2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ანუ ბიზნესისთვის იზრდება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მაშინვე მოჰყვება ბიზნესის რეაქცია და გაძვირება ჯაჭვურად გადაეცემა მომხმარებელს. პირველ რიგში, მოსალოდნელია საკვებ პროდუქტებზე ფასის ზრდა, რომლის წარმოებასაც ბუნებრივი აირი სჭირდება. მერე თანდათან სხვა სამომხმარებლო საქონლის საფასურიც მოიმატებს.
ივლისიდან რეგიონებში, შპს “თელავგაზის”, “სოკარ ჯორჯია გაზის”, “საქორგგაზის” და “ინტერ გაზის” 1 კბ_მ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ განცხადებები თავად კომპანიებმა გაავრცელეს.
თბილისის შემთხვევაში, როგორც “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტარიფი ერთ კუბურ მეტრ გაზზე 1.10 ლარს შეადგენდა, ახლა 1.35 ლარი გახდება. ცვლილება 20 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს შეეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილება პურის საცხობებსა და მწარმოებლებზე არ ვრცელდებოდა. ახლა კი კომპანიებში ადასტურებენ, რომ სხვა კომერციული ობიექტების მსგავსად, ბუნებრივი აირის გადასახადი პურის მწარმოებლებისთვისაც გაიზრდება. გამოიწვევს თუ არა ეს უმთავრესი საკვები პროდუქტის გაძვირებას?
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, მასობრივი წარმოების პურზე, ფასის მყისიერად ზრდა მოსალოდნელი ჯერ არ არის.
„პური, რომელიც ღია წვის რეჟიმით ცხვება, მომენტალურად გაძვირდება, რაც შეეხება მასობრივი მოხმარების პურს, ე.წ. ქვის პურის საცხობი მოწყობილობები ინსექციურია, რომელიც გაზის იმ მოცულობას არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე, არ ველოდები, რომ ფასი გაზის ტარიფის ზრდის პროპორციულად მოიმატებს. მით უფრო, ახლა ქვეყანაში იმდენი ფქვილია, რაც არასოდეს ყოფილა. პარალელურად ალოობა და მოლოდინი კარგი გვაქვს მოსავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
სამეწარმეო ბიზნესში ფასების ზრდასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები პრესასთან უკვე გაკეთდა. კონკრეტულად რა მაჩვენებლით გააძვირებენ პროდუქტს, კომპანიებში არ აკონკრეტებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საფასო პოლიტიკა შეიცვლება.
„ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა კახა ყრუაშვილმა განაცხადა, რომ გაზის ტარიფის მატების პარალელურად, გარდაუვალია პროდუქციაზე ფასების მომატებაც.
„რა თქმა უნდა, კომუნალურები პირდაპირ დამოკიდებულია ფასზე. გაძვირდება გაზი, გაძვირდება დენი, გაძვირდება პროდუქციაც“, - განაცხადა მან.
იგივე პოზიცია აქვთ გადასახადის გადამხდელთა კავშირში. ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ნებისმიერი წარმოება, რომელიც გაზს მოიხმარს, გაძვირებას მყისიერად იგრძნობს და ისედაც კატასტროფულად გაძვირებული პროდუქტის ფასი, კიდევ უფრო გაიზრდება.
„გაზისა და კომუნალური გადასახადების მდგენელი ნებისმიერი პროდუქციის წარმოების თვითღირებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, შესაბამისად, ცვლილება პროდუქციის თვითღირებულებაზე მყისიერად აისახება და როგორც ყოველთვის ხდება, ეს პროდუქტის სარეალიზაციო ფასს შეცვლის. კომერციული აბონენტებისთვის, გაზის გაძვირება კატასტროფულად გაძვირებულ სხვადასხვა პროდუქტის, კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.
ჩვენი დაკვირვებით ჩვენ ერთგვარად ჩართული ვართ ისეთ წრებრუნვაში, სადაც მუდმივად სხვადასხვა ფაქტორების გამო ამა თუ იმ პროდუქტის თვითღირებულებაზე ზემოქმედება ხდება. იქნება ეს იმპორტირებული მზა პროდუქტი, თუ ადგილზე წარმოებული პროდუქტი, რაც საბოლოოდ ფასების ზრდაზე აისახება, ანუ იზრდება ინფლაციური წნეხი, რაც, საბოლოო ჯამში, გავლენას ჩვენს, არც თუ ისე ფინანსურად და მატერიალურად მდგრად მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე იქონიებს“, - განაცხადა “ბიემთან” რატიშვილმა.
იგი ადასტურებს, რომ ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ ინფორმაცია მედიიდან მიიღო. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელთა კავშირის წევრ კომპანიებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ტარიფს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის ბოლომდე არის დადგენილი, იგი ჯერჯერობით უცვლელი რჩება, თუმცა პერსპექტივა აქაც ძალიან არასახარბიელოა. 29 მაისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ უკვე 2023 წლიდან მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელია. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 6-7 თვეში ბუნებრივი აირის მოსახლეობასაც გაუძვირდება.