წისქვილები გაჩერდა, ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა, ფქვილმა კი გაძვირება დაიწყო

წისქვილები გაჩერდა, ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა, ფქვილმა კი გაძვირება დაიწყო

საქართველოში ყველა დიდი წისქვილკომბინატი გაჩერებულია. შედეგად, უმუშევრად 3 ათასამდე ადამიანი დარჩა. თანაც ბოლო ერთ კვირაში ფქვილზე ფასი 6 ლარით არის გაზრდილი. 1 ტომრის ღირებულება უკვე 78 ლარია და მოსალოდნელია 82 ლარამდე გაიზარდოს.

ბაზარი სრულად გადართულია რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე. ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია და ადგილობრივ მოსავლის აღებამდე ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ იქნება.

„ბარაქას“ გენერალური დირექტორის ლადო ბიძინაშვილი თქმით, ახლა, ქვეყანაში ხორბლის მარაგი 10 000 ტონას არ აღემატება. ის კერძო კომპანიებშია დასაწყობებული და ამოწურვადია.

„რეალურად მეტი მარაგი სახელმწიფოში არ არსებობს, ხორბლის მარაგს რასაც ეძახიან, ეს გვაქვს მოსავალში, რომელიც დაახლოებით იქნება 150 000 ტონის ფარგლებში. აქედან, ყველა არ გამოდგება გადასამუშავებლად ფქვილისთვის, რაღაც რაოდენობა ცხოველური წარმოებისთვისაა.

უმნიშვნელოვანესი პრობლემა აქვთ მცირე ფერმერებსაც, რომლებიც ბოლო ერთი კვირაა მუდმივად მირეკავენ და მეკითხებიან, რა ქნან, თუ წისქვილები გაჩერდა, როგორ გადაამუშაონ ხორბალი? რეალურად, დაანონსებული გვაქვს თვითუზრუნველყოფის გაზრდა და ამ დროს, რეალურად მწარმოებლები გაჩერებული ვართ.

ტექნიკურადაც რომ ავიღოთ, წისქვილკომბინატების მუშაობა არ არის ასე, რომ ღილაკს თითი დააჭირო, ჩართო და გამორთო. ჩვენი ყოფილი თანამშრომლების დაახლოებით 30%-თან კონტაქტზეც ვეღარ გავდივართ. ზოგი, საერთოდ ქვეყნის გარეთ გავიდა სამუშაოდ, ზოგი სხვაგან დასაქმდა და ცხადია, მათი მობილიზება არ არის მარტივი. თვენახევარი მაინც დასჭირდება წისქვილის თავიდან ჩართვას, მაშინ როცა, საქართველოს ხორბლის სრული მოსავალი, წისქვილისთვის 2 თვის გადასამუშავებელია.

შესაბამისად, მე გარანტიას გაძლევთ, ვერც ერთი დიდი წისქვილი ვერ დაიწყებს საწარმოო პროცესს. ამასთან, ბევრი ნიუანსია, თუ არ მოხდა შერევა რუსული ან ყაზახური ხორბლის, ვერ მოხერხდება დაფქვა, რადგან შემდეგ ცხობაშია პრობლემები და ა.შ.“, - განაცხადა ბიძინაშვილმა „საქმეში“.

პრობლემებია იმპორტირებული ფასთან დაკავშირებითაც. ბოლო ერთ კვირაში ფასი 6 ლარით არის გაზრდილი. მიზეზი, თვითღირებულების ზრდასთან ერთად, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ტრასპორტირების გაძვირებაცაა.

„ფქვილი რუსეთიდან შემოდის. გასაგები მიზეზის გამო, მასზე საექსპორტო გადასახადი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ბოლო 1 კვირაში ფქვილზე ფასი 6 ლარით არის გაზრდილი. საპროგნოზო ფასი კი, კიდევ უფრო მაღალია, გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა იზრდება საქართველოდან და მწარმოებლები ფასს ხელოვნურადაც ზრდიან.

მეორე მიმართულებაა ის, რომ ლოჯისტიკის ჯაჭვში პრობლემებია. საქართველოში ორი სატრანსპორტო გზით შემოდის ხორბალი - რკინიგზით და საავტომობილო გადაზიდვებით. სარკინიგზო გადაზიდვის ფასი, ბოლო 2 კვირაში 6 დოლარით გაძვირდა. სამანქანო გზით კი, მოგეხსენებათ რა მასშტაბისაა ლარსზე რიგები. ადრე თუ 3-4 დღე სჭირდებოდა ტრაილერის გადაზიდვის ციკლს, ახლა ვადა 10 დღემდე გაიზარდა. ეს ორივე ზრდის ლოჯისტიკის ხარჯს და ეს აისახება ფასზე.

ასევე, რუსულ წისქვილებთან ანგარიშსწორება რუბლში ხდება, რუბლის გამყარებამ კი თვითღირებულების ზრდა გამოიწვია. დღეს, რუსული წარმოების ფქვილზე ფასი 78 ლარია. ესეც, ძველი დაკონტრაქტებით შემოსულ პროდუქციაზეა საუბარი. მე, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მომავალი კვირიდან ფასები 82-83 ლარის ფარგლებში იქნება. პურის მწარმოებლებმა უნდა თქვან ზუსტად, რა მოხდება, მაგრამ თუ 82 ლარამდე გაიზარდა ფასი, თვითღირებულებაში ვეღარ ჩაეტევიან.

თან, პურის მწარმოებლებსაც აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა, ერთი არის ის, რომ ხარისხი არ არის სტაბილური. სხვადასხვა ხარისხის ფქვილი შემოდის. მომწოდებლების შემთხვევაშიც არის გარკვეული პრობლემები. სხვა დეტალებზე ალბათ, უკეთ იტყვიან პურის მწარმოებლები“, - განაცხადა ბიძინაშვილმა.

რუსეთი კი ხორბალზე, გადასახადს განუწყვეტლივ ზრდის. 16 ივნისიდან, 1 ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადს 129.2 დოლარიდან 131.6 დოლარამდე მოიმატა.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი 1 ტონა ქერზე - 76.5 დოლარიდან 92.8 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე - 78.7-დან 84 დოლარამდე გაიზარდება. აღნიშნული გადასახადი 21 ივნისამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 386 დოლარს (1 კვირით ადრე 383.4 დოლარი), ქერზე - 317.6 დოლარს (1 კვირით ადრე 294.3 დოლარი), სიმინდზე კი 305.5 დოლარს (1 კვირით ადრე 297.5 დოლარს) შეადგენს.

მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება. მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმიც აამოქმედა, რომელიც 30 ივნისამდეა ძალაში.

Aburjga Tasmanieli რა დროს ხორბალი და ფქვილია, რუსთაველზე ევროკავშირის წევრობი კანდიდატობის ბილეთებს არიგებენ, ცოცხალი რიგი დგას, რსპუბლიკის მოედნიდან წიფის გვირაბამდე! წავედი!
2 წლის უკან