20 წლის მომღერალი და სიმღერების ავტორი ბილი აილიში მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული სახეა. პროფესიული მიზნების გარდა, ბილი ინტერვიუებში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ მიზნებზეც ხშირად საუბრობს. მისმა გულშემატკივრებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ბილის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა ძალიან უნდა.
Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბილიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიდი ოჯახის ყოლის სურვილს. მისი თქმით, ოჯახის გარეშე ცხოვრებას "სიკვდილი ურჩევნია". მიუხედავად ამისა, ცოტათი აშინებს ის სირთულეები, რომლებიც ბავშვების აღზრდასთანაა დაკავშირებული.
"რაც უფრო ვიზრდები და გამოცდილებას ვიძენ, ვფიქრობ: 'რას ვიზამ, როცა ჩემი შვილი იფიქრებს, რომ რაღაც სწორია და მე ვეტყვი, არა, ეს სწორი არაა, ის კი არ დამიჯერებს?" — ამბობს ბილი.
ბილიმ ინტერვიუში საკუთარი ბავშვობაც გაიხსენა. მისი თქმით, მშობლებთან განშორება ძალიან უჭირდა. გამუდმებით ღელავდა იმაზე, რომ თავად მას ან მის ოჯახის წევრებს რაღაც ცუდი შეემთხვეოდათ. ბილის მშობლების გარეშე გაძლება იმდენად უჭირდა, რომ მათ საწოლში 11 წლამდე ეძინა.
"მარტო ვერ ვიძინებდი. თუ გამეღვიძებოდა და ჩემი მშობლები საწოლში არ იყვნენ და შუქიც გამორთული იყო, ვკიოდი, სანამ ოთახში არ შემოვიდოდნენ. სიბნელეში საწოლიდან ვერ ჩავდიოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ იატაკზე მორიელები დადიოდნენ", — იხსენებს მომღერალი.
როგორც ჩანს, ბილის ცხოვრებაში ოჯახს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, ამიტომ ბევრისთვის გასაკვირი არაა მომღერლის სურვილი, რომ თავადაც დიდი ოჯახი შექმნას.