„ვიხრები აზრისკენ, რომ ეს მასალა დამზადებულია ისლამისტების მიერ“

„ვიხრები აზრისკენ, რომ ეს მასალა დამზადებულია ისლამისტების მიერ“

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში აქტიურად განიხილება, თუ ვის მიერ არის დამზადებული ვიდეორგოლი „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“, რომელიც Youtobe-ზე გავრცელდა და, რომელიც ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისადმი მუქარას შეიცავს. ვიდეოს წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა დაიწყეს და როგორც მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ვიდეორგოლის ავტორის შესახებ გამოძიება google-სა და yahoo-სგან ელოდება ინფორმაციას.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეორგოლები საქართველოშია დამზადებული და, რომ ამით კონკრეტული პირები ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობისთვის ალიბს ქმნიან.

„შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც არ მოვწონდე, ვეზიზღებოდე. შეიძლება არსებობდნენ პარტიები, რომელთაც ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ არსებობს ზღვარი რომლის იქით გადასვლაც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. საქართველოს აქვს ტრადიცია, უთანხმოების. არსებობს რაღაც რის იქითაც არ უნდა მივდიოდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მთავრი ისაა, რომ ეს ვიდეოები არც ავღანეთშია გაკეთებული და არც თალიბთა მიერ. დიდი ალბათობით ეს დამზადებულია საქართველოში, ქართველთა მიერ კონკრეტული მიზნებისათვის. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თბილისში, შეიძლება ვიღაც იჯდეს და აკეთებდეს ამას. ჩემს გალანძღვას ავიტანდი, მაგრამ არის მოწოდება საქართველოს შიგნით, ტერორისტული აქტების მოწყობის. კონკრეტული პირები ალიბს ქმნიან ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჟურნალისტმა თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში, „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“, მის მიერ 2010 წელს ავღანეთში გადაღებული კადრები ამოიცნო. თემურ კიღურაძე, რომელმაც 2010 წელს რეპორტაჟი ავღანეთში მდებარე ქართული ბაზიდან ტელეკომპანია ПИК-ისთვის ("პირველი კავკასიური") მოამზადა, საკუთარ ბლოგზე წერს, რომ კადრები, რომელიც მან და მისმა ოპერატორმა გადაიღეს, ვიდეოში 1:30-ე წამიდან ჩნდება. მისივე თქმით, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - კადრებს არ ადევს ტელეკომპანიის ლოგო, რაც ჟურნალისტს კითხვებს უჩენს: „ვინ მისცა წვდომა შავ მასალაზე ვიდეორგოლის ავტორებს? და კიდევ ერთი შეკითხვა - რატომ?“ მისივე მტკიცებით, ტელეკომპანია „პიკის“ მთელი არქივი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ინახება.

ამის საპასუხოდ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ არქივში ინახება მხოლოდ ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ (პიკ-ის) საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ ინახება ტელეკომპანია „პიკ“-ში, თუმცა თავად „პიკ“-ის ყოფილი თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ, სად ინახება ტელეკომპანიის არქივი და ვის აქვს მასზე წვდომა.

ამდენად, არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ვიდეორგოლი მართლაც საქართველოში იყოს დამზადებული, თუმცა ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი დამზადება, სოციალურ ქსელების მეშვეობით გავრცელება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა, ეს უკვე, ალბათ, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

For.ge-სთან საუბარში „პიკ“-ის გენერალური დირექტორის ყოფილმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის არქივი სერვერებში იყო ჩატვირთული და ეს სერვერები „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წაიღეს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ყველაზე ნაკლებად ეს ქართულ პოლიტიკურ ძალებს უნდა აწყობდეთ, თუმცა ფიქრობს, რომ მასალა შესაძლოა მართლაც საქართველოშია დამზადებული.

ბატონო მამუკა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ჯარისადმი მუქარის შემცველი ვიდეორგოლი სავარაუდოდ, საქართველოშია დამზადებული და ამით კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში ტერაქტის მოწყობისთვის ალიბს ქმნიან. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მე ვერ ვიტყვი, ვინმემ ტერაქტი უნდა მოაწყოს თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ვიდეორგოლი საქართველოში, ან მის სამეზობლოშია დამზადებული. ოღონდ ეს არ არის არც თალიბების და არც ალქაედას მიერ დამზადებული, რადგან მე ნანახი მაქვს წინა აზიაში დამზადებული ასეთი ვიდეორგოლები და მათ სულ სხვანაირი სპეციფიკა აქვთ, ასეთ რგოლებში შეიძლება რამდენიმე „სურა“, ან რაღაც ციტატა იყოს მოყვანილი, გარდა ამისა, ასეთ ვიდეორგოლებს მუსიკა არავითარ შემთხვევაში არ ადევს და ა.შ. ბევრი ნიუანსია, რომელიც მაფიქრებინებს, რომ ეს რგოლი საქართველოშია დამზადებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ატვირთული ეს მასალა ნამდვილად საქართველოდან არის, რადგან კოდი გახსნეს და მასში ორი ასო არის მითითებული (“GE“), რაც ცხადჰყოფს, რომ ვიდეორგოლი სწორედ საქართველოდან არის ატვირთული.

რაც შეეხება ამ რგოლის ავტორებს, ამაზე ცოტა რთულია მსჯელობა, მაგრამ მე მაინც ვიხრები აზრისკენ, რომ ეს მასალა დამზადებულია ისლამისტების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან, ან სამეზობლოში მყოფი ისლამისტების მიერ (ჩრდილოეთ კავკასიას ვგულისხმობ), მით უმეტეს, რომ იმარატის მუქარა არსებობდა და არსებობს დასკვნები, რომლებიც იჩქერიის დევნილობაში მყოფმა ხელისუფლებამ შექმნა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ეს ვიდეორგოლი ამ ჯგუფების მიერ იყოს დამზადებული.

მთავარი აქ სხვა რამეა. კერძოდ, თუ ამ ჯგუფებმა წინასწარ გაავრცელეს ეს ვიდეორგოლი იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ეს თავდასხმა მოხდებოდა, ეს კიდევ სხვა უბედურებაა, რადგან ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ჯგუფსა და ავღანეთში მყოფ ტერორისტებს შორის კოორდინირებული ქმედება ხორციელდება. ეს ძალიან ღრმა ეჭვიანობიდან გამომდინარე მსჯელობაა, მაგრამ ასეთი ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ.

თუ ეს არის რომელიმე ქართული პოლიტიკური ჯგუფი, უბრალოდ, ვერ ვხედავ რაში უნდა აწყობდეს ეს ვინმეს. ვერ ვხდები, რა მოგება შეიძლება ნახოს გინდ ოპოზიციამ და გინდ ხელისუფლებამ ამგვარი ქმედებით. შეგვიძლია მოდელირებული ქრონიკა გავიხსენოთ. ვინც ეს მოდელირებული ქრონიკა შექმნა, სათავისოდ ნამდვილად ვერ გამოიყენა, რადგან ამას ძალიან ცუდი რეზონანსი მოჰყვა. ასე რომ, მე მაინც მგონია, აქ ისლამისტების ხელი ურევია.

ამ ყველაფერში საყურადღებო დეტალია ტელეკომპანიაპიკ“-ის ჟურნალისტის მიერ მისი გადაღებული კადრების ამოცნობა. „პიკ“-ის ყოფილი თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ, სად არის მათი არქივი, მათ თქმით, არქივისაზოგადოებრივ მაუწყებელსგადაეცა.

- ამას ამბობს მხოლოდ ერთი კაცი. „პიკ“-ის უამრავ თანამშრომელს ველაპარაკე და მათ არ იციან, სად არის მათი არქივი. გუშინ სპეციალურად მივედი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ (მოგეხსენებათ, მე პირველ არხზე დიდი ხანი ვმუშაობდი და ჩემი გარკვეული არხები მაქვს, საიდანაც ინფორმაციის მიღება შემიძლია) და გავარკვიე, რომ იქ არის მხოლოდ ეთერში გასული მასალა, ხოლო შავი მასალა მათ არ აქვთ. საერთოდ, არავინ იცის, სად წავიდა ეს არქივი, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მივაგენი. „პიკ“-ის თანამშრომლებს ვესაუბრე და ისინი ამბობენ, რომ არხიდან ისე გამოუშვეს, არავის უთქვამს მათთვის, სად წავიდა არქივი. შესაძლოა, ეს არხის ხელმძღვანელობამ იცოდეს.

ჩვენპიკ“– გენდირექტორის ყოფილ თანაშემწეს ვესაუბრეთ და მან გვითხრა, რომ მთელი არქივი სერვერებში იყო ჩატვირთული და ეს სერვერებისაზოგადოებრივ მაუწყებელშიწაიღეს.

- ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე მომხდარიყო და ყველაფერი სერვერებით „საზმაუწყებელში“ წაეღოთ. თუმცა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ეს უფრო გამოძიების თემაა. იმის არ იყოს, ახლა რომ მიდის მსჯელობა იმაზე, თუ ვის მიერ იყო ინსპირირებული წერილი, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა. ეს წერილი საფუძვლიანად შევისწავლეთ და ვხვდებით, რომ ეს არის წმინდა პროპაგადისტული ნაჯღაბნი, რომელიც მხოლოდ ქართული ჯარის შერცხვენაზე არის ორიენტირებული და რომელშიც ერთი სიტყვაც კი არ არის სიმართლე.

ვიდეორგოლის გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიღაცას სურს ქვეყანაში პანიკა დათესოს. მმართველ გუნდსა დანაციონალურ მოძრაობასშორის ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა ხდება და ისინი ერთმანეთს აბრალებენ ამ ვიდეოს გავრცელებას

- მე სწორედ ამ კითხვაზე მინდა მივიღო პასუხი – რატომ უნდა აწყობდეს ან ერთს, ან მეორეს ეს პანიკა, რას აძლევს ეს მათ? მაგალითად, ავიღოთ ნაციონალები. მათ შეეძლოთ ყველაფერი იგივე გაეკეთებინათ, ოღონდ თალიბანთან კავშირის გარეშე, ანუ, ეს მუქარა გაესაღებინათ, როგორც იმარატის მუქარა, ან სხვა რაღაც ამდაგვარი მოეფიქრებინათ, ყოველ შემთხვევაში, თვითონ დისტანცირებულები რომ ყოფილიყვნენ ამისგან. ორივე მიმართულებით (ანუ ავღანეთის შემთხვევაშიც, და ჩრდილოეთ კავკასიის შემთხვევაშიც) მათ აქვთ დაშავებული ისე, რომ ეს აქცია აუცილებლად ბუმერანგივით მოუბრუნდებოდათ უკან.

დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ რატომ უნდა აწყობდეს ქვეყანაში პანიკა? ამდენად, მე ლოგიკას ვერ ვპოულობ ამ ყველაფერში. შესაძლოა, მე უბრალოდ ლოგიკა არ მყოფნის და აქედან გამომდინარე, მე მაინც უფრო ჩემი ვერსიისკენ ვიხრები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

ბატონო მამუკა, იმ ფონზე, როდესაც ვიდეორგოლის წარმომავლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს მასალა საქართველოში არის დამზადებული და საქართველოდან ატვირთული.

- მიუხედავად პრეზიდენტისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, ის ადამიანია და აქვს ამის თქმის უფლება. მეც ვამბობ, რომ ეს რგოლი სავარაუდოდ საქართველოშია დამზადებული.

იმის კითხვა მინდა, თუ რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის მხრიდან იმის თქმა, რომ ვიღაც ქვეყანაში ტერაქტის მოსაწყობად ალიბს ქმნის?

- მაგაში არ ვეთანხმები, რომ ვიღაც მაინცდამაინც ალიბს ქმნის. უფრო ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს გავრცელებას პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგალითად, ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანა. აქვე გეტყვით, რომ ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს ვიდეო ადამიანთა ისეთი ჯგუფის მიერ იყოს დამზადებული, რომელიც ტექნოლოგიებს კარგად იცნობს და უნდა, რომ საქართველომ ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანოს. რუსეთზე თუ მიდგა საქმე, არ არის გამორიცხული ეს მათი ინსპირირებულიც იყოს. ყველაზე ნაკლებად მგონია, რომ ეს ამბავი ქართული პოლიტიკური ძალების მიერ იყოს ინსპირირებული, თორემ სხვა ბევრი შეიძლება იყოს.