ნატო თუ რუსეთი?!

ნატო თუ რუსეთი?!

ავღანეთში დატრიალებულმა ტრგედიამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა ნატოსა და რუსეთის თემა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ოდესმე ეს საკითხი უკანა პლანზე გადასულიყო.

„თუ ვიტყვით იმას, უნდა მიგვეღო თუ არა ნატოს ოპერაციაში მონაწილეობა ზოგადად, მე მგონია, რომ უნდა მიგვეღო მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში ჩვენი რისკები არაფრით არ შემცირდებოდა და კიდევ, ის რისკები, რაც ქვეყნის შიგნით გვაქვს: ოკუპანტისა და აგრესორის შეჩერება, შემდგომი ოკუპაციის შეჩერება თუ მისი გაყვანა საქართველოდან მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად შეგვიძლია, აქ სხვა გზა არ არსებობს. მე მსმენია მოსაზრება, რომ რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე.

ღრმად მწამს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი, უბრალოდ, მიითვისებს მთელ დანარჩენ ტერიტორიას. ის არაფერს არ დააბრუნებს, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე. შესაბამისად, რისკი გაცილებით მეტია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვიქნებით დემოკრატიული სამყაროს გვერდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ნატოსა და რუსეთის თემა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრის გადმოწევის ფაქტმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა.

რა სურს რუსეთს, რა საქართველოს და როგორია საქართველოს დღევანდელი შანსები და რისი მიღება შეგვიძლია, თუ დიპლომატიურ ალღოს სათანადოდ გამოვიყენებთ, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო, უკვე ალაპარაკდნენ რაღაც ახალ სცენარებზე, რომელიც ჩვენს გარეშე იწერება, რამდენიმე დღის წინ სადემარკაციო საკითხის გააქტიურებით რუსეთისგან მივიღეთ სრულიად მკაფიო გზავნილი. ქვენი შეფასებით რა ხდება?

- რაც შეეხება საზღვრის გადმოწევას, რუსული მხარე არც მალავს და შეგნებულად ისეთ ცინიკურ პასუხებს იძლევა, თუ სულელები არ ვართ, უნდა მივხვდეთ. ჯერჯერობით, კარასინის დონეზე არსებობს განცხადება, რომ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის თავის საზღვრების მოწყობითაა დაკავებული. საინტერესოა, რომ კარასინი პირდაპირ ამბობს, ეს საკითხი ჟენევას არ ეხება, რადგან სასაზღვრო საკითხებისთვის არსებობს სპეციალური ქართულ-ოსური კომისია. თიბილოვმაც განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს არ ეხებიან, საინჟინრო სამუშაოებს ატარებენ საკუთარ საზღვარზე.

მთავარი დამაფიქრებელი ფაქტორი, რომელსაც გვერდს უვლის საგარეო საქმეთა სამინისტროცა და ყველა სხვა უწყებაც არის - „რატომ ხდება ეს?“- როდესაც პუტინს სააკაშვილი თავისი რიტორიკით ძალიან აღიზიანებდა, მაშინ რატომ არ მოხდა საზღვრის გადმოწევა და მავთულხლართების გავლება?

ეს დაემთხვა ახალი ხელისუფლების მოსვლას, რომლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირედა იყო, რასაც მოჰყვა კიდეც საქართველოს მხრიდან გადადმული პირველი ნაბიჯი.

ეს კი დიპლომატიაში ძალზე ბევრს ნიშნავს, თუმცა რუსეთის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯი არ გადადგმულა და საქართველოს მცდელობა თავიდანვე განწირული იყო. რუსეთის პოლიტიკურ ჯურღმულებში გამოწვრთნილი კარასინის ფუნქცია ერთადერთი რამ იყო, - გაერკვია, რამდენად შორს აპირებდა წასვლას ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი და მისი გუნდი ყოველთვის აცხადებდა, რომ საგარეო კურსის შეცვლას არ აპირებდა...

- სიმართლე გითხრათ, ამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება სერიოზულად მაბნევს-ხოლმე, მაგალითად, ამასწინათ, „იმედის“ ეთერში ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკა დავიწყეთო. როგორც ჩანს, დიპლომატიაზე იურისტის წარმოდგენა აქვს და ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ არჩეული ახალი საგარეო პოლიტიკა - ჩვენი მთავარი ვექტორი შეიცვალა? ლექსიკის კორექტირება საერთოდ არ ნიშნავს ახალ საგარეო პოლიტიკას.

თუმცა რუსეთი ჩვენგან სწორედ ახალ საგარეო პოლიტიკას ითხოვს. პუტინი რასაც არ ლაპარაკობს, ამას მისი რუპორები ამბობენ, დუგინი იქნება ეს, ლეონტიევი თუ ზატულინი. შემთხვევითი არ იყო კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგის, დუგინის ინტერვიუ, სადაც ლაპარაკია, რომ საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს ტერიტორიული პრობლემის მოგვარებისა - შემოვიდეს ევრაზიულ კავშირში და მაშინვე გადაწყდება მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც, ვინაიდან იქ უკვე საზღვრები არ იქნებაო.

თუ გვაინტერესებს, რუსეთისთვის რიტორიკის შეცვლა ბევრს არაფერს ნიშნავს. რუსეთს სწორედ პოლიტიკის შეცვლა უნდა, ნატოსა და ევროკავშირისათვის ზურგის შექცევა და ნელ-ნელა, დრეიფი ევრაზიის კავშირისაკენ. ის, რასაც უკრაინას უკეთებენ. ასტანაში ჩაიყვანეს იანუკოვიჩი და პრაქტიკულად მიაბეს უკვე საბაჟო კავშირს, ვუყურებდი იანუკოვიჩს, სახეზე ზეთი ჩამოსდიოდა, ჩანდა, რომ ხელები გადაუგრიხეს და ისე აიძულეს. შემდეგ საქართველოს რიგიც მოვა.

უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც უფრო მალე გავითავისებთ, რომ რუსეთი არასოდეს არ შეეგუება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მით უკეთესი იქნება. ვერასოდეს დავაჯერებთ რუსეთს, რომ საქართველო ნატოში მისთვის არანაირი საფრთხე არ არის. მედვედევის კიდევ ერთი განცხადება გავიხსენოთ, როდესაც თქვა, რომ ომი იმიტომ დავიწყეთ, ნატო საქართველოში რომ არ გვენახაო, მეტი როგორღა უნდა თქვან?!

შეიცვალა საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულება მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა?

- მექმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ მოტყუვდა, შეიქმნა ილუზია, რომ ივანიშვილი დარეგულირებაში გულისხმობდა ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმას და ევრაზიისაკენ ნაბიჯის გადადგმას. ან აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას და შემდეგ აქედან მოლაპარაკებების დაწყებას რაღაც ფორმით გაერთიანების შესახებ.

როდესაც რუსეთმა ნახა, რომ არანაირი ახალი პოლიტიკა არ დაწყებულა და უბრალოდ, უფრო ცივილეზებული შეფუთვა მოხდა, პროდასავლური კურსის, რუსეთი იმედგაცრუებულია და ცდილობს, რაშიც ვერ დაარწმუნა შევარდნაძე და სააკაშვილი, იმაში დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ საქართველოს სხვა გზა არ აქვს, გარდა რუსეთისა.

ბოლო დღეებში საქართველოში საკმაოდ დიდი დოზით იყვნენ წარმოდგენილი დასავლეთის, მათ შორის ნატოს წარმომადგენლები, ხომ არ ნიშნავს ეს ღიად გამოხატულ მხარდაჭერას, თუნდაც იმისათვის, რომ რუსეთის ამგვარ შემოტევებს გავუმკვლავდეთ?

- სიმართლე გითხრათ, ნატოს კვირეულს ყოველთვის ვესწრებოდი-ხოლმე, სიტყვითაც გამოვდიოდი და სემინარებსაც ვატარებდი, ახლა პირველად აღარ წავედი, უკვე მომბეზრდა ეს არაფრისმომტანი ბუტაფორია, აბსულუტურად უშედეგო. მე შედეგი მაინტერესებს, დიპლომატია ფასდება მხოლოდ შედეგით და არა ღონისძიებებით.

ნათქვამია მელას ძვალი არც ეთმობოდა და არც ერგებოდაო, ისეა დასავლეთიც, არც ჩვენი ნატოში მიღება უნდა და არც ჩვენი რუსეთისკენ წასვლა. სურს, რომ სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ. სასაცილოა, ვაშაძე ამბობდა მოლოდინის სტრატეგია გვაქვს არჩეულიო, სხვაა როცა რაღაცას ელოდები და სხვა, როცა ნატოს მისაღებში დაგაბერებენ. ჩვენი ახალგაზრდა რეფორმატორები ამ მისაღებში ჩვენს თვალწინ გაჭაღარავდნენ და ალბათ, ასე გაგრძელდება დიდხანს.

ვიცით, რომ დასავლეთისთვის საქართველო კარგი სავაჭრო თემაა რუსეთთან ურთიერეთობისას, როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა გზა უნდა გამოვძებნოთ, რომ რაღაც ეფექტი მაინც მივიღოთ?

- ჩვენც უნდა ვივაჭროთ, ჩვენი სტრატეგიული შეცდომა ის იყო და ამის შესახებ მითქვამს კიდეც ჩვენი პრეზიდენტისთვის, რომ კვერცხი ერთ კალათაში ჩადო. ახლა პუტინი ელოდება, რომ ივანიშვილი იმ კვერცხებს ამოიღებს და მეორე კალათაში ჩადებს, მაგრამ ივანიშვილს სურს, მეორე კალათაში სხვა კვერცხები ჩააწყოს და ორი კალათა ჰქონდეს. მაგრამ რუსეთი ამას არ მიიღებს, მისთვის, ვინც მასთან არ არის, მისი მტერია. ეს არის რუსეთის ისტორიული დიპლომატია - ჩვენც უნდა ვივაჭროთ, ის კი არ უნდა ვამტკიცოთ, რომ 100 წელი მოვითმენთ და რუსეთისკენ მაინც არ გავიხედებითო, არამედ ჩვენც უნდა ვაგრძნობინოთ დასავლეთს, რომ ძალიან ცუდი, მაგრამ ალტერნატივა მაინც გაგვაჩნია - ეს არის დიპლომატია.

დღეს ვამაყობთ იმით, რომ დასავლეთის გარდა ალტერნატივა არ გაგვაჩნია, საკითხავია, რატომ არ გაგვაჩნია?!- ეს არ არის დიპლომატია. ვერც ერთ დიპლომატიურ სახელმძღვანელოში მსგავსს ვერაფერს ნახავთ, რომ ქვეყანა ამბობდეს, ალტერნატივა არ გამაჩნიაო. ყველა ამბობს, რომ ალტენატივა აქვს, თუნდაც მოჩვენებით. დღეს ვირტუალური ალტერნატივაა ჩვენთვის რუსული კურსი, მაგრამ მაინც ალტერნატივაა - ეს დიპლომატიაა, აუცილებელი კი არ არის, დილით რაღაცას რომ იტყვი, საღამოს შეასრულო.

დასავლეთმა ყურებით დაგვიჭირა და ნახეთ რას გვეუბნებიან, ძალიან ბევრი გააკეთეთ, მაგრამ უფრო დიდი რამ დაგრჩათ გასაკეთებელიო. გაგიგონიათ ვინმეს ეთქვას ჩვენთვის დასავლეთში, რომ თქვენ ნახევარი გზა უკვე გაიარეთო?!

თქვენი პროგნოზით, ოქტომბრამდე რუსეთის შემოტევები კიდევ უფრო გააქტიურდება?

- მგონია, რომ ეს უფრო ოქტომბრის შემდეგ მოხდება. ვფიქრობ, ივანიშვილი მაინც ანგარიშს უწევს სააკაშვილის რეიტინგს უცხოეთში. მერე კი მგონია, რომ უნდა გადადგას ვიღაცისთვის არაპოპულარული ნაბიჯი ივანიშვილმა და უნდა დაიწყოს პუტინთან შეხვედრის გზების ძებნა. შეიძლება ეს შეხვედრა მოხდეს ოლიმპიადაზე, შესაძლოა, სადღაც ევროპაში და გარღვევას ამის შემდეგ ველოდები.

ჯერჯერობით ივანიშვილი შეხვედრაზე არ წავა, რადგან ვიდრე სააკაშილს აქვს საშუალება, შეხვედრის მეორე დღიდანვე მთელი მსოფლიო შემოიაროს თავისი კომენტარებით, ივანიშვილი ასეთ საჩუქარს სააკაშვილს არ გაუკეთებს - ბუნებრივია და ესეც პოლიტიკაა. ამიტომ მოსალოდნელია, არჩევნების შემდეგ, როდესაც სააკაშვილი ჩვეულებრივი მოქასლაქე იქნება და საკუთარი ფულით როგორც რიგითი მგზავრი ისე იფრენს მსოფლიოში, როცა სააკაშვილისთვის სხვა ქვეყნის პირველ პირთა კარი ასე ადვილად აღარ გაიღება, სულ სხვა რეალობა დადგება ივანიშვილისათვის.

ივანიშვილი კარგი გაგებით, უფრო გათამამდება და უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს. დღეს ივანიშვილის ყველა ნაბიჯს საგარეო მიმართულებით საკაშვილის აჩრდილი ფარავს. თითქმის უმნიშვნელოა ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, დიპლომატიის ენაზე კი საერთოდ არაფერს არ ცვლის, მაგრამ ესეც პრობლემად იქცა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის დონეზე აიყვანეს.

ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის ბევრი ნაბიჯი მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, თქვენი შეფასებით მართლაც ხდება ასეთი თანხვედრა?

- საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წელი მაინც რომ იყოს დარჩენილი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ეს ვადა 4-5 თვეში იწურება და რაც ხდება, ეს ტრაგედია არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შემდეგ თუ იარსებებს კრეატიული გადაწყვეტილებების პოტენციალი ჩვენს საგარეო უწყებაში, თუ ქართული დიპლომატიური არსენალის შემადგენელი ნაწილი ინტელექტი გახდება, რასაც დღეს, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ვხედავ, ბევრი სასარგებლო ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას.

მეტი პროფესიონალიზი გვჭირდება საგარეო მიმართულებით და ელჩების საკითხსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხედოთ. განსაკუთრებით, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიაზეა საუბარი, რადგან ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთზე არანაკლები წონა გააჩნიათ.