„ეს რეზოლუცია არის პირდაპირი მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ გვერდით დაუდგა ქართველ ხალხს“

„ეს რეზოლუცია არის პირდაპირი მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ გვერდით დაუდგა ქართველ ხალხს“

ბიძინა ივანიშვილს სანქციების არ ეშინია, სამაგიეროდ, ევროპარლამენტართა რეზოლუციის ტონი და ივანიშვილის მოხსენიება სააკაშვილ-გვარამიასთან ტანდემში არ მოსწონთ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ევროპა მხოლოდ ერთ რეაქციას მიიღებს საქართველოდან -ანტიევროპულ განწყობას და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებს.

ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა, როცა „ნაციონალებმა“ პოლიტიკაში ახლადშემოსული ბიძინა ივანიშვილის გაჩერება ბანკი „ქართუს“ გაკოტრების გზით სცადეს. მაშინ უბრალო მოსახლეობა დაუდგა გვერდში მილიარდერ ბიზნესმენს. სოლიდარობის ნიშნად ხალხი „ქართუ ბანკში“ ანაბრებს ხსნიდა და თუნდაც მცირეოდენ დანაზოგს სთავაზობდა ბანკს.

რა მოხდება დღეს და რამდენად შეიცვალა საზოგადოების განწყობა ივანიშვილის მიმართ, ამის თქმა რთულია, მაგრამ თვითონ ერთი პასაჟია მნიშვნელოვანი - 2011 წელს ხალხს იმდენად არ უნდოდა „ნაციონალების“ რეჟიმი, რომ ბიძინა ივანიშვილში გადამრჩენელს ხედავდა. მართალია, იმ დროს ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილი, მაგრამ ევროპარლამენტარები რატომღაც სააკაშვილში ვერ ხედავდნენ დესტრუქციულ როლს, სამაგიეროდ, დღეს ევროპარლამენტი შეშფოთებულია ივანიშვილის „დესტრუქციული როლის“ გამო. უფრო მეტიც, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ სწორედ ივანიშვილის გამო გაფუჭდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში, ამდენად, მისთვის სანქციების დაკისრებას მოითხოვს.

„საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე“, - აცხადებს მომღერალი გია გაჩეჩილაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ.

კახა კალაძის აზრით, იმ ადამიანზე გვეუბნებიან, ცუდი კაციაო, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, მეცენატი. ამდენად, რეზოლუციაში ნახსენები არც ერთი სიტყვა კალაძისთვის სანდო არ არის.

სანქციების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოვა თუ არა ჩვენი საზოგადოება?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ უპასუხებს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებას, მაგრამ ეს რეზოლუცია არის პირდაპირი მესიჯი, რომ უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ გვერდით დაუდგა ქართველ ხალხს, რათა 2012 წელს მოეშორებინა ბოროტება, რასაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა და ჩამოეშორებინა ის პოლიტიკიდან არჩევნების გზით.

„მე, როგორც ერთი მოქალაქე, მზად ვარ, ყველანაირად ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა, მეორე არ ვიცი. თანამედროვე ქართულ ისტორიაში მან შეძლო ის, რაც პირადად მე ვერ შევძელი. თქვენ იცით, როგორ ვებრძოდი მაშინდელ ბოროტებას, როგორ ვიყავი „ნაციონალების“ ოპოზიციაში და ვერაფერი გავაკეთე. ყველაფერი გავიღე ამისთვის, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე, რადგან მათ უკან თურმე რამხელა ძალა მდგარა ევროპარლამენტართა სახით. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან წარმოდგენილნი, მეორე მხრივ, ამერიკას, რომელსაც იგივე მოთხოვნა აქვს ჩვენთან მიმართებით, რომ საზარბაზნე ხორცად ვიქცეთ“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე და შეკითხვის საპასუხოდ, ხალხი გამოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად, განმარტავს, „რატომ არ გამოვა? - ხალხი ბიძინასთვის კი არა, საკუთარი თავის გადასარჩენად გამოვა“.

ნანა კაკაბაძის აზრით, ბიძინა დღეს ლაკმუსის ქაღალდია, მასზე შეტევა ნიშნავს, რომ ეს ძალები უტევენ საქართველოს ინტერესებს, რადგან ბიძინამ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვა. ნანა კაკაბაძეს უკვირს, რას ნიშნავს, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება და, მეორე მხრივ, სააკაშვილის „ჰუმანიტარულად“ გათავისუფლება.

„ჰუმანიტარული დახმარება ვიცი მე, რას ნიშნავს ადამიანის ჰუმანიტარულად გათავისუფლება? რომელ შეწყალებაზეა საუბარი, შეწყალება როგორ შეიძლება შეეხოს სააკაშვილს, რომელი პარამეტრით? მით უმეტეს, კიდევ მიმდინარე საქმეებია მის წინააღმდეგ, მარტო ერთ და ორ საქმეზე ხომ არ აქვს მისჯილი? ოთხი მიმდინარე პროცესი აქვს. კანონის მიღმა გადაწყვეტილებას გვთავაზობენ, ანუ გვამცირებენ ისე, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მოხდა, როცა კონსტიტუცია დაგვახიეს თავზე. კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ გამონათქვამს - ჰუმანიტარულად გათავისუფლებული პირი. უბრალოდ, ცინიკურად გვეუბნებიან, მერე რა, რომ კანონმდებლობა ასეთ რამეს არ იცნობს მსოფლიოში, გააღეთ კარი და გაუშვით სააკაშვილი იმიტომ, რომ ასე გვინდა“, -განმარტავს ნანა კაკაბაძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ხალხი ბიძინას დაცვის მოტივით ქუჩაში არ გამოვა. ვინც ქუჩაში გამოვა, ის სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელი იქნება. ასე მოხდა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდშიც, როცა მთელი აჭარა ჩამოვიდა შევარდნაძის დასაცავად. 2012-ში „ნაცმოძრაობის“ დასაცავად გამოვიდნენ და მთელი სტადიონი გაავსეს, მაგრამ მერე ვინ სად გაიპარა, კაცმა არ იცის. ამდენად, ხელისუფლების ორგანიზებით ქუჩაში გამოსული ხალხი ეს არ არის პროტესტი.

„2012 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, ხალხი მას გვერდით დაუდგა და „ქართუ ბანკში“ შეჰქონდა დანაზოგი. ეს იყო ხალხისგან წამოსული ნამდვილი რეაქცია, დღეს ასე არ მოხდება. იმედგაცრუება არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მიმართ. ეს იმედგაცრუება მოსახლეობის 2/3-შია, რომელ საპროტესტო გამოსვლაზეა საუბარი? ქუჩაში თუ გამოვა ხალხი და, იმედი მაქვს, ეს ძალიან მასშტაბური არ იქნება, პროტესტის ნიშნად გამოვა სწორედ იმ მოტივით, რომ ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ღმერთმა ნუ ქნას, ასე მოხდეს და არ მოგვცენ ეს სტატუსი. თუმცა დღეს ისეთი განწყობა არ არის ჩვენს საზოგადოებაში, რომ თუნდაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემაზე ხანგრძლივი პროტესტი დაიწყოს და ოპოზიციამ რამის აგორება შეძლოს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცია უთუოდ იქნება. თუ ვინმე იქადის, რომ ივანიშვილის დასაცავად ხალხი გამოვა ქუჩაში და რიგები დადგება სამების ეკლესიასთან, ასე არ იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მანვე განმარტა, რომ 2012 წლამდე ივანიშვილი, ალბათ, იყო ყველა დროის ყველაზე დიდი ქველმოქმედი მთელ მსოფლიოში, თუკი ერთ სულ მოსახლეზე გაწეულ მის ქველმოქმედებას გადავიანგარიშებთ, მაგრამ 2012-ში ქველმოქმედებით მოპოვებული პოპულარობა მან პოლიტიკურ კაპიტალში გადაახურდავა. თუკი თავის დროზე პოპულარული გახდა იმით, რომ ქველმოქმედებას ეწეოდა, შემდეგ ეს პოპულარობა გამოიყენა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩასაბმელად. ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ 2012 წელს პირადად იგი მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, რადგან იმ პერიოდში ივანიშვილის დამსახურება საკმაოდ დიდი იყო და ამის დაკნინება არ შეიძლება, მაგრამ დღეს ვითარება სხვაგვარია, დღეს ის ქველმოქმედი აღარ არის, პოლიტიკოსია.

„დღეს, როდესაც ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი ახდენს გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე, სხვაგვარად ვინმე ფიქრობს? 1% მაინც თუ იქნება ჩვენს მოსახლეობაში, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა?!“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

leviko ევროპა ნეტავ რას ხედავ უკვე გასაკვირი არ არის რომ ერეკლე მეორემ რატომ აირჩია რუსეთი და არა ევროპა, იმ დროსაც ევროპა ასე იქცეოდა როგორც ახლა
1 წლის უკან
ჯარჯი ძაბირაძეც ივანიშვილს და სააკაშვილს ადარებს? ხალხი დიახაც რომ გამოვა ბიძინას მხარდასაჭერად, თუ საჭირო გახდა
1 წლის უკან
Maverick "კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ გამონათქვამს - ჰუმანიტარულად გათავისუფლებული პირი. უბრალოდ, ცინიკურად გვეუბნებიან, მერე რა, რომ კანონმდებლობა ასეთ რამეს არ იცნობს მსოფლიოში, გააღეთ კარი და გაუშვით სააკაშვილი იმიტომ, რომ ასე გვინდა“,

ქალბატონო ნანა!

ჩაციებული რომ გავუგზავნოთ პახმელიაზე მყოფ, მიიშინაცუას გულშემატკივარ ევრო პარლამენტარებს გვარამიას და კეზერასთან ერთად არ შიეძლება???????????????
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გამოვალთ ვახტანგ, გამოვალთ! ბიძინა ივანიშვილის გულისათვის ყველა ნამდვილი, სამართლიანობის მოყვარული ადამიანი გამოვალთ, ეჭვიც არ შეგეპაროს! შენც უნდა გამოხვიდე, აუცილებლად! აბა გაიაზრე, უკვე კარგა ხანია გამოსული ხარ რესპუბლიკური პარტიიდან, სადაც ლოშპიანი, ყურფლარტა ლ. ბერძენიშვილის "ძმაკაცობით" იყავი გაერთიანებული!
1 წლის უკან