ნატოს წევრი და ISAF-ში მონაწილე არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა (ვიდეო)

ნატოს წევრი და ISAF-ში მონაწილე არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა (ვიდეო)

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის წევრი და ISAF-ის მისიაში მონაწილე არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სხოდმას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ალიანსის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაში ავღანეთის ეროვნული ძალები ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას გადაიბარებენ. ამავე დროს, ISAF-ის ოპერაციის არსებული ფორმატი დასრულდება და საბრძოლო მისიას მხარდამჭერი მისია ჩაანაცვლებს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში ნატოს ახალი როლის შესახებ ისაუბრა: „2014 წლის შემდეგ ავღანეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სრულიად ახალ და განსხვავებულ მისიას გავაგრძელებთ, რაც ადგილობრივი ძალების წვრთნასა და მხარდაჭერას გულისხმობს. მისია მასშტაბით შედარებით პატარა იქნება, საბრძოლო კომპონენტის გარეშე“. ნატოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მომავალი ოპერაციის კონცეფციაზე შეთანხმება მოხდება.

როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ავღანეთის უსაფრთხოების ადგილობრივი ძალებისთვის გადაცემის პროცესი წარმატებით ხორციელდება. პროგრესი ნათელია. თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები - ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.