ელჩების არდანიშვნით პრეზიდენტი მმართველ გუნდს ხელს უშლის

ელჩების არდანიშვნით პრეზიდენტი მმართველ გუნდს ხელს უშლის

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მისთვის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურები პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს. ფანჯიკიძის თქმით, პრეზიდენტისთვის ამ ეტაპზე ოთხ ქვეყანაში ელჩობის კანდიდატურებია გადაგზავნილი. ამასთანავე, მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მეხუთე, ანუ გაეროში საქართველოს ელჩის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს, როგორც იქნა, გადაუგზავნა.

„რადგან ახლა მე ვიმყოფები ნიუ იორკში და გაეროში მაქვს შეხვედრები, აღვნიშნავ, რომ გაერო-ში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ელჩი გვყოლოდა თებერვლიდან, როდესაც ძველი ელჩი იქნა გაწვეული. ახლა არის უკვე ივნისი და როდის გვეყოლება ელჩი, ჯერ კიდევ უცნობია. საინტერესოა მოესწრება თუ არა მისი ჩამოსვლა გენერალური ასამბლეისთვის, რომელიც სექტემბერში იმართება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ოთხი ქვეყანა არის დარჩენილი უელჩოდ. ზოგიერთ მათგანში ძალიან დიდი ხანია ელჩი არ გვყავს და ეს სერიოზულად უშლის ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას, რადგანაც, რაც უნდა კარგად იყოს დაკომპლექტებული საელჩო, მისიის ხელმძღვანელის ყოფნა მაინც არის აუცილებელი, რადგანაც მხოლოდ ამ დონეზე არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის ვიზიტების და მაღალი დონის შეხვედრების გამართვა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

აქედან გამომდინარე, იგი პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურების პარლამენტისთვის გადაგზავნისკენ მოუწოდებს, რათა სექტემბერში მაინც იქნეს უზრუნველყოფილი დიპლომატიური კორპუსის სრულად დაკომპლექტება. მინისტრის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში ელჩებს უწევთ როტაცია ივნისში, ივლისში და აგვისტოში.

„ოქტომბრამდე კიდევ რამდენიმე ელჩს უწევს როტაცია. ესეც იქნება შემდეგი ეტაპი დანიშვნის და იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად მოხდება ისე, რომ პრეზიდენტი ჩვენს თხოვნას შეასრულებს, რადგანაც ეს ქვეყანას სჭირდება პირველ რიგში და არა რომელიმე პოლიტიკოსს საქართველოში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელჩების კანდიდატურები, რომლებზეც ფანჯიკიძე საუბრობდა, არიან თედო ჯაფარიძე (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო), ლადო ჭანტურია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), დავით აფციაური (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), ზურაბ ბერიძე (ბულგარეთის რესპუბლიკა), ლევან დოლიძე (საქართველოს წარმომადგენლობა ნატო-სთან, ახალი წარდგენილია).

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ელჩების დანიშვნის გაჭიანურება არის ხელის შეშლა მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რადგან მისიის ხელმძღვანელის ყოფნა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აუცილებელია, რომ მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები იყოს უზრუნველყოფილი. ამასთანავე, დაბრკოლება ექმნება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ვინაიდან ვილნიუსის სამიტის წინ, საქართველოს არ ჰყავს ელჩები საკვანძო ქვეყნებში - გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ახსნა არ აქვს, თუ რატომ აჭიანურებს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის პროცესს.

„არ ვიცი პრეზიდენტი ვინმეზე გაბრაზებულია, თუ რატომ იქცევა ასე. გაუგონარია, ჯერ შენ თვითონ წარუდგინო პარლამენტს კანდიდატურები, ხოლო შემდეგ შენივე გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმებას ასე აჭიანურებდე. როგორც ჩანს, ვიღაცეები ჩაერთვნენ პროცესში და ურჩევენ პრეზიდენტს, რომ ეს არ გააკეთოს. გამომდინარე იქიდან, რომ დრო მიდის და ამ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება სასწრაფოა, იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ჩვენს მორიგ მოწოდებას და მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პრაქტიკაში (მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებაშიც) ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში რაღაც დამხმარე გეგმას, რომლითაც სახელმწიფოს ინტერესები არ დაზარალდება. დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტის ამგვარი ქცევით სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება და მიხეილ სააკაშვილი მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში უშლის ხელს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრი, გიორგი ვოლსკი განმარტავს, რომ საქართველოსთვის, ხშირ შემთხვევაში, წამგებიანია, როდესაც ელჩები ადგილზე არ არიან, მით უმეტეს, საკვანძო ქვეყნებში.

„პრეზიდენტმა სულ ახლახანს, როგორც იქნა, მოაწერა ხელი გაეროში დიდი ხნის წინ დამტკიცებული ელჩის დანიშვნას, მაშინ, როდესაც უკვე დიდი ხანია ჩვენი ელჩი იქ უნდა იყოს და ინტენსიურად უნდა მუშაობდეს არაღიარების პოლიტიკის შესაბამისად იმ რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს გენერალურ ასაბმლეაზე განსახილველად ყოველ სესიაზე გადის. ეს ცნობილი რეზოლუციაა, რომელიც დევნილების ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი დოკუმენტია“, - ამბობს გია ვოლსკი.

ელჩების დანიშვნის გაჭიანურების მიზეზად იგი მიიჩნევს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყენებენ პოლიტიკური ბრძოლებისათვის შიდა პოლიტიკურ ფრონტზე. ამიტომ, პრეზიდენტს აწყობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რაც შეიძლება ნაკლები იყოს მთავრობის წარმომადგენელი და მეტი იყოს იმ ლობისტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ნაციონალები უკვე დიდი ხანია აფინანსებენ. ეს ყველაფერი დეპუტატის თქმით, ხშირ შემთხვევაში აისახება იმ უცხოელების რიტორიკაზე, რომლებიც საქართველოს საკითხს იხილავენ.

„უკვე რამდენჯერმე მომიწია ასეთ საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ ჩემდა გასაკვირად არის კონკრეტული ქვეყნების დელეგაციები, რომლებმაც არათუ არ იციან, რა ხდება საქართველოში, არამედ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დამახინჯებული ინფორმაცი აქვთ. ასე რომ, მიმაჩნია, ამ პროცესის გაჭიანურება გარკვეულ ტაქტიკას ექვემდებარება“, - აღნიშნავს დეპუტატი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ პრეზიდენტმა უკვე დიდი რაოდენობის ელჩები დაამტკიცა და ამიტომ მის მიმართ რამდენიმე ელჩის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამგვარი კრიტიკა სრულიად გაუმართლებელია.

„მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტში ელჩების კანდიდატურები ორ წყებად შემოვიდა და ჩვენ, მათ შორის უმცირესობამაც ამ კანდიდატებს მხარი დავუჭირეთ. ასე რომ, ეს კრიტიკა მაია ფანჯიკიძის მხრიდან გადაჭარბებულია და საგარეო პოლიტიკაში პირადად მისი წარუმატებლობის გადაფარვას ემსახურება“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ისურვებდა, ელჩების დანიშვნის საკითხში არანაირი შეფერხება არ იყოს და პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს, მით უმეტეს, როდესაც არსებობს დიდი შეთანხმება, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნას ხელს არ შეუშლის.

„თუკი ყველა ელჩი დაინიშნა, იმ ოთხის შემთხვევაში რა მოხდა? ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განმარტება მე არ მომისმენია, შეიძლება მას რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს. ამიტომ, პირველ რიგში, ალბათ, ამის წამალია, დასხდნენ და დაილაპარაკონ და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ეს არის ასეთი საკითხების საჯარო განხილვა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს პრეტენზიები აქვს პრეზიდენტთან იმის გამო, რომ იგი თავის მოვალეობებს არ ასრულებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად უუფლებოდ არის დარჩენილი და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მოვალეობები და ფუნქციები შეასრულოს, რაღაც გაუმართლებელ და სრულიად გაურკვეველ ვოიაჟებს ახორციელებს.

ამასთან დაკავშირებით, გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი, ისევე როგორც საზღვარგარეთ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი. დეპუტატის თქმით, ეს ფუნქციები პრეზიდენტს ახალი საკონსტიტუციო მოდელითაც უნარჩუნდება.

„არსებულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა იზრდება, ათასობით ადამიანი კარგავს სამსახურს, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დისკრედიტაცია ხდება, როცა საქართველო ნაწილ-ნაწილ თავად ამბობს უარს საკუთარ სუვერენიტეტზე, ასეთ ვითარებაში მთავრობას სჭირდება გამამართლებელი მიზეზები, რომ საკუთარი არაკომპეტენტურობა ვიღაცას დააბრალოს“, - აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

იგი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს მომავალში კიდევ არაერთხელ დასჭირდება საკუთარი წარუმატებლობის ვიღაცისთვის დაბრალება.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქცია არის არა შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, არამედ უმეტესად, საგარეო პოლიტიკური საკითხები.

„მე არ ვადევნებ თვალს პრეზიდენტის ვოიაჟებს და კონკრეტულად არ ვიცი, სად დადის ის, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, მგონია, რომ პრეზიდენტის ვოიაჟები ამ მხრივ ზედმეტი ნამდვილად არ არის. ზოგადად, როდესაც ასეთი გამოწვევა გვაქვს, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი და პრემიერი უნდა დასხდნენ და ერთად მოახერხონ საგარეო საფრთხეებზე მუშაობა“, - ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, ეს იქნება არა მათი სისუსტე, არამედ ღირსება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ მოახერხონ და შეეშვან ერთმანეთთან ასეთ დამოკიდებულებას, მით უმეტეს, საჯაროდ.