საქართველოში საწვავის გაიაფება გაჭიანურდა, ამასობაში მსოფლიოში გაძვირების ახალი ტალღა აგორდა

საქართველოში საწვავის გაიაფება გაჭიანურდა, ამასობაში მსოფლიოში გაძვირების ახალი ტალღა აგორდა

საქართველოში ჯერ კიდევ მსჯელობენ საწვავის დამატებითი გაიაფების შესახებ, ამ დროს კი მსოფლიოში ვითარება მკვეთრად უარესობისკენ შეიცვალა. როგორც ჩანს, გაძვირების ტენდენციას უკვე ვერაფერი აბალანსებს და ნავთობპროდუქტები ფასები ისევ პიკისკენ დაიძრა. ასეთ ვითარებაში დარჩა თუ არა რესურსი, რომ საქართველოში საწვავი კიდევ გაიაფდეს?

რამდენიმე დღის წინ საწვავის ფასის შემცირების მიზეზად ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ბაზრის დივერსიფიკაცია დაასახელა. როგორც პარლამენტში გამოსავლისას დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საწვავის ბაზარი დეტალურად შეისწავლა, რათა გაეგო იყო თუ არა შესაძლებელი ფასის დაწევა.

„ბიზნესთან ორგანიზებულად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მოგვეხდინა მოწოდების წყაროების დამატებით დივერსიფიკაცია - იქნება შუა აზიის ქვეყნები თუ სხვა მიწოდების წყაროები. შედეგად ალტერნატიული საწვავის ქვეყანაში შემოტანა მოხერხდა. ამან საშუალება მოგვცა, რომ ფასმა შემცირება დაიწყო. ეს შესამჩნევია განსაკუთრებით არაბრენდირებულ, ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.

საკმაოდ დიდი მუშაობა მოგვიწია დიდ ქსელებთან, დავინახეთ რომ ფასის შემცირების საშუალება იყო და შემცირება გაგრძელდა სხვადასხვა აქციების ფორმატში. იგივე ხდება სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დავინახეთ პოლემიკა ხორბალსა და ფქვილზე და აქაც სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეფუძნება ერთ რამეს - ჩვენთვის ეკონომიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცხოვრებისეული პირობები. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ ამის სასარგებლოდ, რათა ფქვილის ფასი ნაკლებად გაზრდილიყო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საწვავის ფასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში არანაირად არ მოხსნილა. მცირე გაიაფება მომხმარებლისთვის შვების მომტანი ნამდვილად არ არის. დიდმა ბრენდებმა იმ მიზეზებზე დაიწყვეს საუბარი, რამაც თითქოსდა ფასის კლების პროცესს შეუშალა ხელი.

კომპანია „ვისოლის“ დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი, რომ იმ ნიშნულზე ყოფილიყო, რაც ომამდე სამი თვით ადრე იყო და პარალელურად, ლარის კურსი ასე გამყარებულიყო, როგორც ბოლო პერიოდში, ამას საწვავის მომხმარებელი მყისიერად იგრძნობდა.

„ლარის გაუფასურება ბიზნესზე, მოსახლეობასა და საზოგადოებაზე ნეგატიურად მოქმედებს. კარგი ტენდენციაა რაც ბოლო დღეებში გამოიკვეთა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლარი რომელიმე ერთ ნიშნულზე გაჩერდება. ვფიქრობთ, ლარი ახალ დიაპაზონს, ახალ ჩარჩოს იპოვის. რა უწყობს ამას ხელს? - ის მაკროეკონომიკური ვითარება, რაც ბოლო პერიოდში მთელი რიგი პოზიტიური ფაქტორებიდან გამომდინარე შეიქმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ არ ველოდებით, რომ რომელიმე ერთ ნიშნულზე გაჩერდება.

ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი, რომ იმ ნიშნულზე ყოფილიყო, რაც ომამდე სამი თვის წინ იყო და ლარის კურსი ასე გამყარებულიყო, როგორც ბოლო პერიოდშია, ამას მომხმარებელი მყისიერად იგრძნობდა, მაგრამ ასე არ იყო და ნავთობი და ნავთობპროდუქტები უფრო მეტად გაძვირდა. ჩვენ საბრუნავ სახსრებზე მოთხოვნა ორნახევარჯერ გაგვეზარდა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

სანამდე საქარველოში საწვავის გაიაფების გზებზე გაცხარებული მსჯელობა მიმდინარეობს, მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირების შეუქცევადი ტენდენცია შეინიშნება: 1 ბარელი „ბრენტის“ ღირებულება 120 დოლარს გადასცდა, ხოლო ამერიკული „ლაითის“ ტიპის ნავთობის ფასი კი 115-117 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია.

უკანასკნელ პერიოდში ნედლი ნავთობის ფასების ზრდა სამ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. პირველი და უმთავრესი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტის განხილვას უკავშირდება და იგი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მოიცავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის იმპორტის სრული და მყისიერი აკრძალვა ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რადგან რუსული ნავთობის სრულად ჩანაცვლებას გარკვეული დრო და ინვესტიცია სჭირდება.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ სრული აკრძალვის, არამედ ნაწილობრივ შეზღუდვის ალტერნატივასაც განიხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასებზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქდეს.

მეორე ძირითადი ფაქტორი ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას და შანხაიში ლოქდაუნის გაუქმებას უკავშირდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას, მობილობას და საწვავზე მოთხოვნას. გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე.

ნავთობის ფასების ზრდის მესამე მიზეზი უშუალოდ წარმოების და მიწოდების საკითხებს უკავშირდება - ოპეკი არ გეგმავს საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის დაგეგმილზე მეტად მიწოდებას, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომით არსებითად შეცვლილი ვითარებისა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინს, „ბიზნეს მედიას“ ინფორამციით, მატების ტენდენციაა ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც: აგვისტო-სექტემბრის ფიუჩერსები 110-113 დოლარის ფარგლებში ივაჭრება; ოქტომბერი-ნოემბრის კონტრაქტების 105-107 დოლარის დიაპაზონშია, ხოლო დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ამჟამად 103 დოლარს აღწევს. არადა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფიუჩერსების ფასების 91-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.