დაუფასებელი გმირობა

დაუფასებელი გმირობა

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიებში მონაწილების სანაცვლოდ, მიზერულ თანხებს იღებენ. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635-ე ბრძანებულებით ირკვევა, რომ მივლინების დროს, ყოველთვიურად, ანაზღაურების სახით, პოლკოვნიკს 1700 დოლარი (ექვივალენტი ევროში) ერიცხება, ვიცე-პოლკოვნიკს - 1500 დოლარი, მაიორს - 1300 დოლარი, კაპიტანს - 1100 დოლარი, უფროსს ლეინტენატს - 1000 დოლარი, ლეინტენატს - 980 დოლარი, მთავარ სერჟანტს - 900 დოლარი, მასტერ სერჟანტს - 850 დოლარი, უფროსს სერჟანტს - 750 დოლარი, სერჟანტს - 700 დოლარი, უმცროსს სერჟანტს - 600 დოლარი, კაპრალს, კაპრალ-სპეციალისტს - 600 დოლარი, პირველი კლასის რიგითს - 550 დოლარი, რიგითს - 125 დოლარი, ხოლო სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირს - 1155 დოლარი.

ამას გარდა, ზემოთ აღნიშნული რანგის სამხედროებს, მივლინების დროს, საქართველოში საკუთარი ხელფასები ლარებში ენახებათ, მაგრამ სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანა სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურებას თავად ადგენს და იქედან გამომდინარე, რომ ქართული კონტიგენტი ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ზონაშია განლაგებული, მათი სოციალური პაკეტი უნდა გადაიხედოს.

თუ რამდენად განსხვავდება ქართველ ჯარისკაცთა ანაზღაურება და პირობები ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედროებისგან, ამ თემით For.ge დაინტერესდა და სამხედრო ექსპერტს, გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა:

რა მეთოდით განისაზღვრება სამშვიდობო მისიებში ჯარისკაცთა ანაზღაურება?

- ჯარისკაცთა ანაზღაურების საკითხი კონფიდენციალურია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანა თავად ადგენს თუ რა ანაზღაურება ექნება სამხედრო მოსამსახურეს. კერძოდ, ISAF-ის მისიის შემადგენლობაში, ანაზღაურება ხიფათებისა და საფრთხეების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, გერმანული კონტიგენტი კოსოვოში ხელფასის გარდა, ყოველდღიურად, 290 ლარის ექვივალენტს იღებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საფრთხე შემცირდა, მათ ანაზღაურება 80 ლარის ექვივალენტში შეუმცირდათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყნის ხელისუფლება თუ როგორ აფასებს რისკ ფაქტორებს, რომლებიც ამა თუ იმ ზონებში მყოფ ქვედანაყოფებს გააჩნიათ. ამერიკელი ჯარისკაცების ანაზღაურების შესახებ ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ ისინი სხვადასხვა შეღავათებს იღებენ. კერძოდ, მათ უნაწილდებათ ის ხელფასი, რომელიც აქვთ. ასევე იღებენ მისიებში მონაწილეობის ხელფასსა და რისკიდან გამომდინარე, ყოველდღიურ თანხას, რაც საკმაოდ სოლიდურია და ქართველი სამხედროების ხელფასს ათეულჯერ აღემატება.

ქართული 1570 ჯარისკაციანი კონტიგენტი ამჟამად ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ზონაშია განლაგებული. შესაბამისად, როგორი ანაზღაურება აქვთ ქართველებს?

- ქართველი სამხედროები საკმაოდ მიზერულ თანხას იღებენ იმ რისკის პირობებში, რომელშიც ქართული კონტიგენტი არის. სოციალური პაკეტი საერთოდ მოუწესრიგებელია და ქართველი სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურება სხვა ქვეყნების პირობებს არ შეესაბამება. თუ გვინდა, რომ ჯარში პროფესიონალები გვყავდეს და მაღალი ხარისხის კონტიგენტი შეიქმნას, ამისთვის ჯარში შესაბამისი ანაზღაურებაა საჭირო. სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ ქართველ მამაკაცს შეუძლია 700 ლარი ჰქონდეს ხელფასი და დაახლოებით ასეთი ანაზღაურებაა შეიარაღებულ ძალებში, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. პროფესიული კომპონენტი უფრო მაღალი ანაზღაურების ხარჯზე ყალიბდება. შესაბამისად, ჯარში მოტივაცია უნდა გაიზარდოს და შესაბამისი კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც იმსჯელებს - ქართველ მეომარს როგორი სოციალური პაკეტი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 37 ათასიანი არმია გვეყოლება, მაგრამ ხარისხობრივად საკმაოდ დაბალი. ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, ერთჯერადი კომპესაცია 14 ათასი ლარია.

რა მოტივაციით მონაწილეობენ ქართველი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში? - ამას მხოლოდ იმიტომ გეკითხებით, რომ ზოგიერთი ადამიანი დღეს აცხადებდა, რომ ქართველები ავღანეთში მხოლოდ ფულისთვის მიდიან. მაგალითად, ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომნუთუ გჯერათ, რომ ავღანეთში ვინმე ძალით მიჰყავთ?! რიგი დგას წამსვლელების, ოღონდ ხელფასზე დარიცხვები მიიღონ! რა გმირები და რის ვაჟკაცები, მონა-სპის ვაჟკაცობა ვინ გაიგონა?!“...

- ეს მისი მხრიდან უსინდისო განცხადებაა, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ქართველი ჯარისკაცები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიდიოდნენ და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის თავს სწირავდნენ. მაშინ, ფინანსური არანაირი მოტივაცია არ იყო. შესაბამისად, უსინდისო განცხადებაა, რომ თითქოს, მხოლოდ ფული არის მოტივაცია. შეიარაღებულ ჯარებში პატრიოტი ადამიანები არიან, რომელთაც ესმით თუ რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა მისიებში. ისინი კონსტიტუციურ ვალს იხდიან და ქვეყანა აქამდე სწორედ პატრიოტიზმმა და რელიგიურმა საკითხებმა მოიყვანა. ადამიანებს ერისა და ქვეყნის წინაშე თავიანთი მოვალეობა გათვითცნობიერებული აქვთ და ისინი იბრძვიან არა იმიტომ, რომ ფული აიღონ, არამედ თავიანთ სამშობლოს ემსახურონ. ეს ისტორიული ფაქტორია.

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი და ზოგიერთი ადამიანი ყველაფერზე სპეკულირებს და მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. მათთვის ძნელი დასაჯერებელია - როგორ შეიძლება მხოლოდ პატრიოტიზმისთვის თავგანწირვა. თუმცა, მსგავს განცხადებებს ის ადამიანები აკეთებენ, რომელთაც ფულის გარეშე თავგანწირვა ვერ წარმოუდგენიათ.

„The New York Times“-მა ჰელმანდის პროვინციაში, დაღუპულ ქართველებთან დაკავშირებით სტატია მოამზადა, სადაც მომხდარი თავდასხმის გარდა, ქართველი სამხედროების ავღანელ ადგილობრივებთან დამოკიდებულებაზეც არის საუბარი. კერძოდ, სტატიის მიხედვით, „ზოგიერთი ავღანელის თქმით, ქართული სამხედრო ძალები ადგილობრივებს დიდად არ მოსწონთ, რადგან ისინი ადამიანებს თვითნებურად ჩხრეკენ, უპატივცემულოდ ექცევიან და არც მათი ენა ესმით. ამასთან, ზოგჯერ მგზავრებს გასაჩხრეკად აჩერებენ და ხალხი წუწუნებს, რომ ისინი მათ ნივთებს, ფულს, საათებსა და სხვა ძვირფასეულობას იპარავენ“. ამ დრომდე, ჩვენ გვესმოდა, რომ ქართველებს ჰუმანური და ღირსეული ჯარისკაცები ჰყავთ, შესაბამისად, სტატიაში მოყვანილი შეფასება რამდენად სარწმუნოა?

- თავს იმაზე ვერ დავდებ, რომ ეს არის სიმართლე ან პირიქით, ტყუილი. თუმცა, ამ ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი მეპარება, რადგან ქართველ კონტიგენტს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და ასეთი ინციდენტები პრეცედენტები უფროა, ვიდრე ტენდეცია. სამი წლის წინ, საპარლამენტო კომისიის შექმნას ვითხოვდით, რომელსაც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას შეაფასებდა და ვითარებას ქართულ საზოგადოებას აუწყებდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა გვაცნობეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში, უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა. საჭიროა კომისიის შექმნა, რომელიც სამშვიდობო მისიებში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს.

***

საკითხზე საუბრისას, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობა ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის ძალიან დიდია.

„ქართველ სამხედროებს, რომლებიც ISAF-ის მისიაში მივლინებით მიდიან, საქართველოში ხელფასები ლარებში ენახებათ. რა თქმა უნდა, იმ ბიჭებისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა უკეთესი იქნებოდა, ვინც რეალურად ასე რთულ და საშიშ ადგილას მიდიან, მაგრამ ეს არის, რასაც თავდაცვის სამინისტრო იხდის. ქართული კონტიგენტის შენახვაზე რომ დავთვალოთ, დაახლოებით 5 მლნ იხარჯება, წელიწადში 60 მლნ ლარამდე. ანუ, ეს ის თანხაა, რომელიც მათ ერიცხებათ. იქ დოლარები და აქ ლარები. მათ მეტი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ გამოსავალი იქნებოდა თუ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს შევამცირებდით, რაც იქ ტრაგედიების ალბათობასაც შეამცირებდა. ახალ მთავრობას უკეთესი შანსი აქვს, რომ კონტიგენტს გადახედოს. ადრე თუ გვიან, მათ ამის გაკეთება მოუწევთ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მორიგი ტრაგედიებისგან დაზღვეული არ ვართ“, - განუცხადა for.ge-ს ალადაშვილმა.

სამხედრო ექსპერტის ინფორმაციით, 2009 წლის შემოდგომაზე, ავღანეთში 173 ქართველი სამხედრო შევიდა, ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი და 1600-მდე ჯარისკაცით განისაზღვრება.

„ბუნებრივია, ამით გაიზარდა თავდასხმების ალბათობის რიცხვი. ჩვენი შემადგენლობა ძალიან დიდია, რადგან საქართველოს თავისი პრობლემებიდან გამომდინარე არ შეუძლია იყოს პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის“, - აცხადებს ექსპერტი, რომლის შეფასებითაც, სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების ჩართვის მოტივაცია სხვადასხვა სახისაა.

მისი თქმით, ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე მისიებში - ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთვება, ზოგი დამატებით ცოდნის გაღრმავებისთვის, ზოგი კი, კარიერის ასამაღლებლად.

საქართველო დღეს ავღანეთში დაღუპულ შვიდ სამხედროს - თეიმურაზ ორთავიძეს, გიორგი ადამოვს, ზურაბ გურგენაშვილს, მიხეილ ნარინდოშვილს, ბორის ცუგოშვილს, ზვიად სულხანიშვილსა დ გიორგი ღუჭაშვილს გლოვობს. ქართველ გმირებს სამშობლოში სავარაუდოდ, 9 ივნისს გადმოასვენებენ.