საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფასწარმოქმნაში მონოპოლიური კომპონენტი ძალიან მძლავრია. კონკურენციის სააგენტო თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს იმპორტიორებზე გავლენა მოახდინოს და ფასი შეამციროს, მაგრამ ფუნდამენტურად საკითხის მოგვარებისთვის სულ სხვა ბერკეტებია საჭირო.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილემ, ლევან კალანდაძემ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ აქტიური შეხვედრების შედეგად ბიზნესი აღიარებს, რომ არსებობდა შესაძლებლობები კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარების, რაც არ გამოიყენეს, უახლოეს პერიოდში კი მაქსიმალურად შეეცდებიან ფასის დაწევას.
„არაბრენდულმა ქსელებმა უკვე შეამცირეს საწვავის ფასი, პრობლემა მსხვილი ბენზინგასამართი სადგურებია. თუ ადეკვატურები იქნებიან კომპანიები, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მათ აქვთ ფასების 15-20 თეთრით დარეგულირების რესურსი“, - განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძემ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფების მთავარ ბერკეტად, კონკურენციის ზრდა, მცირე ბენზინგასამართი სადგურების გაძლიერება და ქვეყანაში იაფი ნავთობპროდუქტების მოზიდვა დაასახელა, მათ შორის რუსეთიდან. ამის საფუძველზე მთავრობას, ბიზნეს სექტორს და კონკურენციის სააგენტოს მუდმივ რეჟიმში ექნება კომუნიკაცია, პარალელურად კი საწვავის ბაზარზე დაკვირვება გაგრძელდება.
თუმცა საქმე მთლად ასე ზედაპირზეც არ დევს. სინამდვილეში საწვავის საბითუმო ბაზარზე არსებულ მონოპოლიას ღრმად აქვს ფესვები გადგმული და მისი აღმოფხვრა მარტივი არ იქნება. ყველაფერი კი აზერბაიჯანულ „სოკართან“ არის კავშირში. სწორედ ამაზე საუბრობს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია, რომელმაც კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოდგინილი შუალედური ანგარიში შეაფასა.
„მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებაზე კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა შუალედური ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს (ციფრებს) და შემოფარგლურია მცირე განმარტებებით. პირველივე აბზაცში სააგენტო აფიქსირებს, რომ „კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ“, მაგრამ არ აზუსტებს, რომ იმ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, ძირითადად არიან ის კომპანიები, რომლებიც „სოკარიდან“ მარაგდებიან საწვავით.
„სოკარი“ ამ კომპანიებს აწვდის საწვავს უკვე საზღვრამდე გაძვირებულს და საქართველოში შემოტანილს, რომელზეც უწესებს სარეალიზაციო საცალო ფასთა სხვაობას. აქედან გამომდინარე, თითქოს ამ კომპანიებს „საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ“, არასწორი დასკვნაა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ეს გაანგარიშება სააგენტომ საბირჟო მონაცემებიდან დაითვალა 2-3 თვის მოცემულობიდან გამომდინარე.
ფასთა სხვაობა „სოკარზე“ დამოკიდებული ორგანიზაციების მიმართ ითვლება კონკრეტული საწვავის შეძენის ანგარიშფაქტურებიდან და სარეალიზაციო ფასებიდან. იმ კომპანიებს, რომლებიც „სოკარიდან“ იძენს უკვე საქართველოში შემოტანილ საწვავს, არ შეიძლება მიუყენოთ საბირჟო ფასიდან გაანგარიშება. მათთვის „საბირჟო“ ფასი არის ის ფასი, რასაც „სოკარი“ ან „სოკარის“ „შვილობილი“ კომპანიები უწერენ ანგარიშფაქტურებში.
რომელ აქტიურ კონკურენციაზე არის აქ საუბარი? კონკურენცია ეს არის ბრძოლა ეკონომიურ სუბიექტებს შორის, როდესაც არსებობს ერთნაირი თანაბარი წესები ყველა მონაწილეებისთვის - შეჯიბრებითობა.
ჩადით აზერბაიჯანში, მოგყიდიან იქ ქარხნიდან საწვავს პირდაპირი კონტრაქტით? - რა თქმა უნდა, არა! მხოლოდ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ აქვს ექსკლუზივი და სააგენტო ამაზე გვეუბნება, რომ ეს არის თანაბარი პირობები?
საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს საქმე უკვე ჩამოყალიბებულ, არასრულყოფილ კონკურენციასთან, სადაც „სოკარს“ გააჩნია უნარი აკონტროლოს და უკარნახოს სხვა სუბიექტებს ბაზარზე არსებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასები, რასაც იგი წარმატებით აკეთებს.
პრემიერის დავალება საჭიროებს ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და არა მონოპოლისტ „სოკარის“ ინტერესებს.
ბაზრის თავისუფლება და სახელმწიფო რეგულირება - სწორედ ეს ორი პრინციპია, რომელიც უნდა აირჩიოს ხელისუფლებამ ნავთობპროდუქტების დარგის მიმართ. სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს კონტროლი ნავთობპროდუქტებზე!“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.