როგორი იყო ძველად საბურთალო და რა ტრადიციები ჰქონდათ პირველ საბურთალოელებს

როგორი იყო ძველად საბურთალო და რა ტრადიციები ჰქონდათ პირველ საბურთალოელებს

თბილისის ყველა უბანს, მოგეხსენებათ, ძველად სულ სხვანაირი სახე ჰქონდა. საბურთალოზე, როგორც ამბობენ, გაშლილი მინდვრები იყო და სანადიროდ იყენებდნენ. მისი სახელიც სიტყვა „ბურთაობიდან” მოდის. უთმელიძეები იყვნენ ერთ-ერთი პირველი ქართველები, რომლებიც საბურთალოზე ცხოვრობდნენ. ამ უბნის ძველი ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ უთმელიძეების შთამომავალი, მალხაზ უთმელიძე გვესაუბრება.

თქვენ პირველი საბურთალოელების შთამომავალი ხართ. ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ მათგან. როგორი იყო საბურთალო ძველად?

 – ძველი საბურთალო ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ეს, ალბათ, ლოგიკურიც არის, რადგან, მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, დრო კი ყველაფერს ცვლის. მე თავადაც მახსოვს, თუ როგორი სახე ჰქონდა ძველად საბურთალოს და ჩემი წინაპრებისგანაც ვიცი, რომ ისინი ერთ-ერთი პირველი საბურთალოელები იყვნენ. საბურთალოს ძალიან საინტერესო ტერიტორია ჰქონდა: იწყებოდა მდინარე ვერეს ნაპირიდან, სადაც ახლა ცირკია და ანაგის ქუჩასთან მთავრდებოდა. ბაბუაჩემი გიორგი და მისი ძმა – ლუკა ჩემმა დიდმა ბაბუამ რაჭიდან ჩამოიყვანა და მეპურეს მიაბარა შეგირდებად. ბიჭები პურის ცხობასაც სწავლობდნენ და ცხოვრებასაც. იმდენი აკოწიწეს გროშები, რომ ანაგის ქუჩაზე თავადაც ჩადგეს თონე. ისინი რუსი ვაჭრისგან, პარამონოვისგან, ფქვილს ერთი პროცენტის ფასდაკლებით ყიდულობდნენ, სამაგიეროდ, შობას, აღდგომას და გიორგობას ხალხს მთელ თბილისში ფქვილს, პასქასა და კვერცხს უფასოდ ურიგებდნენ. მერე წავიდოდნენ და წმიდა გიორგის საყდარში აღსარებას იტყოდნენ (ის საყდარი დღევანდელი 62-ე სკოლის ადგილას იდგა). საბურთალოს ყველა მამაკაცი ამ ეკლესიის ეზოში გროვდებოდა. ერთ ასეთ აღდგომას (მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში) ფოტოგრაფიც ჩამოუყვანიათ ღვინის აღმართიდან და სურათი გადაუღიათ.

 რომელ ქუჩაზე ცხოვრობდნენ თქვენი წინაპრები და რომელ წელს დასახლდნენ იქ?

 – პირველი მიწის ნაკვეთი 1892 წელს იყიდეს ახლანდელი ანაგის ქუჩაზე – ათი ჰექტარი იმპერატორის ბეჭდიან ფურცელზე გახლავთ გაფორმებული. აქ ძმებმა პირველი სახლი აიშენეს. დანარჩენ მიწებზე კი, დელისიდან ნუცუბიძის ჩათვლით, ვეძისით დამთავრებული, ვაზი ჩაყარეს და ბაღები გააშენეს. საბურთალოს მაშინდელმა მფლობელებმა – გაბაშვილებმა, უთმელიძეებთან სიხარულით დადეს გარიგება, რადგან იმ დროს ქართველი მყიდველი იშვიათად გამოჩნდებოდა და, პატიოსანი გარიგების ნიშნად, ხმალი და შინდისფრად გალაკული ცალი ყანწი აჩუქეს (ამ ყანწით გალაკტიონი სვამდა ნუცუბიძეზე, პაპაჩემის მარანში). მეორე კი თავად დაიტოვეს სამუდამო ახლობლობის ნიშნად. ბაბუაჩემმა დიდი ბაღები გააშენა. ოთხი თუ ხუთი ათასი ძირი ვენახი გვქონდა, ჩვენი ქვევრები, საწნახელი. რადგან მიწა ხრიოკი იყო, ნუცუბიძის მეორე ფერდობის თავზე, ტაფობში, უზარმაზარი აუზი ჰქონდათ ამოშენებული და წყალი მილებით ჩამოჰყავდათ. უწყლობის გამო, ნუცუბიძის მეორე და მესამე ფერდობებს შორის ხევს „მშრალ ხევს”, აუზიან ტაფობს კი – „გუბეხევს” ეძახდნენ. ჯიქიას ქუჩის ზემოთა ადგილებს – „ნაფეტვარს” უწოდებდნენ, რადგან ადრე იქ ფეტვს თესავდნენ.

თქვენს ქუჩაზე მცხოვრებლებს შორის, ალბათ, ბევრი ცნობილი და კოლორიტული პიროვნებაც იქნებოდა.

 – უამრავი ცნობილი და კოლორიტული პიროვნება ცხოვროდა ჩემს მეზობლად: სერგი ჯიქია, კოტე დაუშვილი, გოჩა აბაშიძე... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს – მთელი კულტურული ელიტა ცხოვრობდა. ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ჩვენ ხშირად გვესტუმრებოდა ხოლმე გალაკტიონი. ერთ საღამოს გავიხსენებ, როცა ჩვენმა მეზობელმა ქეთო ამაშუკელმა და მისმა მეგობარმა გალაკტიონი პირველად მოიყვანეს ჩვენთან ბაღში. გალაკტიონი რუს მეგობარ ქალთან ერთად იყო, სახელი აღარ მახსოვს. მაშინ დაახლოებით 14 წლის ვიყავი. მას შემდეგ ძალიან ხშირად მოდიოდა ხოლმე ის ჩვენთან.

 რაიმე ტრადიციები თუ გქონდათ ძველ საბურთალოელებს?

 – დიახ, არაერთი ტრადიცია იყო. მეზობლებს ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ის  იყო, რომ სხვადასხვა დღესასწაულზე ბაბუაჩემი მთელ სამეზობლოს და არა მარტო მათ, ნახევარ თბილისს, ფქვილს, პასქასა და კვერცხებს ურიგებდა უფასოდ. ჩვენს თონეში თითქმის მთელი თბილისიდან მოდიოდნენ პურის საყიდლად. ისეთ ადგილას იყო, გინდა – არ გინდა, მაინც შეხვიდოდი. საბურთალოელებს ერთი სასაფლაო გვქონდა – ლისის ფერდობზე. საბჭოთა ხელისუფლებამ გზა სასაფლაოზე გაიყვანა. ასფალტის ქვეშ ჩემი პატარა ძმისა და დედაჩემის მშობლების საფლავებიც კი მოყვა. მაგრამ, ვისიც დარჩა, იმას ვპატრონობ. ბაბუაჩემს, გიორგი უთმელიძეს, ნუცუბიძის ქუჩაზე ჰქონდა სახლი. ცოლი რომ გარდაეცვალა, გაჯიუტდა – ეზოში უნდა დავკრძალოო და ასეც ქნა. მე ვცდილობ, სანამ ცოცხალი ვარ, დავიცვა საბურთალოელების საფლავები და ყველა ის ტრადიცია, რაც ადრე იყო.

 კიდევ რით იყო აღსანიშნავი ძველად ეს უბანი?

 – გაშლილი ადგილი იყო, სახელიდან გამომდინარე, ალბათ, ბურთაობდნენ ხოლმე ამ ადგილას. ვინაიდან გაშლილი სივრცე იყო, ნადირობდნენ კიდეც. იმ ქუჩას, რომელსაც დღეს დოლიძეს ეძახიან, ძველად „ახალშენი“ ერქვა. ბახტრიონის ქუჩას „ტიტველა გორას“ ეძახდნენ, იყალთოს გორას – „მოკლე გორას“, რადგან ძალიან პატარაა. ჯიქიას ქუჩას „გეშიგორა“ ერქვა. დღეს თითქმის ყველა ქუჩას სხვა სახელი ჰქვია. როგორც გითხარით, ჩვენ ძალიან დიდი ბაღები გვქონდა. ერთხელ მათ მოსარწყავად ლისის ტბა გამოუყენებიათ და, როგორც ამბობდნენ, ისე დაუშრიათ, მუხლის ქვევით ჩაიყვანესო. ლისელებმა და თხინვალელებმა ოფიციალურად უჩივლეს მათ, რადგან ისინი ლისის ტბას საკუთარი ბიზნესისთვისაც იყენებდნენ: ზამთარში ყინულს ჭრიდნენ და ყიდდნენ. ამიტომ, მიღებული ზარალის სანაცვლოდ, მათ მთელი წლის შემოსავალი გადაახდევინეს. ამის მიუხედავად, ჩვენ ცუდი მეზობლობა არ გვქონია, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება შევინარჩუნეთ.

რითი ერთობოდნენ ძველი საბურთალოელები? როგორც ვიცი, ყველა საბურთალოს ბაზარში იყრიდა თავს.

 – სპორტის სასახლის ადგილას იყო ძალიან დიდი ბაზარი და ყველა იქ იყრიდა თავს. ჩვენ სხვა გასართობი არ გვქონდა. მახსოვს, სააკაძის მოედანთან იდგა ცხენოსანი მილიცია. ბავშვები სულ მათ ვეხვეწებოდით, რომ ცხენები ეთხოვებინათ ჩვენთვის. შემდეგ მივდიოდით იპოდრომზე, ჩვენც ვერთობოდით და ცხენებსაც სეირნობა გამოსდიოდათ. ერთი ცხენის წაყვანა თუ გვინდოდა, სამი, ოთხი თან უნდა გაგვეყოლებინა და გაგვესეირნებინა. ჩვენც, ბავშვებს, მეტი რა გვინდოდა და დავსეირნობდით.