თამაში თავმოყვარეობის ზღვარზე

თამაში თავმოყვარეობის ზღვარზე

ახლოვდება თარიღი, როდესაც ცნობილი უნდა გახდეს საბოლოო პასუხი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამის ფონზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები უფრო ძლიერდება. იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი საქართველოს ამ სტატუსის მინიჭებაზე უარს ეტყვის, ვისი ბრალი იქნება? - მხარეები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს და ამბობენ: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო“.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკამაც იმატა, რასაც ასევე, „ქართული ოცნების“ საპასუხო კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ნეგატიურად იმოქმედებს ევროკავშირის საბოლოო პასუხზე, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს 24 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის კანდიდატის სტუტუსზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი. თქვენგან განსხვავებით შეთქმულების თეორიებზე არ ველაპარაკები, მე ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით“.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული კრიტიკა ასახვას არ ჰპოვებს ევროკავშირს გადაწყვეტილებაზე. მისივე თქმით, საზოგადოებაში ევროსტრუქტურების მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

„ეს კონკრეტული განცხადებები არ იმოქმედებს იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 24 ივნისს იქნება მიღებული, თუმცა მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების მიმართ უკმაყოფილება იზრდება და ეს ხდება იმის ფონზე, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კრიტიკა და უსამართლო მოწოდებები ისმის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, რაც საზოგადოებაში მეტ წყენას იწვევს. ძალიან მეშინია, რომ სერიოზულად არ დაიწიოს მთლიანად მოსახლეობაში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებმა ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს.

„ეს განცხადებები იქონიებს ნეგატიურ გავლენას. პირადი შეურაცხოფა მიუღებელია, რომელიც ხოციელდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ევროკავშირი აცნობიერებს, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. პრობლემა ის არის, რომ პრეტენზია ევროკავშირს შეიძლება ჰქონდეს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არამედ ამ პარტიის ამომრჩევლის მიმართაც. ჩათვალოს, რომ თუ ქართველი ხალხის სოლიდური ნაწილი მაინც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას და საზოგადოება არ არის დღეს მზად ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ღმერთმა ქნას კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, მაგრამ იქნება ძალიან ბევრი დათქმით და ამის შემდეგ არის ბევრი რამ შესასრულებელი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით“.

 

amo ბ-ნო ნიკა კი ნიღბავთ, მაგრამ მხარე ხართ. ორს რომ იქით ამბობთ, ერთი აქეთ ხომ უნდა თქვათ. თუ სულ ნულები ვართ.
1 წლის უკან
Maverick დოქსოპულო ჩიტაძევ!

შენ დედა გყავს?!
1 წლის უკან