სიტუაციის გაბუქების მცდელობა ნაციონალების მხრიდან

სიტუაციის გაბუქების მცდელობა ნაციონალების მხრიდან

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას უმუშევრობის ზრდის ტემპის შემცირების მიზნით, ოთხპუნქტიან რეკომენდაციას აძლევს. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა განცხადება. მას „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმადაც 2013 წლის პირველ კვარტალში სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალი დაკარგა კერძო სექტორში დასაქმებულმა 42 000 მოქალაქემ. ამავე მონაცემების თანახმად, ქართული ბიზნეს სექტორის ბრუნვა შემცირდა 22 ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა - 26%-ით.

ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთავაზობს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. ნაციონალების გეგმა გულისხმობს გადასახადების შემცირებას, როგორც ეს იყო დაგეგმილი 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს შრომის ბაზრის თავისუფლება. ამასთან, უმცირესობის შეთავაზების მიხედვით, უნდა გამოცხადდეს 2-წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ ეკონომიკურ-გარემოზე. საპარლამენტო უმცირესობა ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება.

ნაციონალების აზრით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე, ანუ უნდა მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ქვეყანაში სამუშაო ადგილების 42 ათასით შემცირებასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მონაცემების სიზუსტეში ეჭვი ეპარება. მისი თქმით, ჯერჯერობით, არ არსებობს იმის დასაბუთება, რომ ესაა ზუსტი მაჩვენებელი. ამასთანავე, მინისტრის თქმით, ყველაფერი შედარებითი უნდა იყოს, კერძოდ, არ შეიძლება 2013 წლის პირველი კვარტალი 2012 წლის მეოთხე კვარტალს შეადარო, უნდა მოხდეს პირველი კვარტლების შედარება. ნოდარ ხადურის თქმით, პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 19%-ით გაიზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანების შემოსავლები მინიმუმ 19%-ით არის გაზრდილი. მისივე განმარტებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული არც თუ სახარბიელო მონაცემები იმ პრობლემების გამოძახილია, რომელიც საქართველოში იყო.

გარდა ამისა, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებას გადასახადები წინასწარ ჰქონდა ამოღებული, რაც ახლანდელ მმართველ გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მინისტრის თქმით, გადასახადი ზედმეტად 351 693 საწარმოს აქვს გადახდილი და ეს ახალი მთავრობისთვის მძიმე ტვირთია, რადგან ეს თანხები უკან არის დასაბრუნებელი.

„მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია და ფაქტობრივად ყველაფრის თქმის უფლება აქვს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის აღმავლობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე რჩევებს ხელისუფლებას უნდა აძლევდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ცდილობდა მაინც, რომ ეკონომიკა განევითარებინა. სინამდვილეში, ყველამ კაგრად ვიცით, რა მდგომარეობაში იყო ნაციონალების მმართველობის დროს ბიზნესი, როგორ ხდებოდა ბიზნესწილების გადაფორმება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე და ა.შ.“  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ „საქსტატის“ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს, რადგანაც ერთმანეთს ადარებს 2013 წლის პირველი კვარტლის და 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს და მართალია, რომ მათ შორის სხვაობა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის, მაგრამ თუ შევადარებთ 2013 და 2012 წლების პირველ კვარტლებს, აღმოვაჩენთ, რომ 2013 წელს ეკონომიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა. კერძოდ, 2012 წლის პირველ კვარტალში საერთო ბრუნვა 8149.6 მლნ ლარს შეადგენდა, 2013 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 8614.7 მლნ-ს შეადგენს. 2012 წლის პირველ კვარტალში გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 4089.2 მლნ ლარს შეადგენდა, 2013 წლის იგივე პერიოდში კი - 4332.5 მლნ-ს. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2012 წლის პირველ კვარტალში 470041 იყო, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 485745. დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 690.9 ლარი იყო, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში 717.7 ლარი.

For.ge-მ „საქსტატის“ გენერალურ დირექტორს, ზაზა ჭელიძეს მიმართა კითხვით, რამდენად სწორია ერთი წლის პირველი კვარტლის მონაცემების მეორე წლის ბოლო კვარტლის მონაცემებთან შედარება, რაზეც ჭელიძე პასუხობს, რომ როდესაც სხვადასხვა წლების სტატისტიკური მონაცემების შედარება ხდება, იმისათვის, რომ სეზონურობის ფაქტორი გამოირიცხოს, ერთი წლის ერთი პერიოდის გასული წლის იგივე პერიოდთან შედარება ხდება ხოლმე. ამიტომ ზაზა ჭელიძის თქმით, იმისთვის, რომ ნათელი სტატისტიკური სურათი მივიღოთ, 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს უნდა შევადაროთ.

„თუ გადახედავთ ჩვენს მონაცემებს, თითქმის, ყოველ წელს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მონაცემები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე წინა წლის მეოთხე კვარტალში, იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე კვარტალში ბიზნესაქტივობა ყოველთვის პიკს აღწევს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის მომსახურების სფერო, რომელსაც ქართულ ეკონომიკაში და შესაბამისად, მთლიან შიდა პროდუქტში ძალიან დიდი წილი უჭირავს“, - აცხადებს ზაზა ჭელიძე.

მისი თქმით, მომსახურების სფერო მეოთხე კვარტალში ძალიან აქტიურია, მაგალითად ვაჭრობა, რადგან წინასაახალწლო პერიოდში ვაჭრობის ბუმია. „საქსტატის“ ხელმძღვანელის თქმით, წლის ბოლოს ეკონომიკური აქტივობის მატებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მშენებლობას, რადგან წლის ბოლო თითქმის ყველა პროექტის დასრულების ან აქტიური ფაზის პერიოდია. ამასთანავე, ზაზა ჭელიძე აღნიშნავს სოფლის მეურნეობასაც, რადგან შემოდგომა ძალიან ბევრი კულტურის მოსავლის აღების პერიოდია და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

რაც შეეხება წლის პირველ კვარტალს, ჭელიძის თქმით, ამ დროს ეკონომიკური აქტივობა დაბალია, ისევე როგორც ვაჭრობა და მშენებლობა. „საქსტატის“ ხელმძღვანელის განმარტებით, სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე წლის პირველი კვარტლების შედარება და თუ წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებსაც გადავხედავთ, ყოველი მომდევნო წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები წინა წლის ბოლო კვარტლის მაჩვენებლებზე დაბალია. ასე იყო 2013 წლის პირველ კვარტალშიც 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, თუმცა 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები ყველა სეგმენტში აღემატება.

„სტატისტიკას თავისებური ინტერპრეტაცია უკეთდება. ეს იგივეა ყურძნის მოსავალი ასე რომ განვიხილოთ - შემოდგომაზე უფრო დიდი მოსავალი მოვიდა, თუ გაზაფხულზე. ბუნებრივია, შემოდგომაზე მოდის ყურძნის მოსავალი და ამ მონაცემების ასე შედარება შეუძლებელია“, - აღნიშნავს ზაზა ჭელიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მმართველი გუნდისათვის გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტებსაც ესაუბრა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ 2003 წელს, ანუ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლამდე საქართველო ეკონომიკური მახასიათებლებით კავკასიაში პირველი ქვეყანა იყო, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ოდენობით ერთ სულ მოსახლეზე აზერბაიზანსაც უსწრებდა და სომხეთსაც. ახლა კი საქართველოს ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე აზერბაიჯანში და 1.5-ჯერ ნაკლები, ვიდრე სომხეთში. ექსპერტის თქმით, ეს არის აბსოლუტურად ობიექტური მონაცემები იმაზე, თუ რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

სანდრო თვალჭრელიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული ბიზნესების გაკოტრება და სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა გამოწვეულია იმით, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მყოფი ბიზნესები იყო.

„ეს იყო წართმეული, დაყაჩაღებული ბიზნესები. ახლა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, რაც საკმაოდ რთული პროცესია და რასაკვირველია, ეს ფირმები გაჩერებულია. საქმიანობას შეწყვეტ, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ ციხეში ჩაგსვამენ. ეს ერთი მომენტია, მეორე არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 40 წლით იყო მოსული და ამიტომ მხოლოდ ისეთ ბიზნესებზე ფიქრობდა, რომელიც მხოლოდ მას აძლევდა ხელს“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

მისი თქმით, წინა ხელისუფლება ხალხზე საერთოდ არ ფიქრობდა, ხოლო ახლა გადასახადების დაწევას იმიტომ სთავაზობს მთავრობას, რომ ეს თავად აწყობს. ექსპერტი აცხადებს, რომ გადასახადების შემცირება სახელწმიფოსთვის დამღუპველი იქნება, განსაკუთრებით კი დაუშვებლად მიაჩნია ბიზნესის დეკრიმინალიზაცია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი, რომელმაც ადამიანებს ბიზნესი წაართვა, ციხეებში ჩასვა და ა.შ. ამ ხალხს, ამ ქმედებებისთვის პასუხისგება არ მოუწევს.

„ამასთანავე, ეჭვი არ მეპარება იმ ინფორმაციის ნამდვილობაში, რაც ბატონმა ხადურმა გააჟღერა, რადგან ნაციონალების მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ იმ წყაროებით იყო დაფინანსებული, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ“, - ამბობს ექსპერტი.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ უმცირესობა დიდი ხანია ცდილობს ეკონომიკური სიტუაციის დრამატიზებას.

„მართალია ქვეყანაში სახარბიელო და სამაგალითო ეკონომიკური სიტუაცია არ არის შექმნილი, მაგრამ ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ხშირ შემთხვევაში სიტუაციის უფრო „მუქად“ წარმოსაჩენად ადგილი აქვს გარკვეული ეკონომიკური სტატისტიკის არასწორ ინტერპრეტაციას. სწორედ არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს კერძო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობის 2013 წლის პირველი კვარტლის და 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების შედარება“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, დასაქმებას ახასიათებს სეზონური ხასიათი, პირველი კვარტალი ამ მხრივ ძალიან პასიურია, რის გამოც უფრო სწორი იქნებოდა ამ მონაცემების 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარება, როცა კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 388 ათასს შეადგენდა, შესაბამისად ზრდა გამოდის 5%.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მართალია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ლეგიტიმური უფლება ხელისუფლებას შესთავაზოს სხვადასხვა სტრატეგიები უმუშევრობის დაძლევასთან და ეკონომიკის სტიმულირებასთან დაკავშირებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში უმუშევრობის დონე 11,5%-დან (2003 წელი) 15%-მდე (2012 წელი) გაიზარდა.

„ამდენად, მათ მიერ შემოთავაზებული სტრატეგია, ჩემი აზრით, სიტუაციის დრამატიზების მცდელობა უფროა, ვიდრე პრობლემის გადაჭრის გულწრფელი შეთავაზება“, - ამბობს ჭიჭინაძე.