ჰარი პოტერის 25 წლის იუბილეს მოახლოების გამო, სერიის წიგნების გაყიდვები ისევ გაიზარდა

ჰარი პოტერის 25 წლის იუბილეს მოახლოების გამო, სერიის წიგნების გაყიდვები ისევ გაიზარდა

დიახ, არ გეჩვენებათ, სწორად წაიკითხეთ — პოტერიადას წელს 25 წელი უსრულდება! ლეგენდარული ჯადოსნური საგის პირველი წიგნი მეოთხედი საუკუნის წინ, 1997 წლის ივნისში გამოიცა. ამ განსაკუთრებული იუბილეს მოახლოება, როგორც ჩანს, პოტერჰედებმა და სხვა მკითხველებმაც იგრძნეს, რადგან სერიის წიგნების გაყიდვები კვლავ გაიზარდა.

წიგნების გამომცემელი Bloomsbury-ის ცნობით, იუბილეს მოახლოების გამო, ჰარი პოტერის გამოცემების გაყიდვებმა 5 პროცენტით მოიმატა. ამასთან, სერიის პირველი ნაწილი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულშიც აღმოჩნდა მე-6 ადგილზე. გამოცემიდან საუკუნის მეოთხედის გასვლის მიუხედავად, რომანი რჩება The New York Times-ის ბესტსელერების ხუთეულშიც — უკვე 689 კვირის განმავლობაში.

ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის, შექმნილი ჰარი პოტერი დღემდე მიიჩნევა მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვად წიგნების სერიად. 7 რომანი წლების განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. პოტერიადა თარგმნილია 87 ენაზე, მათ შორის ორ მკვდარ ენაზე — ლათინურსა და ძველბერძნულზე. სერიის მიხედვით გადაღებულმა 8 ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.