„თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა და მათში 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა“

„თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა და მათში 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა“

რამდენიმე თვეა, რაც თურქეთიდან მედიკამენტები შემოდის საქართველოში და მოქალაქეებს მათი შეძენა რამდენჯერმე იაფად შეუძლიათ. გაიზრდება თუ არა მედიკამენტების ნუსხა, რომელიც თურქეთიდან შემოვა? როგორ კონტროლდება იმპორტირებული წამლები და სხვა საინტერესო კითხვებს for.ge-სთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური პასუხობს.

ცოტა ხნის წინ, თურქული წამლების ახალი პარტია შემოვიდა, პერიოდულად გაიზრდება თუ არა თურქული წამლების  ჩამონათვალი?

- 2022 წელს, ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დავიწყეთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს რეფორმა ერთდროულად გულისხმობს როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ისე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა, მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. ამ საერთო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია თურქული ბაზრის გახსნა.

დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. აღსანიშნავია, რომ რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. შედეგად, მედიკამენტებზე ფასები 60%−80%-მდეა შემცირებული.

2022 წლის მარტიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთ- მიზანიც სწორედ ეს არის, გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და შემცირდეს მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა კვლავ გაგრძელდება. ასევე გაიზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოში თურქეთის ბაზრიდან შემოვა, შესაბამისად, იქნება გაცილებით ხელმისაწვდომი.

მოქმედი აფთიაქების მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ გხვდებათ, რადგან ამბობენ, რომ ფარმაცევტებს არ აძლევენ თურქული წამლების გაყიდვის უფლებას, სანამ თავიანთ ძვირდღირებულ წამლებს არ გაყიდიან? კონტროლის მექანიზმები როგორია და როგორ ხდება აფთიაქების გაკონტროლება?

- ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფარმაცევტულ ბაზარზე დაწყებული რეფორმის მიმდინარეობის მონიტორიგნს. გარდა ამისა, მოქმედებს ცხელი ხაზი 15-05, სადაც ამ კუთხით დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ჩვენი მხრიდან თითოეულ ასეთ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხდება.

ყველა წამალი შემოვა, რაც ძვირადღირებული იყო, თუ მხოლოდ გარკვეული კატეგორიების წამლები შმოვა თურქეთიდან?

- პირველ ეტაპზე, თურქეთის ბაზრიდან საქართველოში ის მედიკამენტები შემოვიდა, რომლებზეც ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო და რადგან თურქეთის ბაზარი არ იყო გახსნილი, მოქალაქეები, კერძო პირები, თურქეთში ყიდულობდნენ ამ მედიკამენტებს, ფორმა 100-ის საფუძველზე. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ეს რეფორმა უწყვეტად გაგრძელდება. შესაბამისად, გაიზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც თურქეთის ბაზრიდან საქართველოში მოხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ფალიფიცირების მაღალი დონეა და ამის გაკონტროლების რა მექანიზმი არსებობს?

- თურქეთში არსებობს სპეციალური მაკონტროლებელი მექანიზმები და მაღალი სტანდარტების მქონე დაწესებულებები, რაც გამორიცხავს ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო ან დაბალი ხარისხის მედიკამენტების მოხვედრას. ამასთან, ყველა მედიკამენტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, რეგულირების სააგენტოში ვერიფიკაციას გადის. რეგულირების სააგენტოს წამლის რეგისტრაციის სავალდებულო რეგისტრაციის ჩამონათვალში არის gmp ხარისხი, შესაბამისად, ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც რეგისტრირდება და შემოდის საქართველოში, არის gmp-ის ხარისხის და შეუძლებელია, რომ უხარისხო მედიკამენტი შემოვიდეს თურქული ბაზრიდან.

გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე, თბილისში, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება. დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ეს უკანასკნელი კიდევ დამატებითი, ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ მოხვდეს უხარისხო მედიკამენტები.

თურქული წამლების ხარისხი ჩამოუვარდება თუ არა მათ ძვირადღირებულ ანალოგებს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთის ბაზრიდან, საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების ხარისხი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ფასშია. 

Aburjga Tasmanieli მთავრობის ეს ინიციატივა თუ ღონისძიება კერძო აფთიაქბმა ანუ ყველამ დაამახინჯა!
2 წლის უკან