„ვერც ერთი გეოგრაფი ვერ გეტყვით, სად იწყება და სად მთავრდება ევროპა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარია არა გეოგრაფია, არამედ ევროპული იდენტურობა“

„ვერც ერთი გეოგრაფი ვერ გეტყვით, სად იწყება და სად მთავრდება ევროპა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარია არა გეოგრაფია, არამედ ევროპული იდენტურობა“

„რადგან ჩვენ გვაძლევენ ევროპის პერსპექტივას, ეს ნიშნავს, რომ ევროპელებად გვთვლიან. საქართველოსთვის არ უთქვამთ, ევროპული ქვეყანა არ ხართო. ევროკავშირში გაწევრიანებაზე დროებით უარის თქმა არ ნიშნავს პრორუსული განწყობის ზრდას. საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ტრაგედია ის არის, რომ რუსეთმა ვერასოდეს ვერ შექმნა საქართველოში მეხუთე კოლონა, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ მეექვსიდან დაწყებული, რუსები ქართველი თავადების შვილებს ნათლავდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

თვით ევროპელი პოლიტიკოსები და დასავლელი სენატორები გაოცებულნი არიან, რატომ არ ანიჭებენ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის სტატუსს საქართველოს?! ირლანდიელი სენატორი ჯერარდ კროგუელი უკმაყოფილებას არ მალავს, „დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსებმა საქართველოში შემოჭრა დაიწყეს?“ ბუნდესტაგის წევრი გერმანელი გიუნტერ კრიხბაუმიც გაოცებულია, რატომ აღმოჩნდა საქართველო დაჩაგრული და რატომ დაუშვა ევროკომისიამ მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომა. რატომღაც მუდამ საქართველოსთან მიმართებით უშვებენ შეცდომებს. რით არის ეს „შეცდომა“ განპირობებული, იმით ხომ არა, რომ ევროკავშირს მაინცდამაინც არ სურს გაფართოება? ამდენად, ევროპა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უფრო იღებს, ვიდრე სამართლებრივს.

- სერიოზულად რომ ვთქვათ, საქართველოში ვინმე ელოდა, რომ დაჩქარებული წესით უცბად მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს?! უბრალოდ, ეს პოლიტიკური განცხადებები იყო, მმართველი პარტია კმაყოფილია, რომ წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსი, მაგრამ, ამავე დროს, პოტენციური კანდიდატები არიან კოსოვო, ბოსნია, ჰერცოგოვინა. ევროკავშირში შესვლის მსურველები აქამდე დაყოფილნი იყვნენ ორად, იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი პოტენციური კანდიდატები (კოსოვო, ბოსნია, ჰერცოგოვინა) და იყვნენ პოტენციურ კანდიდატებთან გათანაბრებული აღმოსავლური თანამშრომლობის ქვეყნები, სადაც შევდიოდით საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ჩვენი სტატუსი უთანაბრდებოდა პოტენციურ კანდიდატობას, ახლა კი ჩვენ ერთი ტერმინი შეგვიცვალეს მეორე ტერმინით. უნდა ითქვას ისიც, რომ ევროკავშირის საბაზო დოკუმენტებში ნახსენებია მხოლოდ ოთხი ნაბიჯი, ეს არის ევროკავშირში განაცხადის შეტანა, კანდიდატობის მიღება, მოლაპარაკების დაწყება და გაწევრიანება. იქ არავითარ პოტენციურ კანდიდატობაზე არაა საუბარი, ეს პოტენციური კანდიდატობა შემდეგ დაემატა.

მაკრონმა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ახსენა გეოგრაფიული ფაქტორი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ყოველთვის ჩვენს ტრაგედიას განაპირობებდა, რადგან ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხელსაყრელი გზაჯვარედინის ხელში ჩაგდება ნებისმიერ ოკუპანტს სურდა. შეიძლება ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდეს?

- 2004 წლამდე გეოგრაფიული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საერთოდ არ იყო ნახსენები და არც არსებობდა, რადგან მანამდე ევროკავშირის ყველა წევრი იყო ძველი ევროპის სახელმწიფოები. თუმცა 2004 წელს, როდესაც ათი წევრი ერთად მიიღეს, განსაკუთრებით, მალტა და კვიპროსი, კვიპროსთან დაკავშირებით დადგა საკითხი, არის თუ არა კვიპროსი ევროპული ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით მაშინ დიდი დისკუსიები იმართებოდა, მახსოვს, ევროპელი მეცნიერები როგორ ამტკიცებდნენ კვიპროსის ევროპელობას, რომ სიყვარულის ქალღმერთი ზღვის ტალღიდან სწორედ კვიპროსში გამოვიდა, მოჰყავდათ სხვა არგუმენტებიც. მაშინ გაჩნდა ევროპული იდენტურობის ცნება, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც არის ევროპული იდენტურობა, რომ კვიპროსი ევროპული იდენტობის სახელმწიფოა. ამ პრინციპით მიიღეს კვიპროსი ევროკავშირში.

ისე, ჩვენი მეცნიერებიც ამდენი წელია, ამტკიცებენ, რომ პირველი ევროპელები ქართველები არიან, მაგრამ ვერც დმანისის აღმოჩენამ, ვერც უძველესი ევროპელობის სტატუსმა ევროკავშირში მიღებისას ვერ გვიშველა და ე.წ. ახალი ევროპელები ჩვენს ძველ ევროპელობაში ვერ დაარწმუნა...

- საქმეც ამაშია, მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ გაჩნდა ცნებები, ევროპა-ატლანტიკიდან ურალამდე, დე გოლის ცნობილი გამოთქმის შემდეგ, რომ „ევროპა ერთიანი უნდა იყოს ატლანტიკიდან ურალამდე“. კვლევის შედეგად მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვინაიდან ევროპის გეოგრაფიული საზღვრები არ არსებობს და ზუსტად დადგენილი არაა, სად იწყება და სად მთავრდება ევროპა, უმჯობესია, შემოიღონ ტერმინი „ევროპული იდენტურობა“. ეს გულისხმობს ენას, ისტორიას, კულტურას, ლინგვისტიკას, ტრადიციებს... როგორც მოგახსენეთ, 2004 წელს იყო კამათი კვიპროსთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ მალტასთან დაკავშირებით არ ყოფილა ასეთი კამათი. ამის შემდეგ გეოგრაფიული ცნება შემოვიდა.

ეს ნიშნავს, რომ ქართველებს არ გვთვლიან ევროპელებად, რადგან მათ გეოგრაფიულ არეალში არ ვართ?

- საქართველოსთვის არ უთქვამთ, ევროპული არ ხართო. გეოგრაფიული თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ ქვეყანას უთხრეს უარი 1978 წელს, ეს იყო მაროკო, რომელმაც განაცხადი შეიტანა ევროკავშირში, მათ კი არ მიიღეს განაცხადი, ევროპა არ ხართო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. მთავარი მარტო გეოგრაფიული ფაქტორი არ არის, მით უმეტეს, რომ გეოგრაფიული საზღვრები დღეს არც არის დადგენილი, მსოფლიოში ვერც ერთი გეოგრაფი ვერ გეტყვით, ევროპა სად იწყება და სად მთავრდება, ამდენად, მთავარია ევროპული იდენტურობა. მაგალითად, აზერბაიჯანი არაევროპულ ქვეყნად ითვლება. ამიტომაცაა, რომ აზერბაიჯანი აღმოსავლური პარტნიორობის წევრი იყო, მაგრამ ამ სამეულში, ერთ პაკეტში რომ მივდიოდით (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო), აზერბაიჯანის ხსენება არ იყო. თუ ჩვენ გვაძლევენ ევროპის პერსპექტივას, ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპელებად გვთვლიან, რადგან ათი და ოცი წლის შემდეგ ხომ არ შეიცვლება საქართველოს მდებარეობა?

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბევრად უფრო დასაფიქრებელია, რადგან ჩვენს სიახლოვეს მდებარეობს თურქეთი, ირანი, მთელი მუსლიმანური სამყარო, ჩრდილო კავკასია, უფრო ზემოთ კი რუსეთია. უკრაინას კი მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს რუსეთის სახით. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ასეთ გარემოცვაში ჩაგვტოვა დასავლეთმა?

- ჩაგვტოვეს-არ ჩაგვტოვეს, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, თავის დროზე, 2000 წლის დასაწყისში ხელისუფლებაში ახლადმოსული პუტინის განცხადება, კი ბატონო, ნატოში ვინც უნდა, შევიდეს, ისე არ მედარდება, მაგრამ ევროკავშირი უფრო საშიშია ჩვენთვისო. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირში შესვლით უკვე ევროპელი ხდები. გარდა ამისა, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ევროპელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც ისევე იციან წყენა, წყენის დამახსოვრება, როგორც ჩვენ. ევროპელი იმას არ ნიშნავს, რომ შენ რაც გინდა, აკრიტიკო, ლანძღო, არ დაიმახსოვრონ. კრიმინალების სპონსორი უძახო შარლ მიშელს და სხვა ევროპელებს და მათ ყურადღება არ მიაქციონ. ამას ემატება ჩვენი სასამართლო სისტემა, ვენეციის კომისიაზე უარის თქმა, შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფა. რახან შარლ მიშელმა წივილ-კივილი არ ატეხა, როგორ ბედავთ ჩემი ინიციატივით მიღებული დოკუმენტის გაუქმებასო, ჩვენებს ეგონათ, შერჩებოდათ, მაგრამ ბუმერანგად დაუბრუნდათ. ამიტომაც ევროპელებმა გაგვიხსენეს შარლ მიშელის დოკუმენტი, გაგვიხსენეს პოლარიზაცია, რომ საქართველო არ არის პოლიტიკურად შეკრული.

პოლარიზაციაზე როცა საუბრობენ, პოლარიზაცია ცალმხრივი ხომ არ არის? ორივე მხარე უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ ერთიანობაში, ოპოზიციასაც ხომ თავისი პასუხისმგებლობა მოეთხოვება?

- ყველა შენიშვნა ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ევროპული სტილი არ არის ოპოზიციის მიმართ საყვედური. გაგიგიათ, ევროპამ რომელიმე ქვეყანას უსაყვედუროს, შენი ოპოზიცია არ ვარგაო? გამორიცხულია. ამიტომ ევროპელს თუ ეტყვი, დესტრუქციული ოპოზიციაო, ევროპელი მოგიბრუნდება და მაშინვე გეტყვის, აბა, კონსტრუქციული ოპოზიცია რას ნიშნავს? კონსტრუქციული ოპოზიციაა ქართველი სოციალისტები, ორი კაცი რომ ზის ჩვენს პარლამენტში, ხოლო რუსეთში კონსტრუქციული ოპოზიციაა ჟირინოვსკის პარტია და მირონოვის პარტია.

ხომ არ ჯობდა, სულაც არ შეგვეტანა ევროკავშირის წევრობის სტატუსის შესახებ განაცხადი, რადგან ახლა პრორუსული ძალები გააქტიურდებიან, რუსეთისთვის ეს შეიძლება იყოს მაამებლური ნიშანი.

- ევროკავშირში განაცხადი რომ არ შეგვეტანა, მაშინ გენახათ, ოპოზიცია რა ამბავს ატეხდა. სხვა გზა უკვე არ ჰქონდა ხელისუფლებას. მთავრობამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ამიტომ ვეღარ იტყვის იგივე კობახიძე, რომ ჩვენ მეტი გვეკუთვნის და არ მოგვცესო.

თუკი უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვის ებრძვის რუსეთს, ქართველებმა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამხელა კონტრიბუცია გავიღეთ - მისიები ავღანეთში, ერაყში, სხვის ომში დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცები, აფხაზეთის ომი, ცხინვალის ომი, აგვისტოს ომი. შესაძლოა, ამდენი მსხვერპლის ფასად ევროკავშირს კი არა, ნატოსაც ვიმსახურებდით. რიგითმა ქართველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს უმადურობაა ევროპის მხრიდან.

- ნურავის ნუ დავაბრალებთ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, დიპლომატიური სკოლა არც შევარდნაძის დროს არსებობდა, არც სააკაშვილის დროს, არც ახლა არსებობს. მე ამ დარგის სპეციალისტი მგონია ჩემი თავი და ჩვენი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის გვარი არ ვიცი. ჩვენი ელჩები რას აკეთებენ, კაციშვილმა არ იცის. სწორი იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როდესაც საყვედური უთხრა მთავრობას და ჩვენს დიპკორპუსს, ყოველდღიური მუშაობაა ევროპელებთან საჭირო. რა არის დიპლომატია? შენს გარშემო შექმნა კეთილგანწყობილი ატმოსფერო. „ქართულმა ოცნებამ“ არათუ უცხოეთში, თბილისშიც ვერ შექმნა კობახიძემ მის ირგვლივ კეთილგანწყობილი ატმოსფერო. არავითარი მოქნილობა, ელასტიურობა, დიპლომატია. ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილი სამხედრო გადატრიალებით ხომ არ მოსულა საქართველოში? არც გაყალბებული არჩევნებით არ მოსულა, ჩვენ გვყავს ისეთი მთავრობა, როგორსაც ვიმსახურებთ. ევროპას სახვეწარი არაფერი არ აქვს, ევროპელებმა მშვენივრად იციან, რომ ღარიბ ქვეყნებს მათთან გაწევრიანება სურთ, რადგან ნერწყვი მოსდით, როცა ახსენდებათ „თანასწორობის ფონდი“, სადაც ასეულობით მილიარდი ევრო დევს ღარიბი ახალი წევრებისთვის, ეკონომიკურად ისინი უნდა გაათანაბრონ ძველი წევრების საშუალო მაჩვენებლამდე. იგივე კვიპროსი რომ მიიღეს, კვიპროსმა 3 თუ 4-მილიარდიანი დახმარება მიიღო იმავე დღეს. მაშინვე ჩრდილოეთ კვიპროსში თურქებმა დემონსტრაციები მოაწყვეს, ჩვენც გვინდა ევროკავშირიო. რატომ? ფულის გამო. ამიტომ ევროკავშირი გვეუბნება, შენ თუ ჩემი ფული გინდა, მაშინ კეთილი ინებე და რასაც გეუბნები, ის გააკეთე.

რაკი ევროპა არ გვღებულობს, ნატოს კარიც არ იღება, განწყობები რუსეთისკენ ხომ არ გადაიხრება?

- არა. ჩვენთან სულ იქნება პრორუსული განწყობა, მაგრამ რუსეთის ტრაგედია საქართველოსთან მიმართებით ისაა, რომ რუსეთმა ვერასოდეს ვერ შექმნა საქართველოში მეხუთე კოლონა. კი, ვახტანგ მეექვსიდან დაწყებული, ქართველი თავადების შვილებს ნათლავდნენ, ალექსანდრე ჭავჭავაძე ეკატერინე მეორემ მონათლა, მაგრამ ამაზე შორს რუსები ვერ მიდიოდნენ.