საზოგადოებაში გავრცელებული სილამაზის სტანდარტები უამრავი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის. ეს სტანდარტები ხშირად გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ საკმარისი არ ვართ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამონაკლისები არც საზოგადოების მიერ სილამაზის სიმბოლოებად აღიარებული ვარსკვლავები არიან.
ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, რომელსაც გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები აქვს, მეგან ფოქსიცაა. როგორც აღმოჩნდა, მეგანს საკუთარი თავის ზომა და ფორმა არ მოსწონს, რის გამოც თმის აწევას ერიდებოდა. ამის შესახებ მეგანმა ინსტაგრამის პოსტში დაწერა:
"აწეულ თმას არასდროს ვატარებ, რადგან ჩემი თავი სოიის პატარა მარცვლის ზომისაა, თუმცა ამჯერად ავიწიე და ყველაფერი კარგადაა. პატარა ნაბიჯები", — წერს მსახიობი.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეგანმა საკუთარ გარეგნობაზე ისაუბრა. ოქტომბერში მან საზოგადოებას გაუმხილა, რომ სხეულის დისმორფიული აშლილობა აქვს.
"შეიძლება ვინმეს შევხედოთ და გავიფიქროთ: 'რა ლამაზია და რა მარტივი იქნება ცხოვრება მისთვის'. თუმცა ხშირად ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე ასე სულაც არ ფიქრობენ", — განაცხადა მან.
სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ მის სხეულს გარკვეული "ნაკლი" აქვს და ამაზე გამუდმებით ფიქრს ვერ წყვეტს.
"კი, სხეულის დისმორფული აშლილობა მაქვს. რეალურად ძალიან არათავდაჯერებული ვარ", — თქვა მეგან ფოქსმა.