Youtobe-ზე გავრცელებული ვიდეოს წარმომავლობა გაურკვეველია

Youtobe-ზე გავრცელებული ვიდეოს წარმომავლობა გაურკვეველია

Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში დაჭრილი და დახოცილი ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. მასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. 

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.

ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

„Youtube“-ზე გავრცელებულ ვიდეო-მუქარას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეოს წარმომავლობა და ავთენტურობა დასადგენია. დეპუტატი ფიქრობს, რომ მომხდარს პროვოკაციის სუნი ასდის და საქმეში მესამე ძალაა ჩართული, თუმცა სესიაშვილმა თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, თუ ვის გულისხმობდა მესამე ძალაში.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოს წარმომავლობას შესაბამისი ორგანოები ადგენენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან ავღანეთში „აისაფის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები. დეპუტატის თქმით, საფრთხის შემცველი რისკების შემცირებისათვის პრევენციული ზომები მიიღო ოპერატიულმა სადაზვერვო სამსახურმაც.

თავდაცვის სამინისტროშიც განმარტავენ, რომ გავრცელებული ვიდეო-მასალის წარმომავლობასთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ვიდეოჩანაწერის შექმნის პროვოცირება პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახდინა.

„გამოძიებამდე თავს შევიკავებდი იმის შეფასებისგან, თუ რეალურად რა დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - ამ ბნელი თავების პროვოცირება ასეთი ტიპის კომბინაციაზე მოახდინა სააკაშვილის იმ ყოვლად გაუგონარმა საქციელმა, რომელიც მან ავღანეთში ჩაიდინა. მე ვგულისხმობ მის იმ ქმედებამ, როდესაც იგი ქართველ ჯარისკაცს ტერორისტების დახოცვაზე ესაუბრებოდა“, - ამბობს პრემიერის მრჩეველი.

მისი თქმით, გამოსაძიებელია კონკრეტულად ვინ დგას ამ ფაქტის უკან, რადგან ეს არ არის სახუმარო საკითხი, მაგრამ ამ ვიდეომასალის პროვოკატორად ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.

თავის მხრივ, for.ge მიიჩნევს, რომ მსგავსი ვიდეომასალის გავრცელება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ჩვენი მედიასაშუალება ემიჯნება იმ პროპაგანდას, რაც ქართულ მედიასივრცეში ამ საკითხზე მიმდინარეობს.