მსოფლიოში არსებულმა პანდემიურმა და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარმა პროცესებმა გარკვეული პრობლემები წარმოშვა თითქმის ყველა ქვეყანაში. ყველა ქვეყნის მთავრობებმა მილიარდობით ამერიკული დოლარი გამოყო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის და აღდგენის მიმართულებით. არსებულმა პროცესებმა ნეგატიური შედეგები გამოიღო ასევე საქართველოში. გლობალური პრობლემების გამო საქართველოშიც გაუარესდა ზოგიერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი. ეკონომიკის ზრდის შემცირებამ მნიშვნელოვნად გააუარესა სიღარიბის დონის მაჩვენებელი, რომლის შემცირების დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა ბოლო წლების განმავლობაში. საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც აქვს ადგილი ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებას. მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შექმნილი არაორდინალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწრაფი ეკონომიკური რეფორმების გატარებაა აუცილებელი. აქვე საჭიროა, აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და შესაბამისი ეროვნული სტანდარტების დაწესების მიმართულებით, მთავრობების მიერ გასატარებელი პოლიტიკის შესახებ მოცემულია ძირითად კანონში - კონსტიტუციაში.
საქართველოს კონსტიტუციით მოცემულია აუცილებელი ნორმები, რაც ქმნის ადამიანის ნორმალური ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფას. საქართველოს კონსტიტუციის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ “ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ აღნიშნულ კონსტიტუციას“. ანუ კონსტიტუციით მკაცრად განისაზღვრა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი მოთხოვნები. აღნიშნული კონსტიტუციით სახელმწიფოს აუცილებელი ზრუნვის საგანს წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცება.
სახელმწიფო ვალდებულია ასევე იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეებს დასაქმებაში. სახელმწიფო ვალდებულია კანონით განსაზღვროს საარსებო მინიმუმის ოდენობა. კონსტიტუციით სახელმწიფოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვა.
როგორც ვხედავთ, საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას მოქალაქეების დასაქმების, ბიზნესის განვითარების, კონკურენციის ხელშეწყობის და თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც გამომდინარეობს კონსტიტუციით დადგენილი ფუნდამენტური მოთხოვნებიდან და წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
ყველა ქვეყანაში მოქალეებში სიღარიბის დონის დადგენის მიზნით სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი მოქალაქეების შემოსავლების გადანაწილების მიმართულებით ჯინის კოეფიციენტის (ანუ შემოსავლების დაგროვების ინდექსი) განსაზღვრაა.
ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის მიზნით განვიხილოთ ზოგიერთი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი, მოვახდინოთ მდგომარეობის შეფასება და დავსახოთ გზები მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ
ცხრილი №1
საქართველოს სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემები
(2018-2020 წწ)
წყარო: შდგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით
წარმოდგენილი ანალიზით ირკვევა, რომ საქართველოში 2018-2020 წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიღარიბის მაჩვენებელი 20.1 %-დან, 21.3 %-მდე, ჯინის კოეფიციენტი ფაქტიურად უცვლელი დარჩა. ერთ სულ მოსახლეზე მშპს-ის ოდენობა ფაქტიურად შემცირდა ლარის კურსის დევალვაციის გამო. მნიშვნელოვანი კლებაა ერთ სულ მოსახლეზე უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიმართულებით. ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმის ოდენობა 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 175 ლარს, ხოლო 2020 წლის ანალოგიური პერიოდისათვის კი 192.50 ლარს. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი ამ ძირითადი პარამეტრების გაუარესების ძირითადი მიზეზი მსოფლიო პანდემია და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგებია. პარამეტრების გაუარესებაზე ასევე მოქმედებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზა და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების დადგენის მიზნით მოქმედი სხვადასხვა მეთოდოლოგიები.
საინტერესო სურათს ვღებულობთ ასევე სხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას.
ცხრილი №2
საქართველოს სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემები
(2018-2020 წწ)
წყარო: შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით
წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ 2020 წელს უმუშევრობის დონემ შეადგინა 18.5 %, რაც 0.9 %-ით მეტია 2019 წლის პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 0.7 %-ით გაუმჯობესებულია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა ერთ სულ მოსახლეზე მთავრობის საგარეო ვალის ცვლილების მიმართულებით. აღნიშნული კუთხით ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს ვალის ოდენობამ შეადგინა 6324 ლარი, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 2564 ლარით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 2027 ლარით მეტია. კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება ერთ სულ მოსახლეზე იმპორტის მოცულობის მხრივ, 2020 წელს აღნიშნულ სფეროში მონაცემი 7061 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ანალოგიური მონაცემი 2018 წელს 6658 ლარს შეადგენდა. ზრდის ტენდენცია არის შენარჩუნებული ერთ სულ მოსახლეზე ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობის მხრივ, 2020 წელს აღნიშნული მონაცემი 2118 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2018 წელს ანალოგიური მონაცემი მხოლოდ 1575 ლარი იყო. შეინიშნება ინფლაციის ზრდაც, 2020 წელს, 2018 წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა. უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსავლების მხრივ, ამ კუთხით 2020 წელს--3363 ლარი, ხოლო 2018 წელს კი-2545 ლარი ფიქსირდება. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს 2018 წელთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში გამოხატული აბსოლუტური მონაცემებით ზოგიერთი მიმართულებით შეინიშნება ზრდის ტენდენცია, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების შემთხვევაში ზრდა უმნიშვნელოა.
ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესება მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული, მაგრამ მდგომარეობას აუარესებს ის, რომ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების გაჯანსაღების და პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების სწრაფად ლიკვიდაციის მიზნით არ შემუშავებულა აუცილებელი მოკლევადიანი გეგმები (ჩემი აზრით გრძელვადიანი გეგმის შედგენა ამ ეტაპისათვის შედეგს არ მოგვცემს). გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის ბუნება შესწავლილი არ არის და ფაქტიურად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება ის და როგორი იქნება მისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანის მოცულობა, ამიტომ გრძელვადიანი ხედვის და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ პროგნოზირებაც მნიშვნელოვნად გართულდება.
ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა სწორედ სიღარიბის დონის შემცირებით უნდა დაიწყოს, სწორედ აქ იკვეთება მთავრობის უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება, რათა მიღებული კანონებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდეს აღნიშნული მიმართულებით. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით“ იკისრა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის ვალდებულება. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა არაორდინალურია და მიღებული გადაწყვეტილებებიც სწრაფი და არაორდინალური უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ იგრძნობა გაუმჯობესების ტენდენცია სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრის კუთხით, დღის წესრიგში მაინც სწრაფი ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობა დგას. შექმნილ მდგომარეობაში სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ეკონომიკის სტაბილურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეფორმების გატარების ვალდებულება. ამ კუთხით მთავრობის დანიშნულება, მაინც ცნობილი ხუთი პუნქტის დაცვით და გატარებით შემოიფარგლება: ა) მთავრობამ უნდა მოახდინოს ეკონომიკის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება; ბ) სამართლიანად უნდა გადაანაწილოს არსებული რესურსები; გ) სამართლიანად უნდა გადაანაწილოს საბიუჯეტო შემოსავლები; დ) ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობას; ე) ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის სტიმულირებას.
მსოფლიო პანდემიის და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესების მიზნით საჭიროა გატარდეს შემდეგი ქმედითი ღონისძიებები:
ა) უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდოლოგია. შესაბამისად კორექტირებას საჭიროებს გადასახადებით დაბეგვრის პრინციპებიც. საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს პირი, რომელსაც ექნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი (ამჟამად ეს პრინციპი დაცული არ არის);
ბ) უნდა შეიცვალოს უმუშევრობის დადგენის მეთოდოლოგია. უმუშევრობის დონის დადგენის მიზნით მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდოთ კომპეტენციები ადგილობრივ თვითმმართველობებს (ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობებს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ);
გ) ქვეყნის მასშტაბით უნდა დადგინდეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანების სახელფასო სარგოების სამართლიანი ოდენობა. საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული უმაღლესი თანამდებობის პირის ხელფასის ოდენობა უნდა მიებას პენსიის მინიმალურ ოდენობას და ის ამ გარდამავალი ეტაპისათვის არ უნდა აღემატებოდეს პენსიის ოცმაგ ოდენობას, ხელფასის ზედა ზღვარის გაზრდა შესაძლებელი იქნება პენსიის ოდენობის ზრდის პროპორციულად (ამჟამად ეს პრინციპი დარღვეულია);
დ) უნდა გაუქმდეს შექმნილი მარეგულირებელი კომისიები (კომუნიკაციების, ენერგეტიკის და სხვა) და მათი ფუნქციები გადაეცეს პარლამენტს. აღნიშნული ფორმატის მოფიქრება შესაძლებელია. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსს (მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასები, მივლინებები და სხვა ხარჯები) გამოათავისუფლებს, ასევე ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება იმ მომსახურების ფასებზეც, რომელთა რეგულირებაც აღნიშნულ კომისიებს ევალებათ;
ე) მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი გადასახადებით დაბეგვრის მიმართულებით. უნდა შეიცვალოს დაბეგვრის დღეს არსებული მანკიერი პრაქტიკა. კერძოდ გასაუქმებელია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პროპორციული სისტემა. დღეს არსებული კანონმდებლობით პირი რომელსაც აქვს ხელფასი 150 ლარი და პირი, რომელსაც აქვს 10 000 ლარი იბეგრება ერთნაირი-20 %-იანი საშემოსავლო გადასახადით. კორექტირებას საჭიროებს ასევე დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიმართულებაც. უნდა გაიზარდოს დღგ-ით დაბეგვრის დღეს არსებული 100 000 ლარიანი ზღვარი და ის უნდა განისაზღვროს მინიმუმ 500 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლების ოდენობაც და რაც მთავარია შემცირდება იმ გადამხდელთა რაოდენობა, რომლებიც თავს არიდებენ შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრას;
ვ) მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი საბიუჯეტო დეფიციტის და მთავრობის საგარეო ვალის მიმართულებით. ვალი უნდა იყოს მიზნობრივი და ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული. დაცული უნდა იყოს ასევე მთავრობის საგარეო ვალის შეზღუდვის ზედა ზღვარი, რაც მშპ-ის 60 %-ს არ უნდა აღემატებოდეს;
ზ) რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მოსახლეობის საკვები პროდუქტებით შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, მთავრობის მიერ უნდა შემუშავდეს ,,სასურსთო უსაფრთხოების“ კონცეფცია. ქვეყნის შესაძლებლობიდან (მდიდარი ბუნებრივი რესურსები, ნაყოფიერი მიწა, ბუნებრივი წყალი და სხვა) გამომდინარე ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ დარგის სპეციალისტებთან ერთად შემუშავდეს იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკა და მოსახლეობას მიეწოდოს ქვეყნაში მოწეული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. როგორც ჩემთვის ცნობილია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შემუშავებულია ამ კუთხით შესაბამისი გეგმა-სტრატეგია და იმედია მას მიეცემა კანონის სახე;
თ) ეკონომიკის დარგების სწრაფად განვითარების მიზნით აუცილებელია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი მიმართულების მეცნიერები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის შედგენის პროცესში. მოქმედი კანონმდებლობით მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეს ჩართულობა კანონით ისედაც ევალებათ, რადგანაც ისინი წარმოადგენენ მთავრობის მეცნიერულ მრჩეველს. იმედია ამ კუთხით გადაიდგმემა ქმედითი ნაბიჯები;
ი) გამომდინარე იქედან, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1991 წელი) დღემდე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი, რაც თავის მხრივ უცხოურ ვალუტაზე ზრდის მოთხოვნებს, აუცილებელია საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გამოყენებით, მთავრობის მიერ დაწესდეს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანის დროს შესაბამისი კონტროლი;
კ) ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს დღეს არსებული მონეტარული პოლიტიკა (მათ შორის ინფლაციის თარგეთირების დღეს არსებული მანკიერი რეჟიმი), რათა ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები და სხვა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები გახდნენ ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელისშემწყობი სუბიექტები. ეროვნული ვალუტის კურსის მონიტორინგი და შესაბამისი ბერკეტების გამოყენება უნდა განისაზღვროს ეროვნული ბანკის ვალდებულებად (დღეს ლარის გამყარების ფუნქცია ეროვნულ ბანკს არ გააჩნია);
ლ) მთავრობის მიერ განხორციელდეს დღეს მოქმედი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმების კორექტირება პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების ადექვატურად. ანალოგიური ცვლილებები განხორციელდეს რეგიონულ და მუნიციპალურ სტრატეგიულ განვითარების გეგმებში (ასეთი გეგმების არსებობის შემთხვევაში);
მ) მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების მიმართულებით. სწორედ აღნიშნული ბიზნესის განვითარება არის ქვეყანაში მზარდი სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების საფუძველი;
ნ) მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გასხვისების (აუქციონით გაყიდვა, იჯარა, უზურფრუქტი, აღნაგობა, სიმბოლურ ფასად გადაცემა და სხვა) მარეგულირებელი კანონმდებლობა. ქონების გასხვისება უნდა განხორციელდეს ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. ქონების გასხვისების შედეგად მომავალში მიღებული შედეგი უნდა იყოს გაზომვადი და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტირებული;
ო) შესაბამის კანონმდებლობაში (,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, „საბიუჯეტო კოდესი“, „საგადასახადო კოდექსი“, „ინვესტიციების მხარდაჭერის შესახებ’’ კანონი, ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონი) ცვლილებების განხორციელების გზით მნიშვნელოვნად გაიზარდოს მუნიციპალიტეტების კომპეტენციები უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ადგილობრივი ინიციატივების გაზრდის, მეწარმე სუბიექტების დაფუძნების და მართვის, გადასახადების პროცენტული ანარიცხების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ჩარიცხვის, ადგილობრივ კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის, დასაქმების ხელშეწყობის და მუნიციპალიტეტებში მოქმედი მეწარმე-სუბიექტებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესების მიმართულებით;
ო) საქართველოს მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენონ ადგილებზე არსებული რესურსები (ბუნებრივი, ადამიანური, ფინანსური) და დამეგობრებულ ევროპულ ქალაქებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მოახდინონ ერთობლივი საინვესტიციო ბიზნეს-პროექტების შემუშავება, ადგილობრივი ბრენდინგის შექმნა, მუნიციპალიტეტებში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი გამოფენების და ბიზნეს-ფორუმების (მათ შორის საერთაშორისო) ორგანიზება და ხელი შეუწყონ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების საქართველოს მუნიციპალიტეტებში დანერგვას.
არსებული მსოფლიო პანდემიის და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე თუ მთავრობამ სწრაფად არ გადადგა ნაბიჯები ზემოთ აღნიშნული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით, მაშინ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება მომავალში, რაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვან საფრთხეს შუქმნის.