მომავალი წლის ევროვიზიას უკრაინა არ უმასპინძლებს

მომავალი წლის ევროვიზიას უკრაინა არ უმასპინძლებს

2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უკრაინა აღარ უმასპინძლებს. ქვეყანამ კონკურსის მასპინძლობის უფლება წელს, მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე გამარჯვების შედეგად მოიპოვა, თუმცა, ორგანიზატორების თქმით, მომდევნო ევროვიზიის უკრაინაში ჩატარება შეუძლებელია. განცხადება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

"რუსეთის შეჭრის შემდეგ წლევანდელი წლის გამარჯვებულ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირს დრო დასჭირდა, რათა სათანადოდ შეეფასებინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სატელევიზიო პროდუქტია მსოფლიოში, რომელზეც ათასობით ადამიანი მუშაობს; ღონისძიებას, რომელსაც 12-თვიანი სამზადისი სჭირდება, ათასობით მაყურებელი ესწრება.

"ობიექტური ანალიზის შედეგად, საბჭომ, ევროვიზიის კონკურსის მარეგულირებელმა ორგანომ, მწუხარებით დაასკვნა, რომ, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გარანტიებს მასპინძელი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს და ვერ შეძლებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჩატარებას წესების შესაბამისად. მაუწყებელთა კავშირი გულითად მადლობას უხდის უკრაინის მაუწყებელს თანამშრომლობისა და ყველა შესაძლო სცენარის განხილვისთვის ბოლო კვირების განმავლობაში. ვიზიარებთ მწუხარებას და იმედგაცრუებას, რომ მომავალ წელს კონკურსი უკრაინაში ვერ ჩატარდება".

მიღებული გადაწყვეტილების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის მასპინძლობაზე საუბარი უკვე დაიწყო წლევანდელი ევროვიზიის მეორეადგილოსან ქვეყანასთან — გაერთიანებულ სამეფოსთან. ქვეყანამ კონკურსის მასპინძლობისთვის მზადყოფნა წინათაც გამოთქვა. ევროფესტივალი ბრიტანეთში ბოლოს 1998 წელს ჩატარდა.

ევროვიზიის 66-წლიანი ისტორიის განმავლობაში ტრადიციაა, რომ ღონისძიებას წინა წლის გამარჯვებული მასპინძლობს. თუმცა, ყოფილა შემთხვევებიც, როცა ეს ტრადიცია სხვადასხვა მიზეზის გამო დაირღვა.

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი KALUSH ORCHESTRA გახდა. ბენდმა ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით ევროფესტივალის ტრიუმფატორად იქცა. აღსანიშნავია, რომ, მოგვიანებით, ჯგუფმა კონკურსზე მოგებული პრიზი აუქციონზე გაყიდა და ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის დრონები შეიძინა.