„რას გვთავაზობს ეს ოჯახაშენებული, დავრჩენილიყავით ირანის, ოსმალეთის გამგებლობაში, რომელმაც 1/3 ტერიტორია წაგვართვა და ამდენივე ქართველობა გაამაჰმადიანა? - ეს უნდა ლევან ბერძენიშვილს?“

„რას გვთავაზობს ეს ოჯახაშენებული, დავრჩენილიყავით ირანის, ოსმალეთის გამგებლობაში, რომელმაც 1/3 ტერიტორია წაგვართვა და ამდენივე ქართველობა გაამაჰმადიანა? - ეს უნდა ლევან ბერძენიშვილს?“

ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერეკლე მეორე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს. მართალია, პატარა კახი მეომარი იყო, 80 ომიც მოიგო, მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად ჩაებარებინა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა.

„მოღალატე“ გადაჭარბებული ნათქვამია იმ მეფის შესაფასებლად, რომელსაც ადგილი არ უჩანდა სხეულზე, ჭრილობები არ ჰქონოდა, რომელიც ბავშვობიდან ხმლით ხელში პირადად ეკვეთებოდა მტერს და თავგანწირვის მაგალითს აძლევდა ქართველებს, რომელიც ძალით გამოიყვანეს კრწანისის ბრძოლის ველიდან, რადგან 75 წლის მხცოვან მეფეს სიცოცხლე არ უნდოდა, როცა საკუთარი ჯარის გარდაუვალ მარცხს ხედავდა, რომელიც თელავში იმავე პატარა ოთახში მიიცვალა, სადაც დაიბადა და სიმდიდრის მოხვეჭაზე არც უოცნებია... მაგრამ კითხვა, გვიღირდა თუ არა რუსეთთან შეერთება, ერეკლე მეფის შთამომავალ ნიკოლოზ ბარათაშვილსაც აწუხებდა „ბედი ქართლისაში“, როცა ერეკლე მეფის მსაჯულის - სოლომონ ლიონიძის პირით ამბობდა: „ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება?“

გეორგიევსკის ტრაქტატამდე იყო რთული გზა, მაჰმადიანური სამყაროს გარემოცვაში დარჩენილი საქართველო დასავლეთს სთხოვდა მფარველობას, მაგრამ ამაოდ. რუსების ღალატის შემდეგ კი ერეკლე მეორე საიდუმლო დიპლომატიასაც აწარმოებდა, შესაძლოა, ფიქრობდა კიდეც საგარეო ორიენტაციის გადასინჯვას, გეორგიევსკის ტრაქტატის ანულირებას, მაგრამ ვერ მიიღო მყარი გარანტიები, რუსული აგენტურა კი ყველგან უთვალთვალებდა.

პერიოდულად რატომ ესხმიან თავს ერეკლე მეორეს და რა იყო მისი დანაშაული, რომ რუსეთის ვერაგობა თავიდანვე ვერ გათვალა?

ამის შესახებ for.ge- ს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ესაუბრა.

გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია იმთავითვე გაჩნდა. განსაკუთრებით, კრწანისის ომის შემდეგ დაფიქრდა ჩვენი მოსახლეობა, გვიღირდა კი რუსეთთან შეერთება, თუკი რუსები განსაცდელის ჟამს მიგვატოვებდნენ? იგივე შეკითხვა დასვა ნიკოლოზ ბარათაშვილმაც პოემაში „ბედი ქართლისა“. თავისუფლების დაკარგვა, თუ ფიზიკური გადარჩენა - რა იყო მეფე ერეკლეს არჩევანი?

- ერეკლე მეორის შესახებ ორი, სამი და ხუთი აზრიც შეიძლება არსებობდეს ისევე, როგორც ნებისმიერი ისტორიული პერსონაჟის მიმართ. თუმცა ის, რაც ბატონმა ლევანმა იკადრა, უპრეცედენტოა, ამაში პირველობა ნამდვილად ეკუთვნის, მით უმეტეს, პირველობა უყვარს მაგ კაცს. მეფე ერეკლესთვის მოღალატე ასე საჯაროდ არავის უკადრებია.

80 ომი მოიგო მეფე ერეკლემ, მეომარ კაცს, ალბათ, ყველაზე უკეთ ეცოდინებოდა, გამოსავალი ჰქონდა თუ არა საქართველოს. ამ გადმოსახედიდან უფრო იოლია მე-18 საუკუნის პერიპეტიების დანახვა?

- შეიძლება, ადამიანს 80 და მეტი ომიც მოეგო, მაგრამ, თუ ღალატი ჩაიდინა და ღალატით დაამთავრა, ე.ი. მოღალატე ყოფილა და ომები ვერ უშველის. თუკი გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით ერეკლე მეორეს გავამტყუნებთ, მაშინ უნდა გავამტყუნოთ მე-16 საუკუნეში მოღვაწე ალექსანდრე კახთა მეფე, რადგან პირველი ხელშეკრულება მან დადო რუსეთთან იმავე ფორმით, მფარველობასა და მოკავშირეობას ითხოვდა. ასევე, უნდა გავამტყუნოთ ალექსანდრეს მამა, ლევან კახთა მეფე, რომელმაც რუსების რაზმი ჩააყენა კახეთის რამდენიმე ციხეში და ისიც მფარველობას ითხოვდა, ასევე, დავით კახთა მეფე, ალექსანდრე კახთა მეფის შვილი, ისიც მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთან დახმარების სათხოვნელად, თეიმურაზ პირველი კახთა მეფე, რომელიც პეტერბურგშიც კი იყო მფარველობის და მოკავშირეობის სათხოვნელად, თეიმურაზ მეორე ქართლის მეფე, ანუ ერეკლეს მამა. უფრო მეტიც, სოლომონ პირველი და სოლომონ მეორე - იმერთა მეფეები, დავით მეორე იმერთა მეფე, ყველანი ეხვეწებოდნენ რუსეთს, მიშველეო. რატომ ეხვეწებოდნენ? რადგან მანამ, სანამ რუსეთს მიაკითხავდნენ, ათი ელჩობა მაინც გაგზავნეს სხვადასხვა ქართველმა მეფეებმა ევროპაში.

გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერამდე ერეკლე მეფემ ელჩები გაგზავნა ავსტრიაში, საფრანგეთში, რომის პაპთან, მაგრამ უშედეგოდ და ეს ხდებოდა 1780-81 წლებში, 1783 წელს კი ტრაქტატი გაფორმდა.

- ცხადია, ერეკლე მეორემაც გაგზავნა ელჩობა, მაგრამ ეს ვიზიტები უშედეგოდ დამთავრდა, ვერ ეხმარებოდნენ მაშინდელი ევროპელები საქართველოს. რომის პაპთანაც რამდენჯერ გაგზავნა ელჩები, ღმერთმა იცის. მე-18 საუკუნეში ისე იყო შემოსული ყიზილბაშური წესები ქართულ ყოფაში, განსაკუთრებით, არისტოკრატიაში, როდესაც ერთ-ერთი რუსი ოფიცერი მიიღო კარავში ერეკლე მეორემ, გვერდით კათალიკოსი ეჯდა, თავად ფეხმორთხმით იჯდა სუფრასთან და რუსმა ოფიცერმა ბოდიში მოუხადა, მე ასე ვერ დავჯდებიო, მოგეხსენებათ, რუსებს ამოწურთხული შარვალი ეცვათ. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ექნა მეფე ერეკლეს, რას გვთავაზობს ლევან ბერძენიშვილი, უნდა გადავსულიყავით მაჰმადიანობაზე? თამარის დროის 5-6 მილიონიდან საქართველოს მოსახლეობამ მნიშვნელოვნად დაიკლო, განადგურდა, გაცამტვერდა და მთელი საქართველოს მოსახლეობა უკვე 800 ათას ადამიანს შეადგენდა, ანუ ერთი მილიონიც კი არ იყო. უფრო ზუსტად, 750 ათასს ამბობენ, მაგრამ მე 800 ათას ვამბობ, ვაითუ, რაღაც გამორჩათ-მეთქი. რას გვთავაზობს ეს ოჯახაშენებული, დავრჩენილიყავით ირანის გამგებლობაში? ოსმალეთის გამგებლობაში, რომელმაც 1/3 ტერიტორია წაგვართვა და ამდენივე ქართველობა გაამაჰმადიანა? ეს უნდა ლევან ბერძენიშვილს? ის განათლებული კაცია, მაგრამ განათლება ყოველთვის ჭკუა-გონებას არ ნიშნავს. შეიძლება, ვიღაც გლეხი იყოს განათლებულ კაცზე გონიერი.

როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე იმიტომაც ახსენა ამ კონტექსტში, რომ ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისთვის, „ომი გინდათ რუსეთთან“?

- არა, ბატონო, ირაკლი ღარიბაშვილი განსხვავდება ერეკლე მეორისგან. ერთი 21-ე საუკუნეში ცხოვრობს და მეორე მე-18 საუკუნეში. როგორ შეიძლება ასეთი შედარება? ლევან ბერძენიშვილს ბრიყვს ვერ დავარქმევ, მაგრამ მისი გამონათქვამი და ასეთი პოზიცია ბრიყვულია. პოლიტიკოსს არ უნდა შეეშალოს, როდესაც პოლიტიკოსი იტყვის ერეკლე მეფეზე მოღალატეაო, ის მთელ საქართველოს იმხედრებს. ლევან ბერძენიშვილი ამით მთელ ოპოზიციას ღუპავს, ვიღაცამ უკვე თქვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ასე ფიქრობსო, ამით მთელ ოპოზიციას აკლდება ხმები. ბერძენიშვილი უფიქრებდა, რა მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას? ის პოლიტიკოსია, პასუხისმგებლობა მართებს თავის ნათქვამზე. ოპოზიცია ყველა ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს. თუ დემოკრატიაში გინდა იცხოვრო, ოპოზიცია უნდა გყავდეს. თუ სტალინურ პერიოდში გინდა იცხოვრო, მაშინ ოპოზიცია უნდა გაანადგურო, დახვრიტო, ჩამოახრჩო. ლევან ბერძენიშვილს რატომ არ ეკითხებიან, რატომ გააკეთა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება? ლევანმა ოთხივე სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, ერთი ხელმოცარული პოლიტიკოსია. მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას როგორმე გადაიტანს საქართველო, მაგრამ ის ოპოზიციასთან ასოცირდება და მისი ნათქვამი მთელ ოპოზიციაზე შეიძლება გავრცელდეს. ოპოზიცია იმაში ტყუის, რომ ის უნდა გამოხმაურებოდა ამ მტკივნეულ საკითხს და ხაზარაძესაც, გეგელიასაც, სხვებსაც უნდა გაეკეთებინათ განცხადება, რომ ემიჯნებიან ბერძენიშვილის პოზიციას.

ერეკლე მეფემ ერთპიროვნულად მიიღოო გადაწყვეტილება რუსეთთან შეერთების შესახებ. ამ ბრალდებაზე რას იტყვით?

- ლევან ბერძენიშვილმა ჩემზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მეფე ერთპიროვნული მმართველია. ეს ანტიკური დრო კი არ არის, როცა დემოკრატიები იყო ათენასა და სხვადასხვა ქალაქ- სახელმწიფოში. მას ეშლება ქალაქი-რესპუბლიკები და ფეოდალური სახელმწიფოები. რას ჰქვია ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მეფე ერეკლემ? დარბაზი ჰყავდა, მათაც დაეკითხა და გადაწყვიტა, მოწინააღმდეგენიც ცოტანი ჰყავდა, მომხრეები კი ბევრნი იყვნენ.

ასე რომ არ მომხდარიყო, ახლა გამაჰმადიანებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით?

- რატომაც არა, მოერიდებოდათ ჩვენი, თუ ანგარიშს გაგვიწევდნენ? 1/3 რომ გაამაჰმადიანეს, ის როგორ მოხდა? ეგებ, აგვიხსნას ბერძენიშვილმა?

თუმცა კითხვები მაინც არსებობს, რომ რუსებმა მაინცდამაინც დიდი სიკეთე არ მოგვიტანეს. პირველსავე ბრძოლაში გენერალმა ტოტლებენმა უღალატა ერეკლე მეფეს, გაიქცა, ჯარი არ მიაშველა, ერეკლეს მოღალატე თავადებს შეეკრა და დაიწყო ხალხის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ისიც სადავოა, კრწანისის ომი და თბილისის აოხრება მოხდებოდა თუ არა, რუსეთს რომ არ შევკროდით?

- მე რუსეთის მომხრე, პუტინის მომხრე, ალექსანდრე პირველის და პეტრე პირველის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაშინდელ ვითარებაში გამოსავალი არ იყო. თანაც, ჩვენთვის, მაჰმადიანურ აღმოსავლეთთან, ირანთან და ოსმალეთთან შედარებით რუსეთი დიახაც იყო თავისებური ევროპა, ყოველ შემთხვევაში, რუსი არისტოკრატია მაინც იყო ევროპული, თუ რუსი გლეხი არა. ეკატერინე მეორე განმანათლებლებთან, ვოლტერთან მიმოწერას აწარმოებდა. ჩვენთვის სხვა გამოსავალი არ იყო, მაშინ სარწმუნოება იდენტობას ნიშნავდა. სარწმუნოება და ქართველობა გაერთიანებული იყო. ლევან ბერძენიშვილს გადაეცით, თანახმა ვარ, ათი ლექცია ჩავუტარო უსასყიდლოდ, მე-16-18 საუკუნეების განმავლობაში რა დღეში იყო საქართველო და დამერწმუნეთ, ვეღარ გაიმეორებს, თითქოს მოღალატე იყო ერეკლე. საჯარო პაექრობაში ვიწვევ. მან ბევრი რამ არ იცის საქართველოს ისტორიიდან.

თქვენ ახსენეთ კრწანისის ომი, ავიცილებდით თუ არა თავიდანო, ასეთ დეტალებს, როგორც ცალკეული ომებია, ახლა ვერ განვსაზღვრავთ. რუსები რომ მოგვხმარებოდნენ, კრწანისის ომს, რა თქმა უნდა, ავიცილებდით, მაგრამ რუსეთი მაშინაც ვერაგი იყო. ეს საიდან უნდა სცოდნოდათ ქართველ მეფეებს? ქართველ მეფეებს უნდოდათ, სარწმუნოება, იდენტობა, ბოლოს და ბოლოს, დემოგრაფია შეენარჩუნებინათ. არ ვამბობ, რომ ფიზიკური გადაშენება გველოდა, მაგრამ საფრთხის ქვეშ რომ ვიყავით, რად უნდა ამას ლაპარაკი? ბოლოს და ბოლოს, გადარჩენა მარტო ფიზიკური არსებობა ხომ არ არის? გადარჩენა არის ადამიანური ცხოვრება. გარშემო მაჰმადიანური სამყარო იყო, არავითარი კავშირი არ იყო ევროპასთან, იმდროინდელი თანამედროვეები მაინც წაიკითხონ. რუსი ავტორები წერდნენ, ერეკლე მეორეს ისე არაფერი არ უნდოდა, როგორც საქართველოს გაევროპელება, ევროპული ყაიდის არაერთი რეფორმა ჩაატარა ერეკლე მეფემ. ეს იცის ბერძენიშვილმა? კი ბატონო, განათლებული კაცია, იცის ანტიკური მწერლობა და ხელოვნება, შეიძლება შუა საუკუნეების და თანამედროვე ევროპაც კარგად იცოდეს, მაგრამ დამახინჯებული სული აქვს, ქართული გული არ აქვს.

შეიძლება ეს იყოს ეპატაჟი ლევან ბერძენიშვილის მხრიდან?

- ეპატაჟია თუ რა არის, მით უფრო უარესი მისთვის. ბავშვიც არ იკადრებს ამის თქმას, ეს ქართული საზოგადოების ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, ისედაც დარღვეული გვაქვს ზნეობა, ეროვნული ცნობიერება და კიდევ ჩვენ გვირტყამს, იმის ნაცვლად, სხვას დაარტყას. ასეთი ნაბიჯები მას სხვაც აქვს, დაუფიქრდეს, რით უნდა დარჩეს ისტორიაში? რა გააკეთა დადებითი საქართველოს ამ უახლეს ისტორიაში? გამსახურდიას გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო, შევარდნაძის, სააკაშვილის გადატრიალებაშიც მონაწილეობა მიიღო, ახლა ამ ხელისუფლების გადატრიალებაშიც უნდა მონაწილეობის მიღება, რა მოსწონს, რომელი ხელისუფლება? კი ბატონო, გააკრიტიკოს ერეკლე მეორე, გამოთქვას მეორე აზრი, მეხუთე აზრი, ეს მისი უფლებაა. ერეკლე მეორეს შეცდომები როგორ არ ჰქონდა? დავით აღმაშენებელს არ ჰქონდა შეცდომები, უნაკლო იყო? ილია ჭავჭავაძესაც ჰქონდა შეცდომები, ესენი ადამიანები იყვნენ და რომაელები ამბობდნენ, შეცდომა ადამიანის თვისებააო. თუმცა ვინ მისცა უფლება ნებისმიერ ქართველს, ერეკლე მეორეს მოღალატე უწოდოს? ეს სულელური განცხადებაა. თუ მაინცდამაინც მოღალატე უნდა უწოდოს და სხვანაირად ვერ განსჯის, სხვა სიტყვა ლექსიკაში არ მოეძევება, მოღალატეობა ლევან ბერძენიშვილს უფრო დაბრალდება, ვიდრე ერეკლე მეორეს. სხვებისგან განსხვავებით, არავითარ შემთხვევაში, ლევან ბერძენიშვილს მოღალატეს მე არ დავუძახებ, არც სხვა არასაკადრისი ეპითეტით არ მოვნათლავ. პირიქით, პატივს ვცემ, როგორც განათლებულ კაცს, საინტერესოდ მოაზროვნეს, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი ყოვლად გაუმართლებელი, ბავშვური, გულუბრყვილო, მავნე და უპასუხისმგებლოა.

Gami ბრავო! მაგრამ ეს მახინჯი ბერძენიშვილი და მისი ჯამაათი მაინც ვერაფერს შეიგნებს.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "ცხადია, ერეკლე მეორემაც გაგზავნა ელჩობა, მაგრამ ეს ვიზიტები უშედეგოდ დამთავრდა, ვერ ეხმარებოდნენ მაშინდელი ევროპელები საქართველოს." მაგარია! უკვე 240 წელია დახმარებას ვთხოვთ და ეს გამოთაყვანებული დასავლეთი პირობას გვიყენებს, ჯერ ლგბტს გამოუცხადეთ ლოიალობა და მერე ვნახოთო!!! ამათზე უკეთესი მოკეთე ჩემს მტერსაცაც არ ეღირსოს!
1 წლის უკან