გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტვირთების საკუთარ დერეფანში მოზიდვა უკვე დაიწყო და მასშტაბები, ალბათ, კიდევ გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა და ინტერესი ნამდვილად არსებობს. ომის პირობებში ტვირთების ნაკადი პრაქტიკულად 7-ჯერ არის გაზრდილი. რამდენად გაუძლებს ამას ქვეყნის ინფრასტრუქტურა?
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სატრანსპორტო დერეფანში ტვირთები გაზრდილია, ხოლო ყაზახეთმა საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაზეც განაცხადი მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა.
„რაც შეეხება სატვირთო კორიდორში ახალი რეალობის გათვალისწინებით მოზიდული ტვირთების საკითხს, განაცხადი უკვე არის და ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო, რაც წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. ამას გარდა, დამატებით სხვა ყაზახური ნავთობპროდუქტები 600 ათასი ტონა იქნება. ასევე იგეგმება 2.5 მლნ სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთის (როგორებიცაა გოგირდი და სასუქები) ზრდა, გადაზიდვა.
ჩვენი მოლოდინით 40-50 ათასამდე საკონტეინერო ერთეულით მოიმატებს კორიდორში ტვირთების რაოდენობა. ეს, ძირითადად, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთია. ამ პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ჩვენი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც“, - განაცხადა გურამიშვილმა.
უმნიშვნელოვანესია, ქვეყანამ გამტარუნარიანობის ზრდასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იზრუნოს, სხვაგვარად გეოპოლიტიკური მდებარეობა მხოლოდ მოცემულობად დარჩება. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.
„პრობლემა ახლა გამძაფრდა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. ომის პირობებში ტვირთების ნაკადი პრაქტიკულად, 7-ჯერ არის გაზრდილი, არა მხოლოდ ტვირთების, ცარიელი სატვირთოებისაც. ჩვენი ინფრასტრუქტურა კი, თავისთავად არ იძლევა ამხელა გამტარუნარიანობის შესაძლებლობას.
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია რეგიონში ლიდერად და ჰაბად ვიქცეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ამისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო ღრმაწყლოვანი პორტი. აგრეთვე, რკინიგზა, რომელიც, როგორც იქნა, მოგებაზე გავიდა. უმნიშვნელოვანესია, რომ სარკინიგზო მიმართულებებს პრიორიტეტი მიეცეს, როცა ის სახელმწიფოს ხელშია.
სხვანაირად, სიტყვები, რომ გვინდა ვიყოთ ჰაბი, დარჩება ჰაერში იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ამაზე უკვე აქტიურად მუშაობენ. მათ შორის, თურქეთის მხარე ძალიან ახლოს ბათუმთან საერთაშორისო აეროპორტს აშენებს, რაც დიდი დარტყმა და კონკურენცია იქნება ჩვენთვის“, - განაცხადა ჭყონიამ გადაცემა „საქმეში“.
ჯერჯერობით საქართველოს დერეფანი უალტერნატივო ხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ბოძებული შანსი ქვეყანამ სწორად გამოიყენოს. ტრანსპორტის დარგის ექსპერტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სატრანზიტო დერეფნების გააქტიურება სხვა სფეროების განვითარებასაც იწვევს და აუცილებელია შესაძლებლობის სწორად გამოყენება.
„საქართველოზე გამავალი დერეფნების გააქტიურება სხვა სფეროების განვითარებასაც გამოიწვევს. მაგალითად, მომსახურების სფეროს, ასევე ლოგისტიკურ ცენტრებს, სატრანსპორტო კომპანიებს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ხარისხზეც, რადგან მოთხოვნები უფრო მაღალი იქნება და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ პოტენციური რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.
აშკარაა, რომ დერეფნების გააქტიურებას დიდი დადებითი ეფექტი ექნება იმ კუთხით, რომ შემოსავლები სატრანსპორტო მომსახურეობის კუთხიდან გაიზრდება, შეიქმნება ახალი ცენტრები, რაც დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზეც. მოცემულობიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო ჩაჯდება ახალ რეალობაში“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.
ბმული
ბმული
ბმული