„ოკუპაცია გრძელდება“

„ოკუპაცია გრძელდება“

„სეპარატისტული ტერიტორიები შეიძლება დამანგრეველი გამოდგეს თავად რუსეთის სახელმწიფოსთვის“ - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის რაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ხდება და ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, არ აწყობს რუსეთის ხელისუფლებასა და რუსეთის სახელმწიფოს. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „რეზიუმესთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვინაიდან, რუსები დღეს ვეღარ მართავენ პროცესს, იძულებული არიან, „ხელების ამოგრეხვაზე წავიდნენ“.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სეპარატისტული ტერიტორიები შეიძლება, დამანგრეველი გამოდგეს თავად რუსეთის სახელმწიფოსთვის. როგორ ფიქრობთ, რა აძლევს პრემიერს ამის განცხადების საფუძველს, იმის ფონზე როდესაც საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის გადმოწევით იძლიერებენ პოზიციებს?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს არაა პოზიციების გაძლიერება. პირიქით, ეს არის საკუთარი სისუსტეების დამალვის მცდელობა. აშკარაა, რომ რუსეთი დააფრთხო ახალმა ქართულმა პოლიტიკამ, რომელმაც ერთი-ორად შეარბილა ქართულ-ოსური ურთიერთობები და ოსურ საზოგადოებას მიეცა საშუალება მეტი ინტეგრაციისა ქართულ სივრცეში. სააკაშვილის პერიოდში ოსების მიმართ ხელისუფლებას სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა - მათ მიმართ გარკვეულწილად ხდებოდა ეგზეკუცია, დაშინება. რა ვითარებაც იყო მთელს საქართველოში, ის ხდებოდა ოსების მიმართაც. ოსები შიშით უყურებდნენ გორში ან თბილისში ჩამოსვლას.

შესაბამისად, გამყოფი ხაზი, რომელიც არ არსებობდა ფიქსირებულად, არსებობდა რუსების წარმოსახვაში. ახალმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ოსები დაიძრნენ თბილისისკენ, გორში და ახლომდებარე სოფლებში ჩამოდიან ნათესავებთან. ეს მიმოსვლა გახდა საყოველთაო. ამის შეეშინდათ სწორედ რუსებს და დაიწყეს მათ წარმოსახვაში არსებული გამყოფი ხაზის რეალურად რელიზაცია.

რუსი სამხედროები ადრე მხოლოდ პატრულირებდნენ, ახლა კი უკვე დაიწყეს ამის საინჟინრო ნაგებობით გამყარება. ეს არის ის, რაზეც ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი. რუსეთმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ამ აღიარების მძევალი გახდა. მათი დამოუკიდებლობა ვერასოდეს შედგება.

რაში გამოიხატება ის, რომ დღეს რუსეთისთვის უკვე პრობლემა გახდა ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება?

- საქართველოს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო, მოხდა უკვე. ამაზე უარესი ვეღარ მოხდება. ამ ფონზე საქართველო უფრო თამამად მიისწრაფვის ევროკავშირისაკენ, ნატოსაკენ და რუსეთი ვერანაირად მას ვერ აჩერებს. დღეს რუსეთს შანტაჟის არანაირი ბერკეტი არ აქვს. რუსეთი კარგავს რა საქართველოს, კარგავს მთელს სამხრეთ კავკასიას, როგორც გეოსტრატეგიულ ტერიტორიას. საქართველოსთან კონფრონტაციით რუსეთმა უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე საქართველომ. იმიტომ, რომ ოსებისა და აფხაზებისათვის რუსეთი არაა საუკეთესო მეგობარი.

დღემდე საქართველო უფრო საფრთხის შემცველი იყო მათთვის. საქართველო რომ შეიცვლება, გახდება დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული, უფრო მეტი აფხაზი და ოსი ივლის დანარჩენ საქართველოში. როცა ნახავენ, როგორია რეალური საქართველო, ბუნებრივია, ჩვენსკენ შემოტრიალდებიან, დროის ფაქტორია მხოლოდ. ამას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ წარმატება იქნება.

საბოლოო ჯამში, ოსებმა და აფხაზებმა საქართველო უნდა აირჩიონ. მათთვის ჩრდილოეთკავკასიური რუსეთი, კარგად ცნობილი რუსეთია. მათ იციან, როგორ ელპარაკება რუსეთი თავის ხალხს - ჩეჩნებს, ინგუშებს და ა.შ. ამ პოლიტიკაში როგორია მათი მომავალი, ეს ოსებმა და აფხაზებმა კარგად იციან. საქართველომ მათ განსხვავებული მომავალი უნდა აჩვენოს. ამ ფონზე, ბუნებრივია, რუსეთი კარგავს რა საქართველოს, მასთან ერთად კარგავს სამხრეთ კავკასიაში გავლენებს.

რა შემთვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სეპარატისტული ტერიტორიები დამანგრეველი რუსეთისთვის?

- რუსეთი კარგავს გავლენებს კავკასიაში და ესაა დამანგრეველი. ანუ, კარგავს ძალიან სერიოზულ გეოსტრატეგიულ ტერიტორიას. ვითომ ითვისებს რა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, კარგავს მთელ საქართველოს. საბოლოო ჯამში, საქართველო არ კარგავს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. მათი დამოუკიდებლობა აპრიორი გამორიცხული და აბსურდულია, მათ ობიექტურად არ შეუძლიათ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები. ძალიან მცირერიცხოვანი არიან და ძალიან დამოკიდებულები გახდნენ რუსეთზე, რომლის გვერდითაც ისინი დამოუკიდებლები ვერასოდეს იქნებიან.

ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ამ პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით რუსეთს ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ გათავისუფლდეს საკუთარი აღიარების მძევლობისაგან და დაადგეს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზას. ეს გზა, ბუნებრივია, გადის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსული პოლიტიკის შეცვლაზე და მოსკოვმა საქართველოს უნდა მისცეს საშუალება, ნორმალურად და ღირსეულად ელაპარაკოს თავის ხალხს - აფხაზებს და ოსებს.

საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს .. საზღვრის გადმოწევა, კეთდება განცხადებები, რომ საქართველო 2008 წლის პროცესებს უბრუნდება. ამის პარალელურად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი ალექსანდრე დუგინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საერთო საკითხები ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთო...

- ის, რომ დუგინი ჰყავთ რუსეთს წამყვან პოლიტოლოგად, ეს მათთვის უდიდესი პრობლემაა. დუგინი ღრუბლებში დაფრინავს და არასერიოზულია მისი წიაღსვლები. არც ერთი მისი გათვლა და პოზიცია არ გამართლებულა. რაც უფრო მეტი დუგინი ეყოლებათ რუსებს, მით უფრო მეტი პრობლემები ექნებათ. შესაბამისად, უმჯობესია, დროზე გათავისუფლდნენ დუგინებისგან და სხვანაირად იმსჯელონ. რაც შეეხება იმას, ვუახლოვდებით თუ არა 2008 წელს, პასუხია - არა. 2008 წელი გრძელდება და გრძელდება ამ გამყოფი ხაზის დადგენით. დგინდება ხაზი იმ ტერიტორიის გარშემო, რომელიც რუსებს დაპყრობილად მიაჩნიათ.

ისინი ამას ახორციელებენ ოსი ხალხის წინააღმდეგ. უმრავლესობა მათგანმა დაიჯერა ახალი საქართველოსი და დაიწყო აქეთ მზერა. ეს არის რუსეთისთვის ყველაზე უფრო მიუღებელი - რუსები არც უსმენენ და არც ანგარიშს არ უწევენ ოსური საზოგადოების ინტერესებს. მკაფიოდ და ცალსახად ცდილობენ, რომ არ დაუშვან ოსურ-ქართული შერიგება, რათა ამით არ მოხდეს რუსეთის კიდევ უფრო დისტანცირება საქართველოსგან და შესაბამისად, კავკასიისაგან. რუსები დღეს ვეღარ მართავენ პროცესს და ამიტომ იძულებული არიან, ხელების ამოგრეხვაზე წავიდნენ. არის ასეთი რუსული გამოთქმა - „ძალა გაქვს - გონება საჭირო არ არის“. ეს პოლიტიკა ხორციელდება.

რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება .. საზღვრების გადმოწევას. გარდა საერთაშორისო ზემოქმედებისა, რა ძალა გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს რუსეთის საოკუპიო ძალების თვითნებობა?

- ვერ გავიგე, რა საზღვარი გადმოწიეს, საიდან გადმოწიეს, შეძლებს ვინმე ამის ახსნას? არავის უჩვენებია ძველი მავთულხლართები და მერე - ახალი მავთულხლართები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია. რუსეთი აგრძელებს იმას, რაც გააკეთა 2008 წელს. არავითარ გადმოწევას ადგილი არ ჰქონია. ისინი ახდენენ ტერიტორიის პატრულირებას, არ იყო გაყვანილი არავითარი ხაზი, არანაირი ფორმით და დღეს გადაწყვიტეს, რომ ეს ხაზი გაიყვანონ. ისევ ვიმეორებ, რომ მიუღებელია ცნება გადმოწევა, ვინც ამას ამბობს, რომ საზღვარი გადმოწიეს, კარგად ჩაიხედონ თავის თავში - დათმეს თუ არა თავის ცნობიერებაში უკვე ტერიტორიები.

ის, რაც დღეს ხდება, ეს ხდებოდა 2008 წლის შემდეგ - ოკუპაცია გრძელდება. ამიტომ ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გონიერი პოლიტიკა, აფხაზებისა და ოსების ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკა.

რუსეთის მათი მთავარი ამოცანაა, გამოგვიყვანონ მწყობრიდან, ნერვებს ავყვეთ, მაგრამ ვერ აგვიყოლიეს. მათ ორი მიზანი აქვთ - ერთი, აგვიყოლიონ და საპასუხოდ შევუტიოთ, ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეს, დაგვიყოლიონ მოლაპარაკებებზე მათი გაგებით „სახელმწიფო საზღვრის” დადგენაზე, რასაც ჩვენ არ უნდა ავყვეთ. ეს არის რუსული რეაქცია ჩვენს გონივრულობაზე და ჩვენ ჩვენს გონივრულობაზე და პრაგმატიზმზე უარი არ უნდა ვთქვათ. ეს არის პასუხი, ისევ და ისევ, ოსურ საზოგადოებაში მუშაობაზე. ჩემთვის უმთავრესი ოსურ საზოგადოებაზე მუშაობა და ქართული მხარის მიერ მკაფიოდ არჩეული გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის გატარებაა, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ამ პროცესში.