მოახერხა თუ არა მთავრობამ „გაქცეული ფასების“ მოთოკვა და მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესება?

მოახერხა თუ არა მთავრობამ „გაქცეული ფასების“ მოთოკვა და მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესება?

მთავრობა ცდილობს როგორმე ფასების ზრდა შეაჩეროს და ინფლაციის მაჩვენებელი დასწიოს. სტატისტიკური მონაცემები თითქოს ადასტურებს მათი მონდომების შედეგს. რიგ პარამეტრებში გაუმჯობესება შეინიშნება კიდეც, თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ძალისხმევას სასურველ შედეგებამდე ჯერ მაინც ვერ მივყავართ.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გუნდისთვის მთავარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო გარემოსა და ეკონომიკური პირობების შექმნა.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკაც ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ გარკვეული მყისიერი დაცვის სოციალური მექანიზმები ავამოქმედოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა შევამსუბუქოთ იმ პირობებში, როდესაც გლობალურად პრობლემაა ფასების ზრდა და ინფლაცია, ასევე, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა წარვმართოთ იმგვარად, რომ მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და დასაქმება. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ამოცანა.

დღესდღეობით ინფლაციაზე დიდწილად მოქმედებს ორი რამ, ეს არის საკვები პროდუქტები და საწვავი. საწვავთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივით, მოკვლევა გააკეთა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დეტალურად გაგვეანალიზებინა მიწოდების ყველა რგოლი, იმისთვის, რომ გვენახა სივრცე, როგორ შეიძლებოდა მოსახლეობისთვის საწვავზე ფასების შემცირება.

დავინახეთ, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში ფასები რეკორდულად გაიზარდა. ორგანიზებულად ვიმუშავეთ ბიზნესთან, რომ დამატებითი დივერსიფიკაცია მოგვეხდინა მოწოდების წყაროების მხრივ, რაც მოვახერხეთ კიდეც - ეს იქნება შუა აზიის ქვეყნები თუ სხვა მოწოდების წყაროები, მოვახერხეთ ალტერნატიული საწვავის ქვეყანაში შემოსვლის ხელშეწყობა, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ფასების დაკლება დაიწყო. ვხედავთ, განსაკუთრებით არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე იყო პოლემიკა ხორბალთან მიმართებით და აქაც სახელმწიფოს გადაწყვეტილება ერთ რამეს ეფუძნებოდა - მნიშვნელოვანია ეკონომიკა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.

„გადაწყვეტილება მივიღეთ ზუსტად ამის სასარგებლოდ, რომ ფქვილის ფასი ნაკლებად გაზრდილიყო, თუმცა გვესმის, რომ ინფლაცია არის და ფასები ზოგადად იზრდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მთავრობა ამყობს ისითაც, რომ 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა.

„2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში _ 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი).

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში, ისე კაცებში, შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

პარალელურად კი საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალმა 1050 ლარს მიაღწია. თითქოს ასეთი სტატისტიკა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს, მით უფრო რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, დღეს ოჯახების და მათი წევრების შემოსავალი (თუნდაც გაზრდილი) ყოფა-ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. პანდემიიდან მოყოლებული დღემდე ქვეყანას ინფლაცია უტევს, ყველაფერი გაძვირებულია და გაურკვეველია უახლოესი მომავლის პერსპექტივაც.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ 1050 ლარი ოჯახისთვის საკმარისი არ არის და არც სიღარიბის შემცირებაა თვალნათელი.

„ცხადია, 1050 ლარი არ არის საკმარისი. ჩვენი მთავრობა ამაყობს იმით, რომ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის გამო კმაყოფილია. საქართველო განვითარებული და მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყნებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენთან აინტერესებთ და საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე და ზოგჯერ - ინფლაციაზე, მაგრამ არ საუბრობენ ისეთ თემაზე, როგორიც არის მოსახლეობის კეთილდღეობა.

კეთილდღეობა იზომება ისეთი პარამეტრებით, როგორებიც არის სრულფასოვანი კვება, ჩაცმა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ამის შედეგად დგინდება კეთილდღეობის კოეფიციენტი. ჩვენთან ამას არ ზომავენ, ევროპის ქვეყნებში კი ამას ზომავენ და დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, ხალხს ამის შესახებ არ ესაუბრებიან და არც აინტერესებთ“, - აღნიშნა სოსო სომონიშვილმა.

dimpi ეკონომისტო სოსო სიმონიშვილო იქნებ გადანაწილების მექანიზმია დეფექტური და არ არსებობს?
2 წლის უკან
dimpi ან საიდან მოიტანე ეგ ციფრები? 1050?
სულ ორიოდე თვის წინ არ იძახდნენ პარლამენტარშიკები დღეში 1.80 ლარი საკმარისია არსებობისთვისო?
2 წლის უკან
dimpi და მგონი ტელევიზორშიც დაამზადეს რაღაც კერძი 1,80 ლარად...
2 წლის უკან
dimpi ხოლო პენსიონერებს ისიც ყოფნით და გამძღარი არიან როცა მოახერხებენ მარკეტში შესვლას და დახლების თვალიერებას...
აი თუ წამალი აქვთ საყიდელი მაშინ დგება პრობლემა, რადგან წამლის თვალიერებით შვებას ვერ გრძნობენ
2 წლის უკან