გასულ კვირას ჯენიფერ ენისტონმა პოპულარობის შესახებ Variety-ის გადაცემაში, სახელად Actors on Actors, ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ დღეს ცნობილ ადამიანად ყოფნა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ეს იდეა 1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში მოიაზრებდა.
მსახიობის თქმით, ბევრი რამ ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ შეცვალა და ახალი კულტურა ჩამოყალიბდა იმის შესახებ, თუ ვინ არის ცნობილი ადამიანი. "დღეს ადამიანები ცნობილი სახეები არაფრის კეთებით ხდებიან. ვგულისხმობ პერის ჰილტონს, მონიკა ლევინსკის და სხვა ასეთ ადამიანებს", — ამბობს ენისტონი ინტერვიუში.
"თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან ამ ინდუსტრიას მანამდე შევუერთდი, სანამ ის გახდებოდა, რაც დღეს არის. დღეს ადამიანები ტიკტოკის, იუთუბისა და ინსტაგრამის მეშვეობით ხდებიან ცნობილები. ეს კი იგივეა, რაც მსახიობის საქმის გაუფასურება", — დასძინა ენისტონმა.
მსახიობის კომენტარების საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იმ ფაქტს გაუსვეს ხაზი, რომ ჯენიფერ ენისტონის მშობლები ცნობილი მსახიობები არიან. ზოგიერთმა ადამიანმა კი ისიც თქვა, რომ მსახიობის კარიერა ნეპოტიზმის დამსახურებაა.
"ის დრო მენატრება, როცა ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდი, თუ უკვე პრივილეგირებული და მდიდარი იყავი — რეალურად, ენისტონის სიტყვები ამას ნიშნავს", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე.
"ხალხი იმის გამო ბრაზდება, რომ დღეს ინდუსტრია უფრო მრავალფეროვანია და ყველანაირი წარმომავლობის ადამიანს შეუძლია ცნობილი გახდეს, რომელსაც ტელეფონის გარდა სხვა არაფერი აქვს", — წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.
ჯენიფერ ენისტონი ჯერჯერობით სოციალურ ქსელების მომხმარებლების კრიტიკას არ ეხმაურება.