მეტი კანის ინფექცია, ნაკლები გულის დაავადება: კვლევა ცხადყოფს, თუ რა გავლენას ახდენს სიმაღლე ჯანმრთელობაზე

მეტი კანის ინფექცია, ნაკლები გულის დაავადება: კვლევა ცხადყოფს, თუ რა გავლენას ახდენს სიმაღლე ჯანმრთელობაზე

მაღალ ადამიანებს აქვთ პერიფერიული ნეიროპათიის, აგრეთვე კანისა და ძვლების ინფექციების გაზრდილი რისკი, თუმცა უფრო დაბალი შანსია მათ გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია და სისხლში მაღალი ქოლესტერინი ჰქონდეთ. ამაზე ამ მხრივ მსოფლიოში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა მიგვანიშნებს.

მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, არის თუ არა სიმაღლე ან სიდაბლე სხვადასხვა დაავადების გამომწვევი, შესაბამისი კვლევა კი ჟურნალ PLOS Genetics-შია გამოქვეყნებული.

კვლევისას მეცნიერებმა ცალ-ცალკე შეისწავლეს კავშირები სხვადასხვა დაავადებასა და პიროვნების სიმაღლეს შორის, ასევე მათ სავარაუდო სიმაღლესთან კავშირი, გენეტიკაზე დაყრდნობით. მეცნიერებმა VA Million Veteran Program-ის მონაცემები შეაჯერეს, მათ შორის გენეტიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია 200 000-ზე მეტი თეთრკანიანი ზრდასრულის შესახებ და 50 000-ზე მეტი მონაცემი ფერადკანიან ზრდასრულთან დაკავშირებით. კვლევაში შეისწავლეს 1 000-ზე მეტი მდგომარეობა და თვისება. ეს ყველაფერი კი ამ ახალ კვლევას სიმაღლისა და დაავადებების კავშირთან ასოცირებულ უდიდეს ნაშრომად აქცევს.

შედეგებმა დაადასტურა უწინდელი, შედარებით მცირემასშტაბიანი კვლევების შედეგები. უფრო კონკრეტულად, ნაშრომმა ცხადყო, რომ სიმაღლე დაკავშირებულია წინაგულების ფიბრილაციისა და ვარიკოზული ვენების რისკთან, თუმცა მეორე მხრივ სიმაღლე გულის კორონარული დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის და მაღალი ქოლესტერინის დაბალ რისკთან ასოცირდება.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს ახალი კავშირი სიმაღლისა და პერიფერიული ნეიროპათიის მაღალ რისკს შორის, რაც გამოწვეულია კიდურებზე ნეირონების დაზიანებით, აგრეთვე კანისა და ძვლების ინფექციებით, როგორიცაა ფეხის წყლულები.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სიმაღლე შეიძლება იყოს აქამდე უცნობი რისკფაქტორი რამდენიმე გავრცელებული დაავადებისთვის. თუმცა, ისინი ფიქრობენ, რომ მეტი კვლევა არის საჭირო ზოგიერთი აღმოჩენის კიდევ უფრო გასამყარებლად. მომავალში ამ თემაზე მუშაობისთვის კი სასარგებლო იქნება უფრო მრავალფეროვანი საერთაშორისო პოპულაციის შესწავლა.

"ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ზრდასრულის სიმაღლე შესაძლოა ზემოქმედებდეს 100-ზე მეტ კლინიკურ მახასიათებელზე, მათ შორის რამდენიმე მდგომარეობაზე, რომელიც დაკავშირებულია ცუდ შემოსავალთან და ცხოვრების ხარისხთან — პერიფერიული ნეიროპათია, ქვედა კიდურებზე წყლულები და ქრონიკული ვენური უკმარისობა. ჩვენ ვასკვნით, რომ სიმაღლე შეიძლება იყოს არაღიარებული, არამოდიფიცირებადი რისკფაქტორი ზრდასრულებში, რამდენიმე საერთო მდგომარეობისთვის", — ასკვნიან კვლევის ავტორები.