პრინცობა ადვილი სულაც არ არის — მით უმეტეს, როცა 4 წლის ხარ და შენი სახის ყოველ გამომეტყველებას მთელი მსოფლიო გაფაციცებით აკვირდება. ამაში ალბათ უკვე დარწმუნდა პრინცი ლუი, რომელიც მშობლებთან და და-ძმასთან ერთად დიდი ბებიის იუბილესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, რის შემდეგაც მისმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.
მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი დედოფალი ელიზაბეთის საიუბილეო აღლუმზე ეტლით მივიდნენ. კორნუოლის ჰერცოგინია კამილასა და დედასთან, კემბრიჯის ჰერცოგინია კეთრინთან ერთად მსხდომი ბავშვები ლონდონის ცენტრალურ ქუჩებში შეკრებილ ათასობით ადამიანს ხელის ქნევით მიესალმნენ.
თუმცა, პრინცი ლუი დიდად აღფრთოვანებული სულაც არ ჩანდა. არც მაშინ, როცა სასახლემდე მივიდნენ და და-ძმასთან ერთად ეტლიდან გადმოვიდა.
ბავშვებმა აღლუმს ჯერ ფანჯრიდან გადმოხედეს დედასთან ერთად — ფოტოში კი ჩანს, რომ ყველაზე "შეწუხებული" ამ ამბით სწორედ პრინცი ლუია.
მოგვიანებით, ლუი და-ძმასთან, მშობლებთან და ბებიასთან ერთად ბუკინგემის სასახლის აივანზე გადმოდგა და ისევ მოიღრუბლა.
ფოტოგრაფებმა კი დღის საუკეთესო კადრების გადაღება მაშინ მოახერხეს, როცა აღლუმის თავზე სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გადაიფრინეს. პრინცმა ლუიმ თვითმფრინავებს ჯერ სკეპტიკურად ახედა, მერე კი ყურებზე ხელი აიფარა და ყვირილი მორთო. ფოტოებში ჩანს, რომ იგი ისე ხმამაღლა ყვიროდა, სახეც კი გაუწითლდა.
მერე კი, როცა ყვირილით ვერაფერს გახდა, სასოწარკვეთილმა ხელები ცისკენ აღაპყრო.
როცა სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრის საქციელმა ყველას ყურადღება მიიქცია, ლუის დედა დაიხარა და ყურში აშკარად გასაფრთხილებლად ჩასჩურჩულა. ქეით მიდლტონმა შვილთან საუბარი განაგრძო, როცა პრინცი უკვე მოწმენდილ ცას ისევ მოღრუბლული ასცქეროდა.
თუმცა, როცა დედის ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა, საქმეში თვით დედოფალი ჩაერთო და შვილთაშვილთან დალაპარაკება გადაწყვიტა.
როგორც ჩანს, 4 წლის პრინცთან დედოფალიც ვერაფერს გახდა, რადგან ლუის უკმაყოფილო გამომეტყველება დღის ბოლომდე არ მოსცილებია სახიდან.