რაც კანონით არის გათვალისწინებული. მათ იურიდიული პროფილი გააჩნიათ და საუბარი იმაზე, რომ ეს ხალხი პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან, ეს საფუძველს მოკლებულია. კენჭისყრას უმცირესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ძალის დემონსტრირებაა. მეორე ტური ჩატარდება და პარლამენტო უბრალო უმრავლესობით ოთხ წევრს დაამტკიცებს, მაგრამ, შესაძლოა, ორი ადგილი ვაკანტური დარჩეს, რადგან უმცირესობას პროცესში მონაწილეობა არ სურს. ეს ერთ რამეზე მაფიქრებინებს, კერძოდ, მოსამართლე წევრების შერჩევა, მოსამართლეთა კონფერენციაზე მოხდა და, როგორც ჩანს, უმცირესობას ეს პირები პოლიტიკურად თავისიანებად ეგულება და აქედან გამომდინარე, მათ სურთ, რომ ეს ბალანსი 9 პირი - რაც შეიძლება ნაკლების წინააღმდეგ შეინარჩუნონ. ვფიქრობ, რომ ამ ორი ვაკანსიის დატოვება პოლიტიკურად და მორალურად არ არის გამართლებული“, - განუცხადა for.ge-ს შავგულიძემ.

14 ივნისის პლენარულ სხდომამდე, კონსულტაციები გაიმართება თუ, საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური დარჩება, ეს ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, მაგრამ თუ ნაციონალებს საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა სურდათ, მათ ამისთვის დაახლოებით შვიდი დღე ჰქონდათ, რადგან კანდიდატთა დოკუმენტაციის გადახალისება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სწორედ ერთი კვირის წინ მოხდა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი პირის არჩევის წესს, რეგლამენტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან ექვს წევრს პარლამენტი - კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით არჩეული კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით გამოვლინდება. თუმცა, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსება, კენჭისყრის მომდევნო ტურებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება, ამასთან ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრობის სურვილი 45 პირმა გამოთქვა, თუმცა, მათგან დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო, ათი კანდიდატი გაირიცხა. მოგვიანებით კი, 35 პირიდან ექვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და როგორც for.ge-ს ერთ-ერთმა კანდიდატმა პირად საუბარში განუცხადა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ უმრავლესობაში საბჭოში ასარჩევი პირები დიდი ხნის წინ იქნა შერჩეული.

ცნობისთვის, 14 ივნისის სხდომაზე, პარლამენტი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრსაც აირჩევს.