საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში სულ მალე ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. 21 წლის შემტევი „ნაპოლის“ შეუერთდება.
როგორც იტალიური მედია წერს, ხვიჩა 9 ივლისს, დიმაროში იქნება, სადაც ლუჩანო სპალეტის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს და შეკრების პირველივე დღიდან ქართველი იტალიელი მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიას დებიუტი 14 ივლისს ტრენტინოში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში შედგება, სამოყვარულო გუნდის, „ანაუნიას“ წინააღმდეგ. ეს ნეაპოლელთა პირველი საკონტროლო თამაში იქნება პრესეზონის დროს და გასაგებია, რომ მეტოქე ძალიან სუსტია, თუმცა არაოფიციალური დებიუტი ხვიჩას სწორედ ამ შეხვედრაში ექნება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ჯერ კიდევ ორი თვის წინ დააანონსა. ის ბოლოს „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის რიგები მან უკვე დატოვა.