მთავრობა ხუდონეჰესის პროექტის გაცოცხლებას აპირებს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით, მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით იმ მოდელზე, რომელიც ნამახვანჰესთან დაკავშირებით გახმოვანდა. სახელმწიფო ორივე შემთხვევაში აპირებს დიდ საინვეტიციო პროექტში მთავარი როლი შეასრულოს.
როგორც დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მირცხულავამ დაადასტურა, სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა. სახელმწიფო მსხვილ ენერგოპროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე იქნება ჩართული, რაც ინვესტორისთვის „მწვანე შუქის“ ასანთებად პროექტის მომზადებას გულისხმობს.
„სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინვესტორი გავა ამ პროექტებიდან, თუმცა პერსპექტივაში ეს არ იქნება სრულიად სახელმწიფო ელსადგურები.
მთავრობა, საწყის ეტაპზე, უმნიშვნელოვანეს სამუშაოებს შეასრულებს - ეს არის ნებართვები, სოციალური საკითხების მოგვარება, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, რაც რეალურად ინვესტორს ამ პროექტების შესრულებისთვის მწვანე სიგნალს მისცემს. სახელმწიფო გარკვეული პროცენტით იქნება ყველა ამ პროექტში და ეს ინვესტორების პროექტებში თამამად შემოსვლას ხელს შეუწყობს.
ვიცი, რომ მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეს სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. საქართველსოთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხუდონის და ყველა დიდი პროექტის განხორციელება, აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს თუნდაც იმიტომ, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურებს ვერ ავამუშავებთ. ამდენად, ვემხრობი ამ პროექტს.
ხუდონჰესიც და ყველა სხვა მასშტაბური პროექტი, როგორიცაა ნამოხვანი და ნენსკრა, აუცილებლად განსახორციოელებელია. ყველა ეს პროექტი სჭირდება ქვეყანას ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ მათი დაყენება გაუმართებელია“, - აღნიშნა დავით მირცხულავამ.
დიდი ჰესების აშენებას ყველა ენერგეტიკოსი ემხრობა, თუმცა მათი მიდგომა სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით სხვადასხვაა. ზოგი ფიქრობს, რომ მთავრობის უშუალო მონაწილეობა ენერგეტიკულ პროექტებში მხოლოდ დადებითი ეფექტის მომტანის იქნება, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების საქმე არ არის და მან სხვა ფუნქცია უნდა იტვირთოს.
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დიდი ჰესები და მათ შორის ხუდონი თუ ნამახვანჰესი სახელმწიფოს ჩართულობით არ უნდა აშენდეს და ფული ინვესტორმა უნდა დახარჯოს. მისი აზრით, სახელმწიფოს ფუნქცია სწორი ორგანიზებაა.
„საერთოდ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის კერძო ბიზნესის საქმის კეთება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - შემოტანილი თანხა ის არის, რაც ჩვენს ეკონომიკას ემატება და ზრდის. ჩვენ თუ რამე თანხა გვაქვს, შეიძლება ბევრ სხვადასხვა სფეროში გამოვიყენოთ, მათ შორის ბევრად სტრატეგიულ სფეროში, როგორიცაა განათლება, თავდაცვა, ჯანდაცვა და ა.შ. სახელმწიფოს რესურსები არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც შეიძლება გამოვიყენოთ გარედან შემოტანილი დამატებითი ფული. თანხა, რომელიც შემოდის, ვიღაცას ხელფასად მიეცემა, მოხმარდება გადასახადს, ჩვენი რესურსების ათვისებას, ჩვენთან კი, დარჩება ობიექტი“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.
ამ ინფორმაციის მიხედვით ბატონი მურმანი არის მაღალი რანგის ინჟინერი, მიკრო მენეჯმენტის გამოცდილებით, მაგრამ არა მაკროეკონომიკური პოლიტიკის სწავლული ეკონომისტი, რასაც ადასტურებს ამ სტატიის ბოლო აბზაცი. არ არის ინჟინრის საქმე ეკონომიკური პოლიტიკა და არც ენერგეტიკული პოლიტიკა. ჰესის ტექნიკური დაპროექტება და ექსპლუატაცია, კი ბატონო. ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების გამოკვეთა და ხელშეწყობა, სწორედ რომ ხელისუფლების საქმეა, რადგან მაკროეკონომიკის სფეროა. და საერთოდ, რომელი მაკროეკონომიკური თეორია უკრძალავს სახელმწიფოს სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობას.