„შარვალი ჩამხადეს და მაგიდაზე გადამაწვინეს“

„შარვალი ჩამხადეს და მაგიდაზე გადამაწვინეს“

თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს დაგეგმარების განყოფილების ოფიცერი, დავით ლონდარიძე 2011 წლის 16 სექტემბერს დილის 5:30 წუთზე სამხედრო პოლიციაში დაიბარეს. დაბარების მიზეზი მისთვის ტელეფონით არ განუმარტავთ. ადგილზე მისული ლონდარიძე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას კაბინეტში შეიყვანეს. ქარდავამ მას თავდაპირველად მოსთხოვა ეღიარებინა რატომ ინახავდა უჯრაში ნარკოტიკულ ნივთიერებას, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ კი ქარდავამ უკვე კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა, რომ იგი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

ვიცე-პოლკოვნიკმა ქარდავას განუმარტა, რომ მისთვის, როგორც სამხედროსთვის შეურაცხმყოფელი იყო მისი წინადადება, რამაც ქარდავას გაღიზიანება გამოიწვია და ვიცე-პოლკოვნილი ლონდარიძე საკუთარ კაბინეტში სასტიკად სცემა. მოგვიანებით საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და „კუდ“-ის დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია ჩაერთვნენ. ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მაღალჩინოსნები ლონდარიძით მას შემდეგ დაინტერესდენ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, დავით ლონდარიძის დედის კუთვნილება იყო. ლონადრიძე 2011 წლის ივნისში დაიბარა მეგის ქარდავამ და მოსთხოვა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 50 ათასი დოლარი იყო, მათთვის დაეთმო. ლონდარიძემ ქარდავას დედის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი არ დაუთმო.

შვილის ბრალეულობაზე საუბარი არ სურს მეგის ქარდავას მამას, სერგო ქარდავას. როგორც მან For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგები მისთვის უცნობია: „მე არაფერი არ ვიცი, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს,“ - აღნიშნა სერგო ქარდავამ.

რაც შეეხება დავით ლონდარიძეს, მან ჩვენს კითხვებს უპასუხა:

ბატონო დავით, როდის დაგაკავეს?

- 2011 წლის 16 სექტემბერს ხუთის ნახევარზე დამიკავშირდნენ თავდაცვის სამინისტროდან, მითხრეს, რომ სასწრაფოდ გამოცხადდი სამსახურშიო. ვიკითხე რა ხდება-თქო, გამიმეორეს, რომ სასწრაფოდ გამოცხადდიო. 5 საათზე უკვე ადგილზე ვიყავი. მოვახსენე ტელეფონით, რომ ტერიტორიაზე ვიყავი. მითხრეს, რომ მოვა სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი და მოგაცილებს სამხედრო პოლიციაშიო. გამიკვირდა, სამხედრო პოლიციას რა უნდა-თქო? შემიყვანეს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას ოთახში.

ადრე მქონდა საუბარი ქარდავასთან, მაგრამ არ მაინტერესებდა ვინ იყო. მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა, მე - ვიცე-პოლკოვნიკის. მოვახსენე, - ბატონო პოლკოვნიკო ვიცე- პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე თქვენი ბრძანების თანახმად გამოვცხადდი. ჩავაბარე პატაკი, ჩამოვუშვი ხელი და ველოდები განკარგულებას. იგი კი მიყურებდა და არაფერს მეუბნებოდა, მაფასებდა, ასეთი პრინციპი ჰქონდა ბაჩო ახალაიასაც და, როგორც ჩანს, მისგან გადაიღო. ვერ გავიგე რა ხდებოდა.

2-3 წუთის გასვლის შემდეგ მკითხა - ნარკოტიკს რატომ ინახავ შენს სამუშაო კაბინეტშიო. ვერ გავიგე უცებ და ვუთხარი, რა უაზრობას მეკითხებით, საიდან ეს ინფორმაცია, მე და ნარკოტიკი ეს ძალიან გაუგებარია, სიგარეტი არ მომიწვია არასოდეს. სასმელსაც კი არ ვსვამდი და ეს კაცი მეკითხება ნარკოტიკს რა უნდოდა შენს სამუშაო ოთახშიო. მიმეორებდა, ნარკოტიკს რატომ ინახავდი, ფული გაკლია, ცოტას იღებ ხელფასს თუ რაო. მაშინ ვუთხარი ქარდავას, რომ ამას არავინ დაგიჯერებთ, სრული აბსურდია-თქო.

მართლაიპოვეს“ ნარკოტიკი თქვეს კაბინეტში?

- არა, რას ამბობთ.

რა ნარკოტიკზე გელაპარაკებოდათ, არ გაჩვენათ როგორც ნივთმტკიცება?

- კი, როცა გამიმეორა ბიჭო ნარკოტიკს რატომ ინახავდიო, ამოიღო მისი უჯრიდან პაკეტი და ეს ვისიაო? არც ვიცი რა იყო. ამის შემდეგ მეკითხება, სამშობლოს რატომ ღალატობ ბიჭოო! მე ვარ სამხედრო პირი და ჩემთვის ეს იყო შეურაცხყოფა, როცა ვიღაცა ასე მოგმართავს და გეუბნება სამშობლოს რატომ ღალატობო. დამიწყო დაკითხვა, სამშობლოს როდის უღალატე, ჯარში როდის იყავიო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაცა პროვოკაცია იგეგმებოდა. ვუთხარი კიდევაც ქარდავას „ენვერი 2“ დაიწყო-მეთქი?

რა გიპასუხათ?

- იქვე მყოფ ერთ-ერთ პირს შეეკითხა, რას ლაპარაკობს, რა ენვერიო? ესენი ხომ ერთ უჯრედიანები არიან. არაადექვატურად იქცეოდა. ნასვამი იყო თუ წამლის ზემოქმედების ქვეშ, ვერ გეტყვით. არანორმალურად იქცეოდა.

დიალოგი როგორ გაგრძელდა?

- ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი ბატონო პოლკოვნიკო, ვერ გავიგე რას მეკითხებით, ასეთი რამე წარმოუდგენელია-თქო. იმდენი რამე მაქვს ჩემი ქვეყნისთვის გაკეთებული, ასეთი რამე არ უნდა მაკადრო-თქო. ახლოს მოვიდა და მიყვირა, რა ვერ გაიგე ბიჭოო და თავში ჩამარტყა ხელი, დამიწყო გინება. რა ვერ გაიგე შენი დედა .... და ისევ დამარტყა თავში. გვერდზე ყავდა მისი ქვეშევრდომები, მეცნენ ისინი და ქარდავას კაბინეტშივე მცემეს. წამაქციეს და თავში მირტყამდნენ წიხლებს.

გამომართვეს ტელეფონი და დაიწყეს ნომრის დათვალიერება. მეკითხებოდოდნენ ეს ვინ არის, ეს ვინ არისო. ყველას ვახასიათებდი ვინ იყო. როდესაც ბატონ სერგო თეთრაძეზე მკითხეს, ვუთხარი, რომ ეს ჩემი ძველი თანამშრომელია 7 წელი ერთად ვმსახურობდით-თქო. ბატონი სერგო პენსიაზე იყო გასული, მაგრამ ნომერი მაინც მქონდა, მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს. ამის მერე შემიყვანეს გვერდზე ოთახში და იქ გააგრძელეს ჩემი ცემა.

სამხედრო პოლიციაში რამდენი ხანი გრძელდებოდა თქვენი ცემა?

- ყოველ 15 წუთში შევყავდით ქარდავას კაბინეტში, ის ითხოვდა მეღიარებინა ჯაშუშობა. უარზე ვიყავი, გამიყვანდნენ და გრძელდებოდა ცემა. 16 სექტემბერს დილით რომ დაიწყეს ჩემი ცემა, საღამომდე გრძელდებოდა.

ბაჩო ახალაიასთან თუ გქონდათ შეხება?

- რა თქმა უნდა. ბაჩო ახალაია მოსული იყო. იკითხა, რას შვრებით, აღიარებინეთო? ქარდავამ უპასუხა, - არაო, არაფერს არ ამბობსო. ამის მერე ახალაიამ დამიწყო გინება, რას აღიარებ შენი დედა ..... პისტოლეტი ეკავა ხელში და ის ჩამარტყა თავში. გააღე პირი შენი ..... და ლულა ჩამიდო პირში, აღიარე ახლავე შენი დედა ..... თორემ შუბლს გაგიხვრიტავო.

უკვე იმ დონეზე ვიყავი მისული, რომ პისტოლეტი გადატენილი რომ ჰქონოდა ვწვდებოდი თითებში და გავასროლინებდი, თავს მოვიკლავდი და მორჩებოდა წამება. აღარ შემეძლო, ისეთ დღეში ვიყავი. ახალაია ყვიროდა გაიყვენთ ეს დედა..... თორემ მომეკვლევინება ამის დედ....ო. შემდეგ მოვიდა მისი ძმა დათა ახალაია და მითხრა - აღიარე ბიჭო, მოგისჯიან და მალე გამოხვალ, ხომ იცი ეს ჩემი ძმა გიჟია, მოგკლავსო. კეთილი პოლიციელის როლს ასრულებდა.

რატომ აღიარეთ საბოლოოდ ჯაშუშობა?

- ისე მცემეს, რომ ნამსხვრევებად ვიყავი ქცეული, ფეხზე ვერ ვდგებოდი, სისხლში ვცურავდი. შემიყვანეს ისევ ქარდავას ოთახში. ქარდავა მეკითხება - კიდევ არ აღიარებო? რაზეც ვუპასუხე - რა ვაღიარო, გამორიცხულია არ ვაღიარებ-თქო. მაშინ ქარდავამ ბიჭებს დაავალა, შემოიყვანეთ „მეტრაკეო“ და ეგრევე მომვარდა 2 ბიჭი და შარვალი ჩამხადეს.

ეს მეგის ქარდავას კაბინეტში ხდებოდა?

- დიახ და თვითონაც იქ იყო. შარვალი ჩამხადეს და გადამაწვინეს მაგიდაზე. მაშინ ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რომ ესენი არანორმალურები არიან და მართლა გააკეთებენ-თქო და ვუთხარი ქარდავას, რომ ეს არ გამიკეთოთ და რაც გინდათ ყველაფერზე ხელს მოვაწერ-თქო. ამით დამითანხმეს აღიარებაზე.

იცით, როცა ხელი მოვაწერე ბრალდებას და ვაღიარე, რომ თურმე ჯაშუში ვიყავი, მითხრეს, რომ უნდა მეთქვა ვინ გადამიბირა. მითხრეს ივანოვი არ თქვა, სხვა გვარი მოიფიქრეო. მეც ავდექი და ჩავაწერინე, რომ კონსტანტინე ჟუკოვმა გადამიბირა-თქო. ეს პიროვნება 1945 წელს ომის გმირი იყო. 50 წლის გარდაცვილია, აქიდან ჩანდა რა სამხედროები და მცოდნეები იყვნენ.

როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ დაკავებული იყო სერგო თეთრაძე?

- ბატონი სერგოს გარდა დააკავეს გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლინგი. სერგოს ნომერიც მე მქონდა ტელეფონში, მაგრამ გორელაშვილი საიდან მოხვდა, არ ვიცი. გია გორელაშვილს არ ვიცნობდი. 2013 წლის 13 ინავარს გავიცანი როდესაც ციხიდან ამნისტიციის საფუძველზე გამოგვიშვეს. აი, მაშინ გავიცანით ერთმანეთი.

რაც შეეხება ბატონ სერგოს, მათ არ უთქვამთ, რომ დაკავებული იყო. როცა მე ვაღიარე, მერე თქვეს, რომ ვინმე მაღალჩინოსანი ჩავრთოთო. ალტერნატივა იყო გენერალი დავით ნაირაშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი, მაგრამ მერე პოლკოვნიკი აირჩიეს. ქარდავას ვუთხარი, რომ არ ვიცნობ ამ ნაირაშვილს, თეთრაძესთან ვმსახურობდი-თქო. მაშინ თქვა ქარდავამ, რომ ძალიან კარგიო.

გამოძიებამ თქვენ და თეთრაძე ერთმანეთს არ დაგაპირისპირეს?

- არა. სერგო თეთრაძე ვნახე მაშინ, როცა წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯეს. თავის აწევის უფლება არა გვქონდა, დალაპარაკებაზე ლაპარაკი საერთოდ ზედემტია. უბრალოდ, ცალი თვალით შევხედე და დავინახე, რომ ძალიან მაგრად იყო ნაცემი. ტონალური კრემი ჰქონდა წასმული, რომ კვალი დაემალათ, მაგრამ ისე იყო ნაცემი, რომ ტონალურიც ვერ მალავდა.

სერგო თეთრაძე მართლა გულის შეტევით დაირუპა?

- რას ამბობთ, ეს მეორედ არც გაიმეოროთ. ციხეში უკვე ვიცოდით, რომ მოკლეს და რა და როგორ მოხდა. ის სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ვინ ღებულობდა მის წამებაში მონაწილეობას?

- არ ვიცი, მაგრამ გორელაშვილმა გაიგონა ვინ აწამებდა და რა დღეში იყო ბატონი სერგო. მას უთხრეს, რომ შენი „პადელნიკიაო“.

ბატონო დავით, თქვენ მზად ხართ, სასამართლოზე დაუპირისპირდეთ ბაჩო ახალაიას?

- რა თქმა უნდა. არავის არაფერს ვაპატიებ. ჩემი მცირეწლოვანი შვლების თვალწინ შემოცვივდნენ სახლში, არ ვიცი რას ეძებდნენ. ამას ვაპატიებ ახალაიას და ქარდავას? ეს გამორიცხულია. ქარდავას და ახალაიას ცემის კვალი დღესაც მეტყობა, ცემისგან თავის ტრამვა მივიღე და ყავარჯნებით ამიტომ დავდივარ. წაქცეულ ადამიანს წიხლებს რომ ურტყამ თავში, ეს რა ქართველობაა ამიხსენით? მაგრამ, ესენი ქართველები არ არიან.