საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღეში შეიძლება „აიდიეს ბორჯომი ინტერნეიშენელის“ აქციონერი გახდეს. საუბარია მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჰოლდინგის“ საკუთრებაში არსებული წილის ნაწილის გადაცემაზე. სანამ შეთავაზებას ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფი განიხილავს, მანამდე რუსმა ოლიგარქებმა პიოტრ ავენმა და მიხაილ ფრიდმანმა, რომლებზეც ბრიუსელს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული, ევროპის საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. სადამდე გაგრძელდება დავა უცნობია, ჯერჯერობით გაურკვეველია ქართული კომპანიის წარმოების განახლების პერსპექტივაც.
საქართველოში „აიდიეს ბორჯომი ინტერნეიშენელის“ ერთ-ერთი მთავარი აქტივია ის ლიცენზიები, რომლითაც კომპანია „ბორჯომის“, „ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდებს ასხამს.
მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს თანახმად, კომპანია ფლობს 4 ძირითად ლიცენზიას, რომლებიც 2009 წლის შემდეგ არის აღებული. ამ ლიცენზიებიდან ყველაზე ძვირადღირებული იყო პირველი ლიცენზია, რომელიც 2009-ში იყო მოპოვებული და რომლის საწყისი ფასი 8.2 მილიონი დოლარი იყო. მთლიანობაში კომპანიამ ლიცენზიებში 53.2 მილიონი ლარი გადაიხადა.
ამ ლიცენზიებიდან საინვესტიციო ვალდებულება მხოლოდ ერთს - 2019 წელს გაცემულ ლიცენზიას აქვს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში ახალი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, კომპანიამ 5 წლის ვადაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი ლიცენზიის ჩათვლით, 2046 წლამდე შეეძლება „აიდიეს ბორჯომი ინტერნეიშენელს“ ბორჯომში მინერალური და მტკნარი წყლების ჩამოსხმა.
სანამ საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ მფლობელების წინადადებაზე მსჯელობს, იქამდე რუსმა ოლიგარქებმა პიოტრ ავენმა და მიხაილ ფრიდმანმა, რომლებზეც ბრიუსელს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული, ევროპის საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ოლიგარქები საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში ჩივიან, რომლის რეესტრშიც ავენის განცხადება 23 მაისს, ფრიდმანის კი 24 მაისს დარეგისტრირდა.
ორივე მათგანს პერსონალური სანქციები ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხოდ დაუწესა. მაშინ სანქციების შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დაიწერა, რომ ავენი „რუსეთის ხელისუფლებაში თავისი კავშირებით სარგებლობდა“, ხოლო ფრიდმანმა „ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან ძლიერი კავშირის დამყარება შეძლო“.
მილიარდერებმა მაშინვე პირობა დადეს, რომ ევროკავშირის სანქციებს გაასაჩივრებდნენ: „ფრიდმანი და ავენი ამ სანქციების დაწესების ცრუ და უმიზეზო საფუძველს, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მტკიცედ გაასაჩივრებენ, რათა მათი მრავალი თანამშრომლისთვის, მომხმარებლისთვის, პარტნიორისა და დაინტერესებული მხარისთვის მიყენებული საარსებო წყაროსა თუ კეთილდღეობის გაუმართლებელი ზიანი გამოასწორონ. ასევე, გამოასწორონ მიყენებული ზიანი მათი ბიზნესისთვის, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ბოლო 25 წლის განმავლობაში ქმნიდნენ“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის მმართველი ორგანოს, ევროპული საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი იმავე სასამართლოში აპრილის ბოლოს მილიარდერმა, ალიშერ უსმანოვმაც შეიტანა. ისიც ბრიუსელის მიერ 28 თებერვლიდან დაწესებულ პერსონალურ სანქციებს აპროტესტებს.
მაისში საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოს მსგავსი სარჩელით მიმართეს სახელმწიფო კორპორაცია „ვებ.რფ“-მა და მისმა ხელმძღვანელმა, იგორ შუვალოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიძემ და „მაგნიტის“ აქციონერმა, ალექსანდრე ვინოკუროვმა, „ტეემკას“ და „სინარა“ ჯგუფის აქციონერმა, დიმიტრი პუმპიანსკიმ, „რუსაგროს“ აქციონერმა, ვადიმ მოშკოვიჩმა, სახელმწიფო საწარმო „მერკურის“ აქციონერმა, იგორ კესაევმა, „ევროხიმის“ აქციონერმა, ანდრეი მელნიჩენკომ და „ურალხიმის“, „ურალკალისა“ და „ტოლიატიაზოტის“ თანამფლობელმა, დიმიტრი მაზეპინმა.