ცნობილი სერიალის Euphoria-ის ვარსკვლავი, ჰანტერ შაფერი, შიმშილის თამაშების ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.
ფილმში, სახელწოდებით ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე, ჰანტერი ახალგაზრდა ტიგრის სნოუს განასახიერებს — მომავალი პრეზიდენტის, კორიოლანუს სნოუს, ბიძაშვილსა და მესაიდუმლეს.
სხვათა შორის, შაფერი, რომელმაც Euphoria-ში ჯულსის როლი შეასრულა, სერიალის სპეცეპიზოდის სცენარისტისა და პროდიუსერის როლიც მოირგო სხვებთან ერთად. მსახიობი ამჟამად ასევე მუშაობს საშინელებათა ჟანრის ფილმზე Cuckoo.
რაც შეეხება ფილმს ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე (The Ballad of Songbirds and Snakes), ის ეკრანებზე 2023 წლის 17 ნოემბერს გამოვა. ფილმი შიმშილის თამაშების ტრილოგიის წინაისტორიას ეფუძნება, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სიუზენ კოლინზმა, 2020 წელს გამოსცა.
წინაისტორია პრეზიდენტი სნოუს ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს — როგორ იქცა ამბიციური ახალგაზრდა პირსისხლიან ტირანად. რიგით მე-10 შიმშილის თამაშებში 18 წლის კორიოლანუსს მე-12 რაიონიდან შეწირული ლუსი გრეი ბერდის მენტორად ირჩევენ. სწორედ მას შემდეგ ვითარდება ნაწარმოებში მოქმედება.
შიმშილის თამაშების ახალი ფილმი 2023 წელს გამოვა
ახალი ფილმის რეჟისორი ფრენსის ლოურენსი იქნება, რომელმაც ასევე გადაიღო წინა ფილმები (პირველის გარდა). კინოსურათის სცენარის ავტორები მაიკლ არნდტი და მაიკლ ლესლი არიან.
შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც ავტორმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი, ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე კოლინზმა 2020 წლის მაისში გამოსცა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.