აშშ-ის საელჩომ დუმილი დაარღვია

აშშ-ის საელჩომ დუმილი დაარღვია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება. გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ ოფიციალური პასუხი მხარეებისგან ცნობილი არ არის, თუმცა ოპოზიციის ბარალდებას, რომლითაც პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდელობის ხელყოფაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში, საელჩომ სპეციალური განცხადებით უპასუხა.

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ მოხსნა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არდაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თუ რამეა ანტიდასავლური კამპანია, ეს არის როცა ოპოზიცია აშშ-ს საელჩოს სასამართლოზე ზეწოლაში სდებს ბრალს. მისი თქმით, 2012 წლამდეც, იმის მიუხედავად, რომ მაშინ უმძიმესი რეჟიმი იყო, მათ შორის სასამართლოში, აშშ სასამართლო სისტემას მხარს უჭერდა და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება იმ ვითარებაში, როცა სასამართლო მთლიანად რეფორმირებულია.

„რასაც ჩვენ ვამბობდით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა და ამით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას იმის თაობაზე, თითქოს აშშ-ს საელჩო დანაშაულს სჩადიოდა, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლას და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 24 მაისის პლენარულ სხდომაზე აშშ-ს საელჩოს მისამართით მსგავსი განცხადება გააკეთა: „სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, მისი კუთვნილი სახალხო დამცველის და მისივე კუთვნილი NGO-ები ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ამერიკელ დიპლომატებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს.

რადიკალებისგან განსხვავებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სრულიად იზიარებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომლის განცხადებით, სწორია რაც განცხადებაში წერია, რადგან აშშ-ის საელჩოს არ ახასიათებს ფავორიტიზმი, რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიების მიმართ, რადგან ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყანას.

„მეორე საკითხია ჩვენ როგორ ვუყურებთ ამ ყველაფერს. იცით, რომ მე განსაკუთრებული კრიტიკით გამოვდივარ ხოლმე იმ სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ და დღესაც აგრძელებენ საქმიანობას. მე მაქვს ეს დამოკიდებულება და ოპოზიციაშიც არის ეს დამოკიდებულება, ოღონდ ეს არანაირ კვეთაში არ არის ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრული და რომელიც მხარს უჭერს ამ ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის განვითარებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ხარჯავდა აშშ ქართველი მოსამართლეების გადამზადებაში ფინანსებს, როდესაც ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა.

„ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებსაც, მოსამართლეებსაც და სხვა პროფესიის ხალხსაც, რომლებიც განვითარებაში გვიშლიან ხელს, ჩვენ უნდა მივხედოთ. ამას ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს. ამერიკაში შეშვება-არშეშვების საკითხი არ ვიცი, მაგრამ ჩემში ცოტა გაოცებას ნამდვილად იწვევს, ამერიკელები ამ მოსამართლეებში ფულს რატომ დებდნენ და ამათ ტრენინგებს რატომ ახარჯავდნენ ფულს, როდესაც ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩია.

ბრალდების პარალელურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შავი სიის შედგენა დაიწყო. როგორც პარტიაში ამბობენ, მოსამართლეები, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვერ იქნებიან ადამიანის უფლებების კონტექსტში. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირდაპირ აშანტაჟებს აშშ-ის საელჩოს და მოუწოდებს, არ გაბედოს იმ მოსამართლეების „შეწუხება“, რომლებიც შემჩნეული არიან პოლიტიკურ დევნაში, რომლებიც ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოაქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

„უფრო მეტიც, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამბოხისაკენ მოუწოდებენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა აშშ-ში უნდა წავიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, რომ თუკი ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომტანი მოსამართლე არ წამოვა თქვენთან ერთად, თქვენ უარს იტყვით ამ პროგრამაში მონაწილეობაზეო.

გინდ, შავი უწოდეთ და გინდ შავბნელი საქმეების გამტარებელი ადამიანების სია, ეს სია უნდა შედგეს, უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს - ევროპის, ევროკავშირის, კანადის შშ-ის მთავრობებს და მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე, იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც აშშ-ის სენატთან დაწყებული აქვს კონსულტაციები, რომ კონკრეტული „კორუმპირებული მოსამართლეები“ დაასანქცირონ.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს კონსულტაციები ამერიკის შეერთებული შტატების სენატთან, რომ სენატი მოიქცეს ისე, როგორც მოიქცნენ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანაში დემოკრატიის ფუნქციონირებას, დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 

 

trampi მოკლედ ვსიო..
..ინგლისური უნდა ვისწავლო და სუ ინგლისურად უნდა დავახუროო ამ ჩათლახებს დედის პჭჭჭჭი......
ამათ ქუნემ კოლუმბის ძახილი ეტყობა არ ყოფნით....
1 წლის უკან