უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამები ფართოვდება, მაგრამ ინტერესი თითქმის განულებულია

უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამები ფართოვდება, მაგრამ ინტერესი თითქმის განულებულია

პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ახლა მთავრობა ქართველების ლეგალურად დასაქმებას ცდილობს. თუმცა, აქ ორი პრობლემაა, ერთი ის, რომ უკრაინიდან ლტოლვილების მზარდმა რაოდენობამ ევროპის ქვეყნებში დასაქმების სტრუქტურისადმი მიდგომა შეცვალა და გარდა ამისა, უკვე აღარც ქართველებს ხიბლავთ ე.წ. ლეგალური პროგრამა, რომელსაც უამრავი ხარვეზი და ბუნდოვანება ახლავს.

პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გრძელდება ცირკულარული მიგრაციის პროექტები, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის.

„ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ასევე საუბარია იმ შედეგებზე, რაც ამ კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიღწეულია. კერძოდ, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით 132 მოქალაქე.

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე.წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს.

„საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება.

დამატებით, 2021 წლის 30 ნოემბერს, ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სოციოლოგი პაატა აროშიძე დარწმუნებულია, რომ ქართველებისთვის არც განახლებული პროგრამა იქნება მიმზიდველი.

„როდესაც სახელმწიფო ეძებს სამუშაო ძალას, რადგან მას არ ჰყოფნის საკუთარი მუშახელი, ეს არის ისეთი დასაქმების ადგილების, სადაც ან არ მიდის ადგილობრივი მოსახლეობა ანდა მძიმე სამუშაო პირობებია, ისე როგორც გერმანიის შემთხვევაში იყო. ქვეყნები სწორედ ამიტომ აცხადებენ ვაკანსიებს, რომ თავიანთი მოქალაქეები აღარ მიდიან იქ სამუშაოდ და ამის გათვალისწინებით ჩნდება ზედმეტი ადგილები.

არ ველოდები, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს იქნება მიმზიდველი. ევროპაში დროსთან დამოკიდებულების თუ პუნქტუაციის სულ სხვა კანონი და კულტურა მოქმედებს. ჩვენ შეიძლება გვინდოდეს ევროპაში დასაქმება, ევროპული ანაზღაურებით, თუმცა ქართული წესებით, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხერხდება.

შრომისადმი ის დამოკიდებულება, რომელსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის, რადგან აქ დასაქმების მასშტაბი მცირე იყო, ამ ხნის განმავლობაში. ამან მოშალა შრომის კულტურა და დღეს უკვე იმ სტანდარტების მოთხოვნა, რაც ევროპას ახასიათებს, ქართველი მოქალაქისთვის, უცხოა“, - განაცხადა აროშიძემ.

ამჟამად შედარებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან და საფრანგეთთან, თუმცა პროცესები უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა დროებით შეაფერხა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ამბობს, რომ ბულგარეთის შემთხვევაში ქართული მხარე მათგან შესაბამის ვაკანსიებს უკვე ელოდება, ხოლო საფრანგეთში ჯერჯერობით პროგრამის ამუშავებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„პილოტის სახით ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ლეგალური დასაქმების პროგრამის მექანიზმს ავაწყობთ უკვე საფრანგეთისთვისაც. ოღონდ ეს იქნება მცირე რაოდენობა ვაკანსიებისა და შევხედავთ როგორ ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და საფრანგეთის მხარე ასეთი ტიპის თანამშრომლობით.

პარალელურად რამოდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი კვიპროსია, თუმცა აქვე მინდა ვაღიარო, რომ უკრაინაში ომმა გამოიწვია ზოგადად მიგრაციული კრიზისი და აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ხდება გადაფასება“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ბულგარეთის, საფრანგეთისა და კვიპროსის გარდა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების გადამზადება ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით. გადამზადების კურსს ჯამში 119 ადამიანი გადის.

Aburjga Tasmanieli ასე დაგვაჩაჩანაკა დასავლეთთან კეკლუცობამ, საკუთარი მიღწევების უგულვებელყოფამ, უკიდეგანო სნობიზმმა! თუ გონს არ მოვეგებით, თუ არ გამოვა ქართველი ერი დასავლეთის ზიზილ პიპილოების ხიბლიდან, გაძეხიების იდეოლოგიას თუ გავყვებით და ა.შ/ მალე ვინმე ახალი "ბიჩერ სტოუ დაწერს " ბიძია შალვას - გიორგის ქოხი". ეს სურათი ძალიან მაგონებს კადრებს კინოფილმებიდან, სადაც აღწერილია აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების შრომა შაქრის ლერწამის პლანტაციებში სადღაც მისისიპში!
2 წლის უკან