მსოფლიოს უძველესი ხე შესაძლოა უკვე საუკუნეების იყო, როდესაც სტოუნჰენჯში პირველი ლოდები გამოჩნა. ამის შესახებ ახალი კვლევისგან გავიგეთ.
კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით მკვლევრებმა უძველესი გიგანტი — Fitzroya cupressoides შეისწავლეს. ხე ცნობილია როგორც "Gran Abuelo" (ესპანურად დიდი ბაბუა) და ის ჩილეს ანდებშია. მოდელირებამ აჩვენა, რომ ხე არც მეტი არც ნაკლები 5 400 წლისაა. დიახ, ახალგაზრდაო ვერ იტყვით.
თუ ეს თარიღი საბოლოოდ დადასტურდება, Gran Abuelo ნამდვილად მსოფლიოში უძველეს ხედ ჩაითვლება. ის თითქმის 600 წლით უფრო ძველი გამოდის, ვიდრე ამჟამინდელი ოფიციალური რეკორდსმენი Great Basin bristlecone ფიჭვის ხე კალიფორნიაში, რომელიც ცნობილია როგორც "Methuselah".
თუმცა, "დიდი ბაბუის" ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ გარკვეულწილად სადავოა, რადგან ამის დადასტურება მოითხოვს ხის რგოლების ანალიზს — მეთოდს, რომელიც ცნობილია როგორც დენდროქრონოლოგია. ეს ხის ასაკის განსაზღვრის ოქროს სტანდარტია და ამ მხრივ მონაცემები ჯერ არასრულია.
"რაც არ უნდა იყოს მისი ასაკი, ხე საფრთხეშია და დაცვას საჭიროებს. ის ახლა ცუდ მდგომარეობაშია და ამაში წვლილი ტურიზმს მიუძღვის. თავის მხრივ, ხე კლიმატის ცვლილებამაც დააზარალა", — თქვა ჯონათან ბარიჩივიჩმა, კლიმატისა და გლობალური ეკოლოგიის მეცნიერმა პარიზის კლიმატისა და გარემოს მეცნიერებების ლაბორატორიიდან.
წიწვოვანი ხე, რომელიც მსოფლიოს უძველესი ხის წოდებაზე აცხადებს პრეტენზიას 60 მეტრს აღწევს სიმაღლეში. თავიდან მიიჩნეოდა, რომ ის 3 500 წლის იყო. დიახ, არც ესაა ცოტა.
ასაკის გამოსათვლელად ჯგუფმა შეიმუშავა მათემატიკური მოდელი, რომელმაც გაითვალისწინა, თუ როგორ იზრდება cupressoides, ნერგიდან მომწიფებულ ხეებამდე. მოდელი ასევე ითვალისწინებდა ზრდის ტემპის ცვალებადობას გარემოსა და კლიმატის რყევებზე დაყრდნობით. შემდეგ გუნდმა გამოიყენა მოდელი ხის ზრდის ტრაექტორიის 10 000-ჯერ სიმულირბისთვის.
მოდელის შეფასებით, ხე, დაახლოებით 5400 წლისაა. მეტიც, ხე შეიძლება 6000 წლისაც იყოს, მაგრამ ეს მაქსიმუმია. დაახლოებით 80 პროცენტიანი შანსია, რომ ხე 5000 წელზე უფროსი იყო.
"თუნდაც ხე ძალიან სწრაფად მზარდი იყოს, ამ ზომის ფონზე, ის არ შეიძლება იყოს 5 000 წელზე ახალგაზრდა", — ამბობენ მკვლევრები.
"მიუხედავად იმისა, რომ ხემ ამდენი ხანი იარსება, მისი მომავალი საეჭვოა", — ამბობს ბარიჩივიჩი.
უძველეს ხეს აკრავს ვიწრო ბილიკი, რომელიც ანადგურებს მის უკანასკნელ ცოცხალ ფესვებს. იქვეა უამრავი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან ხის სანახავად და ამით უფრო მეტ ზიანს აყენებენ მას.
კლიმატის ცვლილებამ და თანმდევმა 10-წლიანმა გვალვამ ასევე დააზიანა ეს ბუმბერაზი ხე. მსოფლიოში უძველესი ხის შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად, ბარიჩივიჩმა და მისმა კოლეგებმა ხის ირგვლივ 3 მეტრის სიმაღლის ბადის ფარდის განთავსება მოითხოვეს. ეს დამცავი იქნება, რათა ხალხი არ მიუახლოვდეს მას.