მსოფლიოში სასურსათო კრიზისის ნიშნები აშკარაა და პრობლემებს ვერც საქართველო გადაურჩება. არის პროდუქტები, რომელიც უკვე ძალიან ძვირია და სულ მალე დეფიციტურიც გახდება.
ვითარება ყველა მიმართულებით არასახირბიელოა. ბუნდოვანია როგორც ახლო, ისე შორეული პერსპექტივა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში სასურსათო მომარაგებასთან დაკავშირებით კრიზისს პროგნოზირებენ. ასოციციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ მოსალოდნელი კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სასურსათო მარაგებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. მან ბოლო დროს გაუფასურებული ლარისა და გაზის ტარიფის გაზრდის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
„ენერგომატარებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. წარმოებას, რომელიც გაზზეა დამოკიდებული, მისი გაძვირება სერიოზულად დაარტყამს. მათ შორის ისეთ კომპანიებს, რომლებიც საოფისე საქმიანობით არიან დაკავებულნი. ავიღოთ სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც ასობით თანამშრომელი ჰყავს და ელემენტარული ოფისის გათბობა უნდა. ბიზნესი იძულებულია ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უძვირდება, ფასში ასახოს.
აუცილებლად უნდა ვთქვა ლარის კურსთან დაკავშირებით. თუ ლარი 2.80-2.90-ის ფარგლებში კურსს დაიჭერდა, რისი იმედიც მე, პირადად არ მქონდა, შესაძლებელი იყო საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ჩვენ ახლანდელი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა.
ვნახეთ, რომ ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობდა, ანუ ალოგიკურად დასტაბილურდა და ერთ დღეში ისევ 20 პუნქტით გაუფასურდა. არადა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ფასების შენარჩუნებას გამოიწვევდა. ცნობილია, რომ ლარის დოლართან გაუფასურება პირდაპირ პროპორციულად მიბმულია ფასების ზრდასთან.
ეს ჯერჯერობით დასაწყისიც არ არის. მსოფლიო ბაზარი, სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება და წინ სერიოზული კრიზისი გველოდება“, - განაცხადა ჭყონიამ.
მსოფლიოში პირველადი მოთხვონილების საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით მართლაც დიდი პრობლემებია. მარცვლეულის კრიზისი ყველასათვის აშკარაა და ახლა იგივე ხდება მზესუმზირის ზეთთან დაკავშირებითაც. საქმე ისაა, რომ რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ეს ქვეყანა კი ზეთის ყველაზე დიდი ექსპორტიორია.
რუსეთიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 2021 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პერიოდულად იზრდებოდა. ივნისშიკი 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის ბაჟი 152.8 დოლარით გაიზარდა.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 3.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 504 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
რამდენად აისახება რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი იმპორტირებული პროდუქტის ფასზე და რამდენით გაძვირდება დახლზე ზეთის ფასი? კომპანია „ალფას“ დირექტორი ირაკლი ციხისთავი აღნიშნავს, რომ ივნისშივე ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.
„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, - განუცხადა „ბიემს“ კომპანიის დირექტორმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო, თუმცა მარტსა და აპრილში სიტუაცია შეიცვალა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში 511 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა - ჯამში 820,9 ათასი დოლარის ღირებულების. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყანამ აზერბაიჯანში იყიდა - 270,9 ტონა, 495,8 ათასი დოლარის ღირებულების. რუსეთიდან იმპორტმა კი 239 ტონა შეადგინა, ჯამში 322,7 ათასი დოლარი.
აპრილში კი საქართველომ 1 368 ტონა ზეთი იყიდა, ჯამში 2,592 მლნ დოლარის ღირებულების, აქედან 795,5 ტონა - 1,444 მლნ დოლარის ღირებულების - რუსეთში, 562,1 ტონა - 1,126 მლნ დოლარის ღირებულების კი აზერბაიჯანიდან შეიძინა.