ტექდათვალიერების ტარიფი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს?!

ტექდათვალიერების ტარიფი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს?!

ტექინსპექტირების ბიზნესის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შემცირებული მიმართვიანობის, მაღალი ინფლაციისა და 5 წლის განმავლობაში უცვლელი გადასახადის გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ გადასახადის გაზრდას ითხოვენ. მათი აზრით, აუცილებელია, ფასები მინიმუმ 30-50%-ით დაკორექტირდეს. ხელისუფლებამ ამ საკითხზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს, თუმცა ტექდათვალიერების გაუვლელობაზე ჯარიმის მკვეთრად გაზრდას აპირებს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების ნახევარი შემოწმებაზე არ ცხადდება. საყურადღებოა ისიც, რომ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება საქალაქო ტრანსპორტის მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი.

ამ დროს კერძო სექტორმა რეფორმის დასაწყისში დიდი ინვესტიცია ჩადო, დღეს საფასური ხარჯებს ვეღარ წვდება, შესაბამისად, ტარიფების ზრდა გარდაუვალია.

„ტექინსპექტირების საფასური ხარჯებსაც ვეღარ ფარავს, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში ლარი გაუფასურდა, თანაც განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო და თუ ინსპექტორის შრომა არ არის შეფასებული, ინსპექტირების ხარისხი ვარდება. რეფორმა დგას საფრთხის წინაშე, რომ ის არ გახდეს ფორმალობა. თუ, მაგალითად, საქალაქო ტრანსპორტის სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების 85% არ ცხადდება ინსპექტირებაზე, მოშლილია მიმართვიანობის სისტემა, კანონის აღსრულების სისტემა, მონიტორინგის სისტემა.

სახელმწიფომ უნდა შეასრულოს დაპირება. რეალურად, ბიზნესს გააწევინეს მაღალი რისკი, სერიოზული თანხა ჩაადებინეს, და დღეს ეს საფასური აღარ ფარავს ხარჯებს...

მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები, ვნახეთ რომ ფასის ზრდის საჭიროება დგას, რადგან გაძვირდა ყველაფერი: გაიზარდა კომუნალური გადასახადები, გაიზარდა ხარჯი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, გაიზარდა მათი სესხის გადასახადი, იმიტომ რომ ხარჯისთვის მათ აიღეს სესხი ევროებში და ამის დაფარვა ვეღარ ხერხდება. ინსპექტორის ხელფასი უნდა გაიზარდოს, რომ მას არ ჰქონდეს სხვა დაინტერესება. შესაბამისად, ბიზნესის ვარაუდით, ტარიფი დაახლოებით 50%-ით უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ტექისნპექტირების ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასიანი უნდა გახდეს განმეორებითი ინსპექტირებაც. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ამ შემთხვევაში ფასი პირველადი ინსპექტირების 20-30%-ით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის ზრდის მიუხედავად ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მართლაც იკლებს. 2021 წელს 2019 წელთან შედარებით სავალდებულო შემოწმება 60 ათასი ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა. მიმდინარე წლის მონაცემები კი 2021 წლის მაჩვენებლებს კიდევ 20%-ით ჩამოუვარდება.

მიმართვიანობის ნაკლებობა ბიზნესისთვის ნაკლებ შემოსავალს, ფინანსურ არამდგრადობას ნიშნავს, რაც კიდევ ერთ პრობლემას აჩენს და ეს პრობლემა კვალიფიციური კადრების გადინებაა.

„კომპანიები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და პერსონალის შენარჩუნებაც კი უჭირთ. ძალიან დიდი გადინებაა იმ თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ტექინსპექტირების პროცესში არიან ჩართულნი. არადა, მათთვის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ძალიან მტკივნეულია კომპანიებისთვის, როდესაც ფინანსური არასტაბილურობის გამო კარგავენ კვალიფიციურ პერსონალს.

ის თანხა, რაც დღეს არის დადგენილი ინსპექტირებაზე, არ არის საკმარისი ბიზნესის შენახვისათვის და პერსონალის შენარჩუნებისათვის. ორგანიზაციების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია“, - განაცხდა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა.

ამ სფეროს წარმომადგენლების აზრით, პრობლემების გადაჭრის გზა ადმინისტრირების გაუმჯობესება, მათ შორის, ჭკვიანი კამერების გამართვა და აღსრულების მექანიზმების გამკაცრება, ასევე საინფორმაციო კამპანიების წარმართვაა, რათა მოსახლეობამ უკეთ დაინახოს ავტომობილების გამართვის სიკეთეები - ეკოლოგიური თუ ავარიების შემცირების კუთხით.

ჯერჯერობით კი ცნობილი ისაა, რომ 2022 წლის მესამე კვარტალიდან ტექინსპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები სამჯერ და, ზოგ შემთხვევებში, მეტჯერ გაიზრდება. პარლამენტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდებიან.

დღეისათვის, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარია, რომელიც ინსპექტირების ვადის გადაცილებიდან 1 თვეში დაეკისრება ავტომობილის მფლობელს. ჯარიმის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. ჭკვიანი საგზაო კამერა აფიქსირებს ასეთ შემთხვევას. ყოველ მომდევნო შემთხვევაზე განმეორებითი ჯარიმა კვლავ 50 ლარია.

კანონის ცვლილების შემდეგ პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი დარჩება, თუმცა, თუ ავტომფლობელი დაჯარიმებიდან 1 თვის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, მეორე ჯარიმა უკვე სამჯერ მეტი, 150 ლარი იქნება. მესამედ დაჯარიმების შემთხვევაში მას 300 ლარის და მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს.

იურიდიული პირებისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მეტად იზრდება - ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდება, ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი ჯარიმები 300 ლარით, 500 ლარით და 1500 ლარით განისაზღვრება.

ლაზი ძალიან საინტერესოა, ვინ, ვის, რას დაპირდა და ვინ ვის ჩაადებინა სერიოზული სახსრები. არანირი დაპირება და დაძალება ოფიციალურად არ ყოფილა. სახელმწიფომ საერთოდ უნდა გააუქმოს ტარიფი. აკონტროლოს მხოლოდ პროცესი. გახსნას ბაზარი ბიზნესისათვის. ნახავთ, კონკურენცია მაგ ფასებს როგორ მშვენივრად დაარეგულირებს. ეგ კომპანიები, ახლა რომ ფასების გაზრდას ითხოვენ, თითონ გაანხევრებენ ფასებს.
2 წლის უკან
DDDzia ლაზი
მეტად ოპტიმისტური განწყობაა.
ერთი ბენზინის შემომტანმა და რეალიზატორებმა გაანახევრეს და მეორე ესენი გაანახევრებენ.
იქნება კარტელური შეთანხმება და გაასამმაგებენ ფასებს.
და ვერავითარი ანტიმონოპოლიური სამსახური ამას ვერ უშველის, ზუსტად ისე, როგორც საწვავს ვერ უშველა.
საერთოდ გასაუქმებელია აუცილებელი ტექდათვალიერება.
სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ იმათთვის, რომლებიც მგზავრების გადაყვანას აწარმოებენ - ტაქსები, სამარშრუტო და საქალაქო ავტოტრანსპორტი.
არც-ერთი ტექდათვალიერება არ არის ჩემზე მეტად ჩემს უსაფრთხოებაში დაინტერესებული.
2 წლის უკან
ლაზი ეგ ბაზარი ახლა ბიზნესისთვის დაკეტილია სამინისტროს მიერ შექმნილი წესებით. თუ გაიხსნა, იმდენი ოპერატორი გაჩნდება, კარტელური შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება. მაგ 60 ლარიანი ტარიფის პირობებშიც ბევრი მსურველია, მაგრამ აკრედიტაციამდე არ უშვებენ. არ საჭიროებს ეგ საქმე მილიონიან დაბანდებებს, ბენზინის შემოტანისაგან განსხვავებით.
2 წლის უკან