„ბორჯომის“ პრობლემების მოგვარება სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე - სახელმწიფო კომპანიის თანამფლობელი ხდება

„ბორჯომის“ პრობლემების მოგვარება სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე - სახელმწიფო კომპანიის თანამფლობელი ხდება

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების შესასვლელები სრულად გადაკეტეს. მათი მოთხვონა შრომითი ანაზღაურების მიღებაა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ბორჯომში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო.

„შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომპანიაში შრომის ინსპექციის შესვლას „IDS ბორჯომის“ წარმომადგენლებიც მიესალმებიან.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, „IDS ბორჯომმა“ მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი.

„როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ, მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა „ბორჯომში“ დასაქმებულებს სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში, მაშინ, როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2-თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული.

„რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის. ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია „ბორჯომს“ არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „ბორჯომის“ თანამფლობელი სახელმწიფო გახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ბორჯომთან“ დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ თანამფლობელი.

„ბორჯომთან“ დაკავშირებით საკითხს ორ ნაწილად გავყოფ. პირველი - კომპანიის მხრიდან თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ვერგადახდაზეა საუბარი. ამის საფუძველი არის ის, რომ კომპანიის ანგარიშების ნაწილი დაყადაღებულია და კომპანიას ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა გართულებული აქვს. მეორე, რაც შეეხება იმ ნაწილს, თუ რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო კომპანიის პროცესების დასრულებას - უკვე ცნობილია, რომ კომპანიის აქციების წილს, რომელიც რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში იყო, სახელმწიფოს ბალანსზე გადავა და სახელმწიფო შევა, როგორც აქციონერი და მეწილე. ამის შემდეგ, ის ტექნიკური პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობდი (ფინანსურ ხელმისაწვდომობა, რომელიც ფინანსურმა სანქციებმა გამოიწვია) მოიხსნება და ქარხანას მიეცემა სრულად ამუშავების საშუალება“, - განუცხადა ეკონომისტმა for.ge-ს.

მისივე თქმით, კომპანიაში შრომის ინსპექციის შესვლით თანამშრომლების უფლებების დაცვა მოხდება.

„მივესალმები კომპანიაში შრომის ინსპექციის შესვლას. მათი შესვლას დატვირთვა აქვს იმ მხრივ, რომ რომელიმე დასაქმებულის უფლებები არ შეილახოს. რეალურად, კომპანიაში ფინანსური პრობლემებია. ფუნდამენტური პრობლემები თუ არ გადაიჭრა, მაშინ ვერც დასაქმებულთა ინტერესები ვერ გადაიჭრება. ზოგადად, აპრობირებული მეთოდია, როდესაც ასეთი სიტუაცია არის ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, ჰოლდინგები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ აქციათა პაკეტი გაასხვისონ ან გააფორმონ სხვა ისეთ მფლობელზე, რომელიც სანქციების ქვეშ არ იმყოფება. ამით კომპანიის გადარჩენა ხდება. კომპანიის ამუშავების შემთხვევაში სანქცირებული ადამიანი სარგებელს მაინც ვერ მიიღებს, მაგრამ ჰოლდინგს მუშაობის საშუალება შეეძლება“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

ქვეყნისთვის ეკონომიკური კუთხით მომგებიანი რა იქნება, ის რომ სახელმწიფო ხდება „ბორჯომის“ მეწილე, თუ ის, რომ სახელმწიფომ კომპანია ინვესტორზე გაასხვისოს, ამ კითხვაზე, ეკონომისტი ასე გვპასუხობს: „ზოგადად, სახელმწიფოს საქმე ბიზნესის მართვა არ არის. ეს ცალსახაა და ეს უნდა გავმიჯნოთ. როდესაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა, კომპანიის ამუშავებისთვის, თუ საჭიროა,  შესაძლებელია იმ აქციების ნაწილის, რომელიც სანქციების ქვეშ არის მოქცეული, გასხვისება. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ აქციების ნაწილი კერძო პირზე გასხვისდება თუ სახელმწიფოზე. მთავარია, კომპანიას მუშაობას საშუალება მიეცეს და დასაქმებულებმა თავიანთი სამსახური დაიბრუნონ“, - გვითხრა პაატა ბაირახტარმა.

ცნობისთვის, აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყველაზე ცნობილ ქართულ კომპანიის მეწილე ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე ხდებოდა.

პრობლემებში გახვევის მიზეზი კი, კომპანიის რუსი მეწილეა. ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის მფლობელი „ალფა ჯგუფია“, რომელიც თავის მხრივ სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. „ალფა“ „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 460 მილიონ დოლარად შეისყიდა.