ოსკაროსანი ჯოკერის მეორე ნაწილი, სახელად Joker: Folie à deux უკვე კინომოყვარულების ყურადღების ცენტრშია. გამოცემა The Hollywood Reporter წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალ ფილმში ხოაკინ ფენიქსთან ერთად შესაძლოა ლედი გაგაც ვიხილოთ, რომელიც ჰარლი ქუინის როლს მოირგებს.
წყაროების მიხედვით, ლედი გაგასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გაგას ჰარლი ქუინი და მარგო რობის ჰარლი ქუინი DC-ის სხვადასხვა სამყაროებში იქნებიან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წყაროები იმასაც იუწყებიან, რომ ჯოკერის მეორე ნაწილი მიუზიკლი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა ინსტაგრამზე ჯოკერის მეორე ნაწილის სახელწოდებასთან ერთად ხოაკინ ფენიქსის ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოში ხოაკინი, სავარაუდოდ, ფილმის სცენარს კითხულობს.
ჯოკერი 2019 წელს გამოვიდა და მაყურებელთა ინტერესი და მოწონება მალევე დაიმსახურა. ფილმმა ოსკარზე 11 ნომინაციიდან ორში გაიმარჯვა. ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.