„ზაქარეიშვილს რომ უთხრათ - რუსეთს მკვეთრი პასუხი გაეციო, მე-11 სართულიდან გადმოხტება“

„ზაქარეიშვილს რომ უთხრათ - რუსეთს მკვეთრი პასუხი გაეციო, მე-11 სართულიდან გადმოხტება“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს მოუწოდებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი გააუქმოს.

კარასინის მტკიცებით, კანონი იმ რუსი ტურისტების უსაფრთხოებაზე აისახება, რომლებიც საქართველოში ჩადიან.

„ზაფხულში ტურისტთა ნაკადი ბევრად დიდი იქნება და მთავარი, რაც ჩვენი ტურისტებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულების გამო. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ კანონის გაუქმება იქნებოდა. ეს კარგ პირობებს შექმნიდა ჰუმანიტარული გაცვლისათვის და უპირველეს ყოვლისა ტურისტული ვიზიტებისათვის“, - დასძენს კარასინი, რომლის მოთხოვნასაც ქართულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა.

ნაციონალების შეფასებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველო შევარდნაძის ეპოქაში ბრუნდება. მმართველი ძალა აცხადებს, რომ კანონის გაუქმება არ მოხდება, ხოლო პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან ამ საკითხის დაყენებას ცინიზმად და თავხედობად აფასებენ.

როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს არ გააუქმებს მანამ, სანამ ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება.

მისი შეფასებით, კარასინს შეუძლია რაღაც განცხადებები აკეთოს, რადგან ის დიპლომატია, მაგრამ ქართული მხარე საკუთარ აზრზე დარჩება.

„ამ კანონს არ გავაუქმებთ მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. კანონის იმ ნაწილს ვარბილებთ, რომელიც ყველაზე ნაკლებად რუსეთს, ხოლო უფრო მეტად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ კანონის გაუქმებას ვაპირებთ. მათ შორის, არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ იქნება რუსეთთან, სანამ დეოკუპაცია არ მოხდება“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის პათოსსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იზიარებს.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დისკუსიას არ ექვემდებარება.

მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან ვერ აღდგება, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში, გაერო-ს მიერ აღიარებულ ფარგლებში, სხვა „სახელმწიფოებს“ აღიარებს.

„სახელმწიფო ინტერესებსა და მოლაპარაკებების შედეგად წარმოქმნილ საკითხებს შორის მკაფიო ზღვარი არსებობს. ჩვენი მკაფიო ზღვარი ისაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დისკუსიას არ ექვემდებარება“, - დასძენს სესიაშვილი.

საკითხზე საუბრისას, ნაციონალები კანონის შემაკავებელ ფაქტორებზე აპელირებენ და მთავრობას მოუწოდებენ პარლამენტიდან პირველი მოსმენით მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიოს, რომლის მიხედვითაც, კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ბარამიძის მოსაზრებით, კარასინი საუბრობს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანის შესვლა მათთვის გართულებულია.

„ეს სწორედ მოქმედი კანონით შექმნილი რეჟიმის გამო ხდება. კარასინის განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს კანონი მოქმედებს და მას შემაკავებელი ფაქტორი აქვს. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში უკანონოდ საზღვრის გადმოკვეთა ისჯება, რადგან საზღვარი ყველა ქვეყანაში წმინდათა წმინდაა. მთავრობას მოვუწოდებ პარლამენტიდან ეს პროექტი საერთოდ გაიტანოს“, - აცხადებს დეპუტატი, რომლის პოზიციასაც თანაგუნდელი გიორგი კანდელაკი იზიარებს და აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველო შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნდა.

„ბოლო განცხადებები, მათ შორის - პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეაქცია საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში შევარდნაძის ეპოქა დაბრუნდა, როცა იმგვარი სიტუაცია მივიღეთ, სადაც არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არაა“, - აღნიშნავს კანდელაკი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთა რიტორიკას ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე კატეგორიულად არ იზიარებს, მათ ფრთხილი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს და დღეს, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოს სახელწოდებით - „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“ ეხმაურება, რომელიც მუქარას შეიცავს.

როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, კონკრეტულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თუ რა ტიპის კანონებს მიიღებს.

მისი თქმით, კარასინს არაინაირი უფლება არ აქვს, ამა თუ იმ კანონის გაუქმება მოითხოვოს.

„თუ ახლა, კარასინი კანონის გაუქმებაზე ლაპარაკობს, მომავალში არ არის გამორიცხული, რომ სხვა კანონის მიღება მოგვთხოვოს. კანონის გაუქმებას არავინ აპირებს. რაც შეეხება უმცირესობის განცხადებებს, ყველას ვთხოვ, რომ სენსიტიურ თემებზე საუბრისას ფრთხილი განცხადებები გააკეთონ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტი აფხაზი და ოსი ხალხის რეინტეგრაციის პროცესს ემსახურება და ამისთვის არის ნაბიჯები გადასადგმელი და არა ის, რომ ცვლილებების განხორციელება რუსეთის დაკვეთა და ა.შ. დღეს, Youtube-ზე ვიდეო გავრცელდა, რომელიც ძალიან სახიფათო თემაა. სააკაშვილი კი დადის, პიარკამპანიას ატარებს და ქართველ ჯარისკაცებს ეკითხება რამდენი ადამიანი მოკლეს. ასეთი რამ არ შეიძლება და სენსიტიურ თემებს ყველა სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მოწოდებები კი, არავის სჭირდება, რადგან ისეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც ქვეყანას სჭირდება და არავინ არავის დაკვეთით არაფერს აკეთებს“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

მოსკოვის მოთხოვნა გაუქმდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი - თუ რა მიზანს ემსახურება, ამის გარკვევას for.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან შეეცადა.

მისი შეფასებით, კრემლის მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი პასუხი უნდა გასცეს, რადგან რუსეთის მხრიდან ამ საკითხის დაყენება ცინიზმი და თავხედობაა.

„თუ როგორმე კანონის გაუქმებაზე დავთანხმდებოდით, სჯობდა, მოსკოვის მოთხოვნამდე, ჩვენი კეთილი ნებითა და ინიციატივით კანონი გაუქმებულიყო, მაგრამ კარასინის მოთხოვნის საფუძველზე ამ კანონის გაუქმება მიუღებელია. მით უფრო, რომ ოსები სუვერენულ მხარედ გამოჰყავთ და ეს მამაძაღლი თიბილოვი, რომელიც მოსკოვის პასუხის გარეშე წამალს არ დალევს, დამოუკიდებელ „სახელმწიფოდ“ გამოიყვანეს. რუსეთის მხრიდან ეს არის ცინიზმი და თავხედობა, მაგრამ ამის პასუხი პაატა ზაქარეიშვილს უნდა მოჰკითხოთ, რომელმაც ცვლილებები მოამზადა. პირველი ინიციატივა კანონის ლიბერალიზაცია იყო და პატარძლის არ იყოს - „პატარა-პატარაო...“, აი, ეს არის შედეგი. პატარაზე დავთანხმდით და „ჭამა მადაში მოდის“, დღეს ეს მოგვთხოვეს, ხვალ კი სხვას მოგვთხოვენ“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

ცინცაძის განმარტებით, საერთაშოიროსო პრაქტიკაში დაუშვებელია ერთმა სუვერენულმა სახელმწიფომ მეორე ქვეყანას კანონის გაუქმება, ან ნებისმისმიერი სხვა კანონის მიღება მოსთხოვოს.

„სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია ის, თუ რომელი კანონი მიიღოს, ან გააუქმოს. კარასინის მიერ დაყენებული საკითხი განხილვის საგნადაც არ უნდა იქცეს. მათ მოთხოვნას მკვეთრი პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილს რომ უთხრათ - მკვეთრი პასუხი გაეციო, მე-11 სართულიდან გადმოხტება. ამიტომ, უნდა წავუყრუოთ და ამ საკითხს პასუხი საერთოდ არ გავცეთ. მას შემდეგ, რაც კანონის მოდერნიზაცია დავიწყეთ, რუსეთმა დაასკვნა, რომ საქართველო ყველაფერზე წავა. სამწუხაროა, რომ ჩვენი არცერთი დიპლომატი პროფესიონალი არ არის და მათ სხვადასხვა სახის საბაზისო განათლება აქვთ. გეოგრაფიიდან დაწყებული სანტექნიკით დამთავრებული, ყველა დიპლომატი გახდა, რაც ამის შედეგია“, - განაცხადა ცინცაძემ.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი წინა ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, თუმცა, ახალმა მთავრობამ კანონის ლიბერალიზაციის მიზნით, ცვლილებები მოამზადა, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით არის მიღებული. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან გადატანილია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში და კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.

იქედან გამომდინარე, რომ ნაციონალები ინიციატივას მხარს არ უჭერენ, მათ მმართველ ძალას საპროცედურო ომი გამოუცხადეს და საკითხის პირველი მოსმენით გატანას რამდენიმე დღიანი პლენარული სხდომა დასჭირდა. მოგვიანებით კი, უმცირესობამ უმრავლესობას შესთავაზა - ცვლილება საქართველოს მთელ საზღვარზე გავრცელდეს და საზღვრის ერთიანი რეჟიმი არ დაირღვას. სწორედ ამ შეთავაზების გამო, სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნილიყო, თუმცა, როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, ნაციონალები პიარ გამოსვლებს მართავენ, ნაბიჯებს კი არ დგამენ, რის გამოც, ეს ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა.