თამბაქოს ინდუსტრია და მათი მაკონტროლებელი არასამთავრობოები ერთმანეთთან ბრძოლაში არიან ჩაბმულნი და საკანონმდებლო ლობირებისთვის ძალღონეს არ იშურებენ. ამასობაში კი სამომხმარებლო ბაზარი უფრო დიდი საფრთხის წინაშეა. კონტრაბანდამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. მაგალითად, სამეგრელოში თამბაქოს მოხმარების 70% არალეგალურ პროდუქციაზე მოდის.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ამტკიცებს, რომ თამბაქოს ინდუსტრია უკრაინაში მიმდინარე ომით მანიპულირებას აგრძელებს. საუბარია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თამბაქოს სტანდარტიზირებული შეფუთვის ვალდებულება, შესაძლოა, 2 წლით გადავადდეს.
კანონის ცვლილების ინიციატორია კომპანია „ფილიპ მორისი“, რომელიც ცდილობს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დაარწმუნოს, რომ ომის გამო (მისი რამდენიმე ბრენდი უკრაინიდან შემოდის) დროულად ვერ შეძლებს ტექნიკური საკითხების მოგვარებას და თამბაქოს პროდუქციის სადა შეფუთვით ბაზრისთვის მიწოდებას.
ინდუსტრიის მოთხვონას, დიდი ალბათობით, გაითვალისწინებენ და სწორედ ეს აღელვებთ ახლა თამბაქოს კონტროლის ალიანსში. მათი აზრით, 2-3 თვე საკმარისი დროა შესაბამისი ფერის კოლოფების დასაბეჭდად და ბაზარზე გასათავსებლად, თანაც წინა დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სარეალიზაციოდ 2-3 თვით დარჩენის უფლება ეძლევა.
„შესაბამისად, თამბაქოს ნებისმიერ მწარმოებელს, რომელსაც პროდუქცია უკრაინიდან შემოაქვს, არანაირი ფიზიკური, ტექნიკური და „ფილოსოფიური“ შეზღუდვა არ აქვს საიმისოდ, რომ სხვა ქვეყანაზე გადაეწყოს და რეგლამენტის შესაბამისად შეძლოს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია. უკრაინის ომი ამჯერადაც, ისევე, როგორც, ცოტა ხნის წინ პიქტოგრამებთან დაკავშირებით, მოგონილი მიზეზია. მით უფრო, რომ ჩვენთან, ტექნიკური რეგლამენტი 7,5 თვით ადრე დამტკიცდა, რაც ყოველგვარი ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელს ხდის ახალი კოლოფების დაბეჭდვას და პროდუქციისათვის შესაბამისი სახის მიცემას. მით უფრო, რომ კომპანიას მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში 50 საწარმო აქვს.
სადა შეფუთვის (ერთგვაროვანი კოლოფები, რომელზეც დატანილი იქნება ბრენდის სახელი და ვარიანტი, ასევე სამედიცინო გაფრთხილებით პიქტოგრამების ჩათვლით) რეგულაცია ჯერ კიდევ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებით, 5 წლით - 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ინდუსტრია ამ დრომდე ამაოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ნორმა არაეფექტურია, თუმცა მთელი რიგი კვლევები (მსოფლიოში) საპირისპიროს მოწმობს. კოლოფების დიზაინის მიმზიდველობის დაკარგვა განსაკუთრებით მოზარდებში ამცირებს მოწევის დაწყების ალბათობას. შეცვლილ დიზაინს მწეველებზეც სერიოზული გავლენა აქვს. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციის გადავადება განსაკუთრებით იმოქმედებს ბავშვებსა და ახლაგაზრდებზე, რომელთა ხარჯზეც ხდება თამბაქოს ახალი მომხმარებლების მოზიდვა.
თამბაქოს ინდუსტრია, განსაკუთრებით, გასახურებელი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია უკმაყოფილოა იმით, რომ სადა შეფუთვის რეგლამენტი გასახურებელ თამბაქოს კოლოფებზეც გავრცელდება. ამიტომაც ყველა ღონეს იყენებენ მათთვის არასასურველი, ეფექტური რეგულაციის კიდევ ერთხელ გადასავადებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სანამ თამბაქოს ინდუსტრია და მათი მაკონტროლებელი არასამთავრობოები ერთმანეთთან ბრძოლაში არიან ჩართულნი, ბაზარზე გაცილებით დიდი პრობლემაა, რაც კონტრაბანდას უკავშირდება. მისი მასშტაბები განუხრელად იზრდება.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „ნილსენის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღწია. ორგანიზაციამ ცარიელი კოლოფების კვლევის მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა და ძირითადი მიგნება უკვე წარუდგინა ასოციაციის წევრ კომპანიებს, ბიზნესომბუდსმენს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
არალეგალური თამბაქოთი ვაჭრობის შემთხვევები განსაკუთრებით დიდია რეგიონებში. „ნილსენის“ კვლევის თანახმად, თამბაქოს მოხმარებაში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქცია ყველაზე მეტად სამეგრელოშია გავრცელებული, სადაც კონტრაბანდის წილი მოხმარების 70%-ს აღწევს.
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წელს მხოლოდ პირველ კვარტალში მსგავსი 575 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, მებაჟეებმა 34 588 კოლოფი და 90 კილოგრამი უაქციზო თამბაქო ამოიღეს.
კვირა არ გავა შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული თამბაქოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის ამსახველი კადრები არ გაავრცელოს. ბოლოს უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის მცდელობას ივნისის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სიგარეტი აღმოაჩინეს.