ეკონომიკა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ პროგნოზი უკვე ყოველ თვე იცვლება

ეკონომიკა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ პროგნოზი უკვე ყოველ თვე იცვლება

საქართველოს ეკონომიკა იმდენად მოძლიერდა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ლამის ყოველ თვე იცვლება ზრდის მიმართულებით. ვერც უკრაინაში მიმდინარე ომმა და ვერც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისის საფრთხემ დადებითი მოლოდინი ვერ გააქარწყლა. წლი პირველი ნახევრის მიჯნაზე მშპ-ს ზრდის პროგნოზი უკვე 7,5%-მდე ავიდა.

მთავრობა უკვე თავს იწონება და ამის სრული საფუძველიც აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ეკონომიკური ზრდა კი ძალიან შთამბეჭდავია.

„გახსოვთ, შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-ანი ეკონომიკური ზრდა, ამიტომ ახლა აპრილში არ ველოდით ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გვაქვს დადებითი დინამიკა. ჯამში კი, 4 თვეში გამოგვივიდა 10.8% ეკონომიკური ზრდა.

ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში.

სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. ასევე, ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა. ბიზნესის ბრუნვაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ზოგადად მთელი ბრუნვაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 38.6 მლრდ ლარი.

სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია ბიზნესსექტორში, 8.2%. საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ასევე გეტყვით იმას, რომ ზოგადად სიღარიბე, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, შეიძლება ითქვას, ჩამოსული ამ წლებში 17.5% შეადგინა, ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს თუ არ ვცდები, 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში - 34%. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ - მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ოპტიმიზმს სრულად იზიარებენ კვლევითი ორგანიზაციები. „თიბისი კაპიტალში“ მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 5.5%-ზე მეტიდან, დაახლოებით 7.5%-მდე აიწევს.

„აპრილში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია, წლიური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენს. იმავდროულად, გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაისის ინფლაციის დინამიკა, ფასების კვლავ მზარდ დინამიკაზე მიუთითებს. ამჯერად, მოლოდინის შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის მატებამ შეიტანა.

ამასთან, დღევანდელი გადასახედიდან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 5.5%-დან, დაახლოებით 7.5%-მდე აიწევს. წლის ბოლო პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელი კი, არსებული 9.5%-დან, როგორც ჩანს, მხოლოდ მცირედით გადაიხრება.

ლარის კურსის მხრივ, თავისთავად, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება ძლიერი დარჩება. ამასთან, თუ საერთაშორისო მასშტაბით დოლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდა, რაც ახლო მომავლის პერსპექტივა არაა და უფრო შემდეგ წლებში არის მოსალოდნელი, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებს ექნება ადგილი, ვიდრე ლარის ამასწინანდელ მაქსიმუმთან შედარებით უფრო მკვეთრ გამყარებას. რადგანაც სებ-ის 24 მაისის სავალუტო ინტერვენციის შემდეგ, გაუფასურების მოლოდინები მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, ვფიქრობთ, შემდგომ ინტერვენციებს, ასეთივე ნეგატიური ზეგავლენა არ ექნება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ეკონომიკურ ზრდის ტემპის გაუმჯობესების შესახებ პროგნოზს ეთანხმებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც. ისინი, როგორც წესი, ზედმეტად ფრთხილ შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ამჯერად მათი ანალიზიც ოპტიმისტურია. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, პირველ კვარტალში საკმაოდ კარგი ზრდის ტემპი დაფიქსირდა, რის გამოც ხელახლა დგინდება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამჯერად მსოფლიო ბანკში საქართველოში 5.5-პროცენტიან მაჩვენებელს ვარაუდობენ.

„ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირების მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინაში ომის გამო, ასევე სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვებიდან, მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან.

ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა წარმოუდგენელი გამძლეობა და სიმყარე. პირველ კვარტალში ძალიან კარგი ზრდის ტემპი იყო, რის გამოც ახლა ხელახლა ვადგენთ 2022 წლის ზრდის ტემპს. ვვარაუდობთ, რომ საქართველოში ეკონომიკა გაიზრდება 5.5 პროცენტით, რაც წლის დასაწყისში იყო ნავარაუდები“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.