„ბორჯომი“ მთავრობის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. წესით და რიგით მალე მინერალური წყლების ქარხნები უნდა ამუშავდეს და რეგიონში პროტესტიც მინელდეს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამისათვის ყველა პირობა შეიქმნა.
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, „აიდიეს ბორჯომი ინტერნიეშენელის“ მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს. მხარეთა შეთამხმების საფუძველზე მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება „აიდიეს ბორჯომი ინტერნიეშენელის“ მაკონტროლებელი ფუნქცია. დირექტორთა საბჭოშიც მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება; „აიდიეს ბორჯომი ინტერნიეშენელის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარიგება რეგულატორების ჩართულობით გაფორმდა და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო გახდება აქციონერი იმ ჯგუფისა, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა. ეს არის უსასყიდლო გარიგება და ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ, სახელმწიფო გახდება ჩვენი ეროვნული სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომლებიც „ბორჯომს“ ჰქონდა, მოიხსნება.
აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგვიანებით კი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად ახსნა „ბორჯომსა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
„ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.
მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორითა და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული. ისინი აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.
მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი - მეორე მსხვილ აქციონერს, „ბლექ უოთერ ლიმიტედს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
„ბორჯომის“ აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, რათა მიღწეული ყოფილიყო მთავარი მიზანი - „ბორჯომს“ შეძლებოდა სრულფასოვანი საქმიანობა, რაც დადასტურებულია კრედიტორი ბანკების მხრიდან.
„ასეთი გარიგების შემთხვევაში კომპანია სრულფასოვნად შეძლებს ფუნქციონირებას, საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას და საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. ჩვენი მიზანი ეს იყო. ასევე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია რამდენიმე მარეგულირებელ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს ბრიტანეთის და ევროპელი მარეგულირებლები არიან. ასევე გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, საელჩოებთან, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ - ერთი მხრივ, კომპანია „ბორჯომის“ ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის გარიგების დადებით მხარეებზე საუბრობენ ფინანსისტებიც. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ჭარაიას აზრით, პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო იდენტობის მატარებელი კომპანიის გადარჩენას ისახავს მიზანს, მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ნაბიჯია.
„იმედია, ანგარიშებიდან მალე მოიხსნება ყადაღა და თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებაც ეტაპობრივად განხორციელდება. „ბორჯომის“ კრიზისის დარეგულირების შანსი გაჩნდა, ამასთან ისიც საგულისხმოა, რომ ომით გამოწვეული უდიდესი პრობლემები, მათ შორის საექსპორტო ბაზრის 80%-ზე წვდომა და მასთან დაკავშირებული რიგი საკითხები კვლავაც გაურკვეველია.
მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მონაწილეები, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რეალურ კომპრომისზე იფიქრონ.
შეთანხმებას კი დღეს ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. დღეს „ბორჯომი“ უნდა გადარჩეს და გააგრძელოს განვითარება. ამისათვის ყველამ - კომპანიამ და თანამშრომლებმა - შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და ამ პროცესში საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
სხვათა შორის, მთავრობისა და „ბორჯომის“ აქციონერების გარიგება დადებითად მიიღებს ქარხნებში დასაქმებულებმა, რომელიც დიდი ხანია პროტესტს სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ თბილისში აქციები აღარ გამართონ და მედიაციის პროცესს მიუბრუნდნენ.
კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულების თქმით, პრემიერის განცხადება მათთვის სასიხარულოა და თუ მოთხოვნების გათვალისწინება მოხდება, პროტესტს არ გააგრძელებენ.
„პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადება ჩვენთვის იყო სასიხარულო. ყველაფერი არის შესრულებადი, ისეთს არაფერს ვითხოვთ, რომ ვიღაცამ არ გაგვიგოს და არ მოგვისმინოს. მე მადლობელი ვარ ასეთი განცხადების გაკეთებისთვის. თუ პრემიერის არ დაიჯერე ამ ქვეყანაში, აბა, ვიღასი უნდა დაიჯერო, მაშინ ქვეყანა აღარ ყოფილა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროტესტის მონაწილეები მზად არიან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.